პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედიის საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, აღნიშნული განცხადება იულია ტიმოშჩენკომ ხარკოვის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.
ხარკოვის ციხიდან რადას დადგენილებით გათავისუფლებული იულია ტიმოშჩენკო ქალაქ ხარკოვიდან კიევში სპეციალური რეისით გაამგზავრეს.
სულ ცოტა ხნის წინათ ტიმოშჩენკო ევროპის მოედანზე მივიდა და ეტლში მჯდომმა (მას ხერხემალი აქვს დაზიანებული), რამდენიმე სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და იტირა.

"როცა კიევში შემოვედი - კიევი ვერ ვიცანი... ეს სხვა უკრაინაა", - განაცხადა მან.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი კანონგარეშედ გამოაცხადა, და 2014 წლის 25 მაისისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
შესაბამისი დადგენილების პროექტს რადაში 328 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე მეტია.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა თავად განაცხადა უარი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე; უკრაინა დატოვა ხელისუფლების გარეშე და ამდენად, შეუძლებელია რომ პრეზიდენტად იწოდებოდეს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტელეარხ "112"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და გადადგომას არ აპირებს. მან მაიდანზე მყოფებს "ბანდიტები" უწოდა და უკრაინაში შექმნილი ვითარება გერმანიაში ნაცისტების მოსვლას შეადარა.
"მე ვრჩები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ოპოზიცია არაა - ესენი ბანდიტები არიან. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ, უკანონოა. მე არ ვაპირებ არაფერზე ხელმოწერას ბანდიტებთან, რომლებიც უკრაინელ ხალხს ატერორებენ და ქვეყანას არცხვენენ", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ ქვეყნაში არ მომხდარიყო სისხლისღვრა, ყველა ღონე იხმარა.
იანუკოვიჩის ამ განცხადების გავრცელებამდე უკრაინულ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია მისი პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ. ინფორმაცია პირველად "ესპრესო ტვ"-ზე გავრცელდა, რის შემდეგაც ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა რადას დეპუტატებმა, იური მიროშნიჩენკომ და ოლეგ ტიაგნიბოკომაც დაადასტურეს. ამ უკანასკნელმა, იანუკოვიჩის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა.
ვარაუდობდნენ იმასაც, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც ცოტა ხანში გამოქვეყნდებოდა, თუმცა ეს მოლოდინები არ გამართლდა.
ამასობაში კი უკრაინის რადამ 327 ხმით მიიღო გადაწყვეტილება იანუკოვიჩის გადაყენების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მიმართვაში იანუკოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში რჩება და განაგრძობს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, უკრაინულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით იგი რუსეთში გაფრინდა, თუმცა მედიის ზოგიერთი საშუალება ირწმუნება, რომ იანუკოვიჩს ქვეყანა არ დაუტოვებია და ამჟამად დონეცკში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ორმა წამყვანმა სახელმწიფომ უკრაინის ახალი პოლიტიკური რეალობა უკვე აღიარა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უილიამ ჰეიგმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი ძალებით მხარი დაუჭირონ უკრაინის ახალ მთავრობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.