ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის საკითხის განხილვის შემდეგ.
„განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო ინფორმაცია, იყო კონკრეტული მოლოდინები გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დილას იქნა გახმოვანებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება.
„ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი აქ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, ძალადობრივი მუხტის შესაქმნელად, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. მოვუწოდებთ პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებითაც, სადაც გედევან ფოფხაძე და აკია ბარბაქაძე პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობენ და მათთან ერთად გიგა მაქარაშვილიც დგას.
კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ძალიან მარტივად გაწიროს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე.
„რაც შეეხება ჩანაწერს, აქ კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რეალურად რა იყო გეგმა, რა იყო მიზანი, რა იგეგმებოდა იგივე ბაკურიანის შეხვედრაზე, ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო გუშინ და გუშინწინ, რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს ვერ განახორციელებენ, ეს ასე იქნება. მაგრამ მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. მათი ბუნება ეს არის, მათ შეუძლიათ, ძალიან მარტივად გაწირონ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, არაფერს არ მოერიდებიან ისინი, ეს არის მათი ბუნება, ასეთები იყვნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და დღესაც ეს არის მათი ბუნება. მათ ელემენტარულად შეუძლიათ, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც საფრთხეს შეუქმნის ცალკეულ ადამიანებს. მათ გაწირეს მაგალითად ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რომლებიც არის მთელი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის მათი ბუნება. ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.