GUARDIAN.GE - სანქცირებულ მოსამართლეებს მთავარი დანაშაულებები „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის“ დროს აქვთ ჩადენილი. მაგრამ ამ დამნაშავე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით და მათთვის სასამართლო სისტემაში მთელი ძალაუფლების გადაცემით, „ქართული ოცნება“ არანაკლები დამნაშავეა სასამართლო სისტემის გათახსირების კუთხით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქარტია – 91“, მოგვიანებით კი, „ქართული ოცნების“ მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი მელაშვილი.
„ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მელაშვილი ამბობს, რომ „ადამიანები, რომელთა კისერზეა ქართული სასამართლოს ავტორიტეტის განადგურება, გირგვლიანის და სხვა მსგავსი საქმეები, რომელთა მიერ გამოტანილ განაჩენებზე ევროსასამართლოს არაერთი, ამ მოსამართლეებისათვის სამარცხვინო ვერდიქტი აქვს გამოტანილი, გვიმტკიცებენ, რომ მათი კრიტიკა არც მეტი არც ნაკლები, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა“.
„იშვიათად მინახავას ამაზე დიდი უტიფრობა, როცა გირგვლიანის საქმის მისამართლე ბედავს საზოგადოებას პატიოსნებაზე და სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკოს. ამაში მთავარი დამნაშავე „ქართული ოცნებააა“! სწორედ „ოცნების“ მიერ დამნაშავეების უვადო მოსამართლეებად გამწესებამ შეუქმნა ამ ადამიანებს ილუზია, რომ თანამდებობებზე გადანიშვნით მოხდებოდა მათი მორალური რეაბილიტაცია“, - აცხადებს მელაშვილი, რომლის წერილსაც სრულად გთავაზობთ.
„საქართველოს 4 მოსამართლე აშშ-ს სანქციების ქვეშ მოხვდა. ორი აზრი არაა, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი ამბავი არ არის. საქართველომ დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო და ბევრად უკეთესი იქნებოდა საქმე აქამდე არ მიგვეყვანა. რა თქმა უნდა კითხვა არსებობს, რატომ გადადგა აშშ-მ ეს ნაბიჯი ახლა? რატომ არ დაასანქცირა ეს მოსამართლეები თავის დროზე, როცა ისინი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელისუფლების რეპრესიული მანქანის უტყვი და მორჩილი აღმსრულებლები იყვნენ?
1. დიახ, ამ მოსამართლეებს მთავარი დანაშაულებები „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის“ დროს აქვთ ჩადენილი. მაგრამ ამ დამნაშავე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით და მათთვის სასამართლო სისტემაში მთელი ძალაუფლების გადაცემით, „ქართული ოცნება“ არანაკლები დამნაშავეა სასამართლო სისტემის გათახსირების კუთხით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. „ოცნებამ“ უკვე იცოდა რას წარმოადგნდნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე და ძმანი მათნი, იცოდა რა ჰქონდათ დაშავებული ქვეყნისთვის და ამის მიუხედავად, მაინც უვადოდ დანიშნეს მოსამართლეებად, რეალურად ჩაააბარეს იუსტიციის საბჭო. ამიტომ ამ საკითხში „ქართული ოცნების“ დანაშაული და ცინიზმი, ჩემი აზრით არანაკლებია ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტი, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნების“ დაპირება საზოგადოების წინაშე, სწორედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მისი უწესო მოსამართლეებისგან გაწმენდა იყო. "ოცნებამ" ამ საკითხში ქართველი ხალხი უბრალოდ გადააგდო.
2. ხელისუფლებას და მის მომხრეებს მუდმივად მოჰყავთ მონაცემები, რამდენად გაუმჯობესებულია გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა დღევანდელ სასამართლოში სააკაშვილისდროინდელთან შედარებით. ამით ისინი ცდილობენ დაასაბუთონ, თითქოს ახლანდელი მართლმსაჯულების სისტემა ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო მაშინ. არადა, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის დანიშვნა სასამართლოში ამ არგუმენტს უბრალოდ ანულებს. წინა ხელისუფლების მონაცემებთან შედარებით გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის გაუმჯობესება უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ შეცვალა წინა ხელისუფლების მანიაკალური მიდგომა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოეგო პროცესი. ანუ, ამ სტატისტიკის გაუმჯობესება უბრალოდ აჩვენებს, რომ ახლანდელ ხელისუფლებას უფრო ლიბერალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს, ვიდრე წინას, რა დაკვეთასაც მურუსიძე-ჩინჩალაძე ასევე მშვენივრად ასრულებენ. მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის არ არის საკმარისი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის დასამტკიცებლად. ხვალ რომ ხელისუფლებამ მოინდომოს და ისევ დაუბრუნდეს სააკაშვილისდროინდელ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე ასევე უხმოდ შეუდგებიან ამ ახალი-ძველი პოლიტიკის გატარებასაც? არ მგონია, რომ ჭკუათმყოფელ ადამიანს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი ლოგიკა არ ჰქონდა „ოცნების“ მიერ, წლების მანძილზე თავად ამ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ათასჯერ გაკრიტიკებული წინა ხელისუფლების აბსოლუტურად დისკრედიტირებული მოსამართლეების ახალი, რეფორმირებული სასამართლოს სისტემის ფაქტობრივ მმართველებად დანიშვნას.
3. რა თქმა უნდა, დასავლეთმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა და საჯაროდ არ მოახდინა რეაგირება, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს როლი ფაქტობრივად პროკურატურის ნოტარიუსის ფუნქციამდე დაიყვანა, როცა მმართველი პარტიის მიერ მოხდა სასამართლოს უზურპაცია და მისი დამოუკიდებლობის საბოლოო განადგურება. ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კულუარებში საუბარი უბრალოდ არ იყო საკმარისი. ჩემი აზრით, მაშინ კოლექტიური დასავლეთი, ზედმეტად გაუფრთხილდა რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ხელისფლების იმიჯს და შეეცადა ზიანი არ მიეყენებინა რეფორმატორულად წოდებული ხელისუფლებისათვის, რომელმაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შეძლო მასობრივი კორუფციის დამარცხება. ეს იყო, ჩემი აზრით დასავლეთის შეცდომა. ამ შეცდომამ უკვე „ოცნების“ მმართველობის პერიოდზეც მოახდინა გავლენა და წაახალისა ის, გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა. „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ თუკი წინა ხელისუფლებას შერჩა ასეთი საქციელი, დასავლეთი მათაც აღარ დასჯიდა ძირეული სასამართლო რეფორმის არგატერებისათვის. ფიქრობდნენ, რომ მათაც შერჩებოდათ.
ახლა, ჩემი აზრით, ხელისუფლების ყველაზე დიდი მტერი იქნება ის, ვინც მას მოუწოდებს შეცდომაში გაჯიუტებისკენ, „მტკიცედ დადგომისკენ“და არასწორი გზით სიარულის გაგრძელებისაკენ. „პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარიაო“. რასაც დღეს აკეთებენ მურუსიძე და ძმანი მათნი, ამ გამოთქმის სისწორის კლასიკური დადასტურებაა. ადამიანები, რომელთა კისერზეა ქართული სასამართლოს ავტორიტეტის განადგურება, გირგვლიანის და სხვა მსგავსი საქმეები, რომელთა მიერ გამოტანილ განაჩენებზე ევროსასამართლოს არაერთი, ამ მოსამართლეებისათვის სამარცხვინო ვერდიქტი აქვს გამოტანილი, გვიმტკიცებენ, რომ მათი კრიტიკა არც მეტი არც ნაკლები, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა. იშვიათად მინახავას ამაზე დიდი უტიფრობა, როცა გირგვლიანის საქმის მისამართლე ბედავს საზოგადოებას პატიოსნებაზე და სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკოს. ამაში მთავარი დამნაშავე „ქართული ოცნებააა“! სწორედ „ოცნების“ მიერ დამნაშავეების უვადო მოსამართლეებად გამწესებამ შეუქმნა ამ ადამიანებს ილუზია, რომ თანამდებობებზე გადანიშვნით მოხდებოდა მათი მორალური რეაბილიტაცია.
ისევე როგორც ნებიმიერი კრიზისში, ამ შემთხვევაშიც ჭკვიან ხელისუფლებას აქვს თეორიული შანსი შექმნილი ვითარება ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს, გაწმინდოს სასამართლო დისკრედიტირებული მოსამართლეებისგან, ბოლოს და ბოლოს უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემის შექმნა. მეორე გზა ასევე ცნობილია, შეცდომაში გაჯიუტება, ამ დისკრედიტირებული მოსამართლეებისათვის ხელის ჩაჭიდება, მართვად სასამართლო სისტემაზე არშელევის მცდელობა. ეს გზა მთლიანობაში მარცხიანი, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს არ იქნება უკანასკნელი სანქციები, რომელსაც დაუწესებენ საქართველოს თანამდებობის პირებს. არჩევანი, როგორც წესი, ყოველთვის არის, გააჩნია ხელისუფლება რა გზას აირჩევს“, - წერს ირაკლი მელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.