შალვა ნათელაშვილი: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო... უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს, პირდაპირ კრემლის რეცეპტით, საქართველოს ბედისწერა ივანიშვილი აგენტებად აცხადებს
23-02-2023, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეს წინაპართა სიბრძნე დღესაც აქტუალურია, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ე.წ ენჯეოების მიმართ, რომლებსაც პირდაპირ კრემლის რეცეპტით, საქართველოს ბედისწერა ივანიშვილი აგენტებად აცხადებს. რაც, როგორც ჩანს, აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის მოსკოვის ორბიტაზე საბოლოოდ დასაბრუნებლად, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

 

 

იგი, „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, არასამთავრობო სექტორის ნეგატიურ როლზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში მოქმედი ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებული არასამთავრობოები თვალს ხუჭავდნენ არჩევნების გაყალბებაზე და „პირველი მასობრივი არჩევნების გაყალბება მაშინდელმა, უცხოეთიდან გრანტებით კარგად მაძღარმა ჟვანიას ჯგუფმა განახორციელა“ 1995 წელს, რის შემდეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დღემდე ჩატარებული ყველა სხვა არჩევნების გაყალბების ავანგარდში არიან.

 

 

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ეს არის ამ ორგანიზაციების და მათზე დასავლეთიდან ასეულობით მილიონის მიმცემი დონორების პირდაპირი ბრალიც, რომლებმაც საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში დემოკრატიაზე გამოყოფილი ეს სიმდიდრე აქციეს პირადი შემოსავლების, მათზე გრანტის მჭამელი ლამის ოჯახების აღმოცენების, ყველა ხელისუფლებასთან ალიანსის, რეალური ოპოზიციის განადგურების, არჩევნების გაყალბებაში უდიდესი ხელშეწყობის და ამ ხალხისთვის ხშირად საძულველი ენჯეოშნიკების პოლიტიკაში მოღვაწეობის შედეგი. ყველაფერი ეს, ფსიქოლოგიური ფონი, კარგად გამოიყენა რუსმა ოლიგარქმა და მისმა კრემლიდან ასევე კარგად დაფინანსებულმა ჯგუფებმა.

 


მოკლედ მიმოვიხილოთ ამ სექტორის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტ-საარჩევნო პერიპეტიები. ამჯერად არ ვეხები მათი საქმიანობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახალი, მაგრამ ე.წ. უპატრონო ტალანტების ძებნა განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, თავისუფალი ბიზნესის განვითარება, ეკონომიკაზე მონიტორინგი, ქვეყანაში ხალხის საცხოვრებლად ელემენტარულ სოციალურ პირობებზე ზრუნვა და სხვა მრავალი, რაზეც ასევე ასეულობით მილიონი დოლარია შეჭმული, მათ შორის ე.წ სასამართლო რეფორმაზე, რასაც სწორედ ეს სექტორი ამზადებდა 30 წელი და დღეს მივიღეთ ბოლშევიკური სამეულები. აღარაფერს ვამბობ საყოველთაოდ ცნობილ ენდიაიზე და აირაიზე, რათა არ ჩამითვალონ ეს ამერიკის წინააღმდეგ გალაშქრებად.

 


მაშინ დავიწყოთ -1995 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინდელმა, უცხოეთიდან გრანტებით კარგად მაძღარმა ჟვანიას ჯგუფმა განახორციელა პირველი მასობრივი არჩევნების გაყალბება, რის შედეგადაც პარლამენტში არ შეუშვეს 5 პროცენტ ბარიერის გადამლახავი მინიმუმ 4 პარტია, „სოციალისტები“, „კომუნისტები“, „ტრადიციონალისტები“ და „ზვიადისტები“ მაშინ „21-ე საუკუნედ“ დარეგისტრირებული. შედეგად მივიღეთ შევარდნაძე-აბაშიძის პარტიებისაგან შემდგარი პარლამენტი და ხელოვნურ ოპოზიციად „ე-დე-პე“. რომელიც შემდეგ, რა თქმა უნდა, დაშლეს. ყველაფერი ეს დაადასტურა და აღიარა ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებულმა სამოქალაქო სექტორმა.

 


რამდენიმე თვეში, 1996 წლის მარტში, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები რომელიც ფაქტობრივად, მოიგო ჯუმბერ პატიაშვილმა, მაგრამ ამ სექტორის ზედამხედველობით არსებულმა ცესკო-მ გამარჯვებულად გამოაცხადა ედუარდ შევარდნაძე.

 

 

1999 წლის ნოემბერში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გადალახა 7-პროცენტიანი ბარიერი და შევარდნაძის რეჟიმის დავალებით უბრალოდ არ შეგვიშვეს პარლამენტში, ხოლო ჩვენ მაგივრად იქ გზა გაუხსნეს მაფიოზა თოფაძის და ტყემალაძის პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. ეს ხდებოდა არასამთავრობოთა სრული მონაწილეობით.

 


2002 წელი - პირველ ადგილზე გადის „ლეიბორისტული პარტია“ თბილისის საკრებულოს არჩევნებში და როდესაც ვერაფერს ახერხებენ, მოსამართლე თოდრიას გამოაქვს გადაწყვეტილება ხმების ხელახალ გადათვლაზე, რაც გრძელდებოდა 6 თვე, ანუ არც იქ გვიშვებდნენ. სხვათა შორის, ამ თოდრიას კარგად დაუფასეს და დღემდე უცხოური გრანტების ჭამითაა დაკავებული ისიც.

 


დადგა ავბედითი 2003 წელი, პუტინმა დაგეგმა შევარდნაძის ჩამოგდება. ბუშის დაყოლიება არ გაჭირვებია, მაშინ ერთად ეძინათ ლამის, „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსება დაევალა ბიძინა ივანიშვილს და მთელი არასამთავრობო სექტორი აღმოჩნდა ე.წ რევოლუციურ კომიტეტში ან ამ გადატრიალების მომწყობი პარტიების სიებში თუ სამთავრობო სტრუქტურებში. (მარტო ვარდების რევკომის წევრი და შემდგომ „ნაცების“ მინისტრი, დღეს ივანიშვილის ვაზელინი გოგა ხაინდრავა რად ღირს) შედეგად პარლამენტიდან დაითხოვეს „ლეიბორისტული პარტიის“ მთელი ფრაქცია, თან, ვისი სარჩელით? თინა ხიდაშელის და ზურაბ ჭიაბერაშვილის, რომლებიც მაშინ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იყვნენ.

 


დამატებით არჩევნებში 2004 წლის მარტში ასევე მასობრივი გაყალბებით და არასამთავრობოთა დასტურით კვლავ არ შეგვიშვეს პარლამენტში და ჩვენს მაგივრად იქ ვიხილეთ სატელიტი „ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია“, რომელმაც როგორ დაამთავრა იცით.

 


არასამთავრობო სექტორი ასევე დუმდა, როდესაც მე 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადეს სამშობლოს ღალატისთვის 2007 წლის მიტინგებში მონაწილეობისას, ასევე დუმდნენ, როდესაც მაშინდელმა რეჟიმმა გაგვიყალბა 2008 წლის არჩევნები, ხოლო როცა ყველაფერ ამაზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მოგვთხოვა სერტიფიცირებული ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უარი გვითხრა დამცველი გამოყოფაზე, რის გამოც გერმანიაში ვიპოვეთ შემდგომ ასეთი პერსონა.

 


დადგა 2012 წელი, რუსეთი და ამერიკა კვლავ შეთანხმდნენ საქართველოში ხელისუფლების ივანიშვილით ჩანაცვლებაზე და მთელი ევრო-ამერიკული არასამთავრობო სექტორი უცბად გარდაიქმნა ოცნების პროპაგანდისტად, ნაწილი კვლავ სადეპუტატო სიებში მოხვდა და ამით გაგვიმზადეს, აი, ეს განსაცდელი, რომელშიც ვართ. ყველა შემდგომი არჩევნები რაც ჩატარდა, რუსი ოლიგარქის რეპრესიული რეჟიმის მიერ აღიარებული, მომზადებული და დაკანონებულია სწორედ ამ არასამთავრობოების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, დაწყებული რეიტინგული გამოკვლევებით, გაგრძელებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით და დაგვირგვინებული არჩევნების დღეს ე.წ ეგზიტ-პოლებით.

 


მარტო ყველა არჩვნების გამყალბებელი დედა-დედოფალი, ცეესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია რად ღირს,რომელიც ამ სექტორს წარმოადგენს და ნაცვლად იმისა, რომ ახლა ციხეში იჯდეს, თავის გრანტის მიმცემმა პატრონებმა შუა აზიაში გადამალეს დემოკრატიის მასწავლებლად, ახალი მილიონიანი დაფინანსებით. ისინი არსებობენ ამერიკელი და ევროპელი ხალხისგან გაღებული გადასახადებით და აკეთებენ მოსკოვის საქმეს. ესაა სამწუხარო რეალობა.

 


ახლა აღარ მინდა ჩამოვთვალო, ვინმე არ გამომრჩეს, ვინც გაგვიზარდა ამ სექტორმა, ყველა იცნობთ ძმებ ბერძენიშვილებს, უსუფაშვილ-ხიდაშელებს, პაპუაშვილს, კობახიძეს, თალაკვაძეს, სუბარს და ა.შ.

 


ჰიტლერის შემდეგ ევროპაში პირველად მოხდა, რომ რეჟიმმა აკრძალა პოლიტიკური ძალა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახით და არც ერთ არასამთავრობოს დღემდე არ გაუპროტესტებია ეს ფაშიზმი.

 


უფრო მეტიც, იქამდეა მისული საქმე, რომ არასამთავროებმა ჩაანაცვლეს პოლიტიკური პარტიები, რითაც მრავალპარტიული სისტემა ქვეყანაში ფაქტიურად პარალიზებულია.

 

 

მოკლედ, რა თქმა უნდა, ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ამოგდებას იმ საგარეო ვექტორიდან, რაც არჩეული იყო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც იქნება ადამიანთა უფლებების რეალური დამცველი, არ იქნება ხელისუფლების სატელიტი, გაიწმინდება ძველი გრანტიჭამიებისგან, მოვა იქ ახალი თაობა, რომლებიც არ ჩაერევიან პოლიტიკაში და არ გადაიქცევიან შეკვეთათა შემსრულებლებად საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მითითებები.

 


P.S--და მთავარი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს - „მხედრიონი“ თავიდან იყო არასამთავრობო, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ დასაწისში იყო არასამთავრობო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ იყო არასამთავრობო, „ქართული ოცნება“ ივანიშვილისა „მოქალაქედ“ წოდებული თავიდან იყო და იყო არასამთავრობო, სხვა წვრილფეხა, შემდგომ პარტიებად გადაკეთებულ, გრანტით სიმდიდრე-ნაშოვნ, ყოფილ ენჯეო-პარაზიტებს აღარ ჩამოვთვლი (მარტო აგენტი ელისაშვილი რად ღირს, რომელიც მტკიცე არასამთავრობო იყო). მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“ იყო დასაწყისშივე პარტია, არის პარტია და დარჩება პარტიად“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი