GUARDIAN.GE - ისრაელში სიმშვიდე ისადგურებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების კანონპროექტის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიამდე შეაჩერებს, რათა თავიდან აიცილოს „ჩვენს ხალხს შორის რღვევა“.
მისი მხრიდან უკან დახევა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა განაპირობა, მასშტაბურმა გამოსვლებმა კი სახიფათო კულმინაციას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ მიაღწია.
მოვლენები უპრეცედენტოდ განვითარდა. ქვეყნის უდიდესმა პროფკავშირმა გაფიცვა გამოაცხადა, მომსახურების სფერომ მუშაობა სრულად შეწყვიტა. მთავარი აეროპორტიდან დაწყებული, მაღაზიებით, ბანკებით და თვით საავადმყოფოებით დამთავრებული, მომსახურება შეწყდა. კოორდინირებული ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ნეთანიაჰუს სადავო კანონპროექტის მიღებაზე ხელი აეღო. ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა ისრაელში განვითარებულ მოვლენებს „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი“ უწოდა.
ისრაელის ყველაზე მემარჯვენე მთავრობა, რომელიც კი ოდესმე მდგარა ქვეყნის სათავეში, ცდილობს გადამწყვეტი კონტროლი აიღოს კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. რეფორმები პარლამენტს მისცემს უფლებამოსილებას, უმრავლესობის მხარდაჭერით გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და გაართულებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის შეუფერებლად გამოცხადებასა და მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებას.
ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები შეაჩერებს სასამართლოების მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტებას, მაგრამ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული რეფორმა მას კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესის სათავისოდ წარმართვაში დაეხმარება. პრემიერ-მინისტრს სამ საქმეზე ედება ბრალი - ესენია, ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის დარღვევა. იგი უარყოფს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას და აცხადებს, რომ „კუდიანებზე ნადირობის“ მსხვერპლს წარმოადგენს.
ნეთანიაჰუს მიერ 4 იანვარს შეთავაზებულმა ცვლილებებმა აღშფოთება გამოიწვია ისრაელის საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში, მათ შორის მისი ძლიერი არმიის რიგებშიც.
ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ „ექსტრემისტული უმცირესობა“ ერის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა და გააკრიტიკა სამხედრო რეზერვისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კანონპროექტს და ამბობდნენ, რომ არ გამოცხადდებოდნენ სამსახურში.
ისრაელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გადახედვის სადავო გეგმების წინააღმდეგ გამოვიდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იერუსალიმში პოლიციამ და ჯარისკაცებმა, ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ორშაბათს დილით ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობას რეფორმების შეჩერებისაკენ მოუწოდა. „ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი“, - თქვა მან Twitter-ზე და დაამატა, რომ „ისრაელის ყველა მცხოვრების თვალები თქვენკენაა მოპყრობილი“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით და მთავრობას დათმობისაკენ მოუწოდა.
ნეთანიაჰუს მიერ შემოთავაზებული გამოსავალი მას დროს მოაგებინებს, მაგრამ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის - დემონსტრანტები იბრძოდნენ ამ კანონპროექტის გაუქმებისთვის და არა გადადებისთვის. ისრაელის ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი ახალ დიალოგს დაიწყებენ.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ის მიხედვით
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.