GUARDIAN.GE - ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 69 წლის სი ძინპინი მესამე ვადით აირჩია, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, „კომუნისტურმა პარტიამ“ იგი ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, ამჯერად კი, ეროვნულმა სახალხო კონგრესმა უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე 5-წლიანი ვადით. იგი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა.
სი ძინპინის პრეზიდენტად არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე, პეკინმა სამხედრო ხარჯების ზრდის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები და მზადყოფნა ყველა მიმართულებით“.
ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. პეკინის სამხედრო ბიუჯეტი - დაახლოებით 225 მილიარდი აშშ დოლარი - ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის სამხედრო ხარჯები.
მიმავალმა პრემიერმა ლი კეციანმა ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ „ჩინეთის ჩახშობისა და შეკავების გარე მცდელობები ძლიერდება“. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები და მზადყოფნა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მან.
შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა, რომ ჩინეთი წელს ფოკუსირებული იქნება შემცირებულ, დაახლოებით 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.
ეროვნული სახალხო კონგრესი ასევე წარადგენს ახალ პრემიერს, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ეკვივალენტს, რომელიც ტრადიციულად, ეკონომიკას და მმართველობის ადმინისტრაციულ ასპექტებს აკონტროლებს.
სამხედრო ხარჯების ზრდა იმ ფონზე გამოცხადდა, როცა ჩინეთის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაუარესებისაკენ მიდის, რაც უკრაინის ომთან დაკავშირებით პეკინის პოზიციას, ასევე, ბოლოდროინდელ ჯაშუში ბუშტის საგას და სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების კიდევ უფრო დათბობას უკავშირდება.
ჩინეთმა თებერვლის ბოლოს გამოაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის მოწოდებით. სი ძინპინმა თქვა, რომ ქვეყნებმა „უნდა შეწყვიტონ მსოფლიო ეკონომიკის პოლიტიზება“ და „აკეთონ ის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას, ომის შეწყვეტას და მშვიდობიან გადაწყვეტას“.
12-პუნქტიანი დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი“ პატივისცემას. მასში კონკრეტულად არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. ამასთან, ჩინური სამშვიდობო გეგმა გმობს „ცალმხრივი სანქციების“ გამოყენებას, რაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისადმი კრიტიკას გულისხმობს. ჩინეთის სამშვიდობო გეგმას დასავლეთში საყოველთაო უნდობლობით შეხვდნენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე არაერთხელ განაცხადეს გამაფრთხილებლად, რომ ჩინეთი უახლოეს წლებში შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას. ჩინეთმა გაზარდა ტაივანის გარშემო სამხედრო ძალის დემონსტრირება ჰაერსა და ზღვაში, ამავე დროს, ბალისტიკური რაკეტებიც გაუშვა.
აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი აპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.
მან სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან სერიოზულად“ უნდა მიიღოს სი ძინპინის სურვილი, საბოლოოდ გააკონტროლოს ტაივანი, მაშინაც კი, თუ სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი არ არის.
„ჩვენ ვიცით, როგორც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა სიმ დაავალა ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მზად იყვნენ 2027 წლისთვის ტაივანში შესაჭრელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეჭრა 2027 ან ნებისმიერ სხვა წელს“, - განუცხადა ბერნსმა CBS-ს.
„ვფიქრობ, ჩვენი შეფასება სულ მცირე არის ის, რომ პრეზიდენტ სის და მის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აქვთ დღეს იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შეჭრის დასრულებას“, - განაცხადა მან.
ტაივანი და ჩინეთი 1949 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ გაიყო, რომელიც „კომუნისტური პარტიის“ მატერიკზე კონტროლით დასრულდა. თვითმმართველი კუნძული მოქმედებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ არ არის აღიარებული გაეროს ან რომელიმე დიდი ქვეყნის მიერ. 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ოფიციალურად აღიარა პეკინის მთავრობა და გაწყვიტა ტაივანთან საერთაშორისო კავშირები. საპასუხოდ, კონგრესმა დაამტკიცა ტაივანთან ურთიერთობების კანონი, რომელიც ქმნის სტანდარტს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.
ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ, მისგან გამოყოფილ პროვინციას და მიიჩნევს, რომ ის საბოლოოდ პეკინის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.
ტაივანს აშშ-ის ოფიციალური მხარდაჭერა აქვს პეკინის მხრიდან ძალის მზარდი დემონსტრირების ფონზე, რომელიც კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად აცხადებს. პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული ძალები დაიცავენ ტაივანს, თუ ჩინეთი შეეცდება შეჭრას. თეთრი სახლი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონს სურს ტაივანის სტატუსის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, თუმცა არაფერს აცხადებს იმის შესახებ, იქნება თუ არა აშშ-ის ძალები გაგზავნილი ჩინეთის თავდასხმის საპასუხოდ.
ინტერვიუში ბერნსმა თქვა, რომ აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შესაძლოა პოტენციური შემაკავებელი ფაქტორი იყოს ჩინეთის ოფიციალური პირებისთვის, მაგრამ დაამატა, რომ ტაივანზე შესაძლო თავდასხმის რისკი მხოლოდ გაძლიერდება.
„ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როცა მათ შეხედეს პუტინის გამოცდილებას უკრაინაში, ამან, ალბათ, გააძლიერა ეს ეჭვები. მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ძალის პოტენციური გამოყენების რისკები ალბათ იზრდება, რაც უფრო შორს მიდიხარ ამ ათწლეულში და მის მიღმა, შემდეგ ათწლეულში. ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ბერნსმა.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ზე დაყრდნობით
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.