გიგა ბოკერია: ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ არჩევნებით 2024 წელს მაინც
14-03-2023, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ არჩევნებით 2024 წელს მაინც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ფეისბუქში“ წერს.


მისი შეფასებით, „კვლავ ბუნდოვანი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, სრულიად გაუგებარ დიალოგზე, გულისხმობს ილუზიას, რომ ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე რეალური შედეგი მიღწევადია, რაც ფუნდამენტურად არასწორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უცვლელი შავრაზმული, პუტინისტური, ანტიდასავლური სულისკვეთება ღარიბაშვილის ინტერვიუს სახით“.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩავლილი მოვლენების ფონზე, რამდენიმე ფაქტი შევაჯამოთ.


რამ მოიტანა წარმატება:


წარმატება მოიტანა მკაფიო გზავნილმა საზოგადოების მხრიდან, ვინც რუსთაველზე იდგა, მკაფიოდ დასახულმა ამოცანამ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ.


და წარმატება არის არა მხოლოდ ამ კანონის უკან გაწვევა, არამედ საზოგადოების მიერ საკუთარ თავში რწმენის დაბრუნება და იმედი მომავალი ცვლილებისთვის.


თუმცა, ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა.


პირველი არის შესაძლებელი ასეთი ეფექტური პროტესტით, მეორე არის შეუძლებელი ხელისუფლების ცვლილების გარეშე.


გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომც მიგვეღო ან მივიღოთ მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ევროინტეგრაციის გზაზე, თუ ჩვენ პროდასავლური, ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება არ გვეყოლება, სტატუსი არ გვიშველის.


ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში ვერ გავხდებით ნატოს წევრი, რეალურად ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს და ვერ შევძლებთ რეალურ გარდაქმნას ქვეყნის შიგნით.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ახლა იყოს ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალის მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირებული.

 

იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად და ამას სჭირდება რამდენიმე პრობლემის გადაჭრა.


პირველი პრობლემა, რომელიც ამ აქციებმა დაგვანახა, არის ის, რომ ხელუსუფლების კურსის სრულ მიუღებლობასთან ერთად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც აქვთ კომუნიკაციის, ნდობის და ლეგიტიმაციის პრობლემა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ჰქონდათ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის წარმატებაში.


ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი - თუკი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა არ გაიზარდა, პოლიტიკური ცვლილება ვერ მოხდება.


მეორე, მიმდინარე პროტესტში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილი, ამიტომ ახლა პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხია, არ მივიღოთ მცდარი გზავნილები ჩვენი პარტნიორებისგან, ვიკამათოთ მათთან და არ დავეთანხმოთ იმ გზავნილებში, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან რეალურად ვერ გამოიყვანს.


არ უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენს პარტნიორებსაც უნდა შევახსენოთ, რომ ქვეყნის შიგნით ვითარებაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვაკისრია, ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ რა არის გამოსავალი და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად შემობრუნდეს დასავლეთისკენ, თავისი ისტორიული მისიისკენ.


ამას კი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან მკაფიო გზავნილები სჭირდება.


კვლავ ბუნდოვანი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, სრულიად გაუგებარ დიალოგზე, გულისხმობს ილუზიას, რომ ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე რეალური შედეგი მიღწევადია, რაც ფუნდამენტურად არასწორია.


განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უცვლელი შავრაზმული, პუტინისტური, ანტიდასავლური სულისკვეთება ღარიბაშვილის ინტერვიუს სახით.


ყველა ბუნდოვანებას ეს რეჟიმი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის გამოიყენებს. თუ მოვტყუვდებით, რომ 12 პუნქტის შესრულების იძულების გარშემო გაერთიანება და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების ჩართვა ქვეყნის კურსს შემოაბრუნებს, წინ შეიძლება კიდევ უფრო უარესი ვითარება დაგვხვდეს.


თუ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, რისი ალბათობაც მაღალია, თუ ევროკავშირმა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ხელისუფლების ქმედებები შეაფასა, არავის არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა უარი ან ოპოზიციამ არ გააკეთა საკმარისი სტატუსის მისაღებად.


ხოლო რომ მივიღოთ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით კანდიდატის სტატუსი, ეს ჩვენს მთავარ პრობლემას არ აგვარებს, რომ ამ ხელისუფლებით რეალურ პროგრესს ვერ მივაღწევთ. მხოლოდ პროდასავლური ხელისუფლების პირობებში იქნება ასეთი ინსტრუმენტი ეფექტური.


ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ არჩევნებით 2024 წელს მაინც, ამისთვის კი საჭიროა საპროტესტო ენერგიის პოლიტიკურ მხარდაჭერაში თარგმნა და პარტიების ელექტორალურად გაძლიერება და ამაზე უნდა მუშაობდეს ახლა ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი