რას ფიქრობს ლევან ცაბაძე, რაგბის გულშემატკივრებისთვის იგივე „ლეონსიო“, ბევრისთვის კი „ლეგენდარული ლეონსიო“ 2015 წლის აწ ჩავლილ ინგლისის რაგბის მსოფლიო თასზე, „ბორჯღალოსნების“ მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებზე, ზოგადად, ქართული რაგბის დღევანდელობასა და მომავალზე, ასევე მის და მასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილ გზაზე, ამ და სხვა თემებზე იგი guardian.ge -ს ესაუბრა.
ეუფლება თუ არა სინანულის გრძნობა, როცა განვლილ სარაგბო საქმიანობას გადახედავს, იყო თუ არა რაგბი სწორი არჩევანი მის ცხოვრებაში, რატომ ისურვებდა ცოტა გვიან დაბადებას, რამ შეიძლება მიიყვანოს ცრემლებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, - ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
"რაგბი სტრატეგიული თამაშია და რომ დააკვირდეთ, რაგბის თამაშს, იგი ანტიკური ხანის ბრძოლის წესებს ჰგავს. ჩვენ იმდენი დიდი ომი და ბრძოლა გვაქვს გადატანილი, რომ ეტყობა ეს გენში ჩაჯდა."
"ათჯერ რომ მომეცეს შანსი ჩემი ცხოვრების თავიდან დაწყებისა, ათჯერვე რაგბის თამაშს დავიწყებდი."
"ჩემი თაობის ეროვნულმა ნაკრებმა, ასე ვთქვათ, შეუძლებელი შეძლო, რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა და ესტაფეტა გადასცა დღევანდელ, თანამედროვე ეროვნულ ნაკრებს".
"ჩემმა თაობამ დაკარგა უამრავი უნიჭიერესი მორაგბე, სათანადო პირობების არქონის გამო."
"აგერ უკვე ზელანდიელებმა აღიარეს, რომ ქართველებმა შერკინებაში მასტერკლასი ჩაგვიტარესო, გვასწავლეს როგორ უნდა მივაწვეთო. ეს მე მეამაყება. ჩვენი თაობის მორაგბეებს რომ ჰქონოდათ ეს სათანადო პირობები, ბევრად უფრო დიდი ნაკრები იქნებოდა ჩემი თაობის ნაკრები".
"დღესდღეობით თანამედროვე ქართულ რაგბში ბევრი გამორჩეული მოთამაშეა და ბევრი გამორჩეული ვარსკვლავია, ჩვენს დროს ბევრნი არ ვიყავით."
"ჩემი შეხედულებით, ჩვენი ნაკრები თავის პოტენციალის ალბათ 50-55% -ს იყენებს."
ბატონო ლევან, პირველ რიგში გვინდა ინგლისში რაგბის წლევანდელი მსოფლიო თასის შესახებ გკითხოთ. გვაინტერესებს, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით ჩატარებულ თამაშებს? რამდენად მაღალ დონეზე ითამაშეს „ბორჯღალოსნებმა“?
ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ, თუ ამ თამაშს ასე ერთი თვალით შევხედავთ, რა თქმა უნდა უნაკლო იყო და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თუ რაგბს რამდენიმე ნაწილად დავყოფთ და ისე განვიხილავთ, რა იყო კარგი და რამ არ იმუშავა, აღმოჩნდება რომ რაღაც-რაღაც თემებში სერიოზული პრობლემები გვაქვს. საერთო ჯამში, დადებითად შევაფასებდი ნაკრების გამოსვლას, მაგრამ ბევრია სამუშაო და ბევრი გასასწორებელი.
რაგბი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, პირველ რიგში დაცვა, და არის სტატიკა და არის შემდეგ სტრატეგია. სწორი სტრატეგიის შესრულებას სჭირდება დაგეგმვა და ტექნიკა, სადაც ჩვენ ყოველთვის მოვიკოჭლებდით, ეს ოდითგანვე მოყვება, მაგრამ წელს სერიოზულად გამოჩნდა ის რომ როდესაც ვიწყებთ, ან არის ჩვენი პასუხისმგებლობა რაიმეს შექმნაზე, იქ გვექმნება პრობლემები, თორემ თუ ვთამაშობთ თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის, იქ აუცილებლად წარმოჩნდება ჩვენი ნაკრები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული და ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდი, მაგრამ სადაც უკვე ჩვენი კლასი უნდა გამოავლინო და რაღაცა უნდა შექმნა, იქ პრობლემა იქმნება.
აი, მაგალითად ავიღოთ, დაცვაში პირველ თამაშზე გააკეთეს 200-218 ბოჭვა და აქედან 2% იყო გაცუდებული, რაც არის უსერიოზულესი შედეგი, ნაკრებებმა მანდ ბევრმა ისე დაამთავრა თამაში, რომ მაგდენი ბოჭვა შეიძლება არც ჰქონდეთ გაკეთებული, რაც საქართველოს ნაკრებს ორი თამაშის ჯამში აქვთ გაკეთებული. ეს იმას ნიშნავს რომ დაცვის მუშაობის დროს სერიოზული სამუშაო ჰქონდათ შესრულებული ბიჭებს და ის ფიზიკური მომზადება, რაც გაიარეს, სერიოზულ დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული. გუნდი სტრატეგიულად სწორად იცავდა თავს და მზადყოფნაში იყვნენ ფიზიკურადაც იმისთვის, რომ ეს დავალება შეესრულებინათ. თუ ავიღებთ სტატიკას, მაგალითად, არის აუტი სტატიკაში და არის შერკინება. შერკინების მხრივ, მე გეტყვით რომ ამ მსოფლიოზე გამოჩნდა ის, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ეს ტრადიციულად ასე იყო ყოველთვის და ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს ნაკრებს ამ კუთხით. აუტში შევაფასებდი საშუალოდ, იმიტომ რომ ჰქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები ამ კომპონენტში, და აი რაც შეეხება უკვე შეტევას, რაც უკვე უნდა იყოს დამუშავებული ტაქტიკურად, აი აქ, სერიოზული პრობლემები გვქონდა. როგორც კი საჭირო გახდა, რომ ჩვენ აგვეღო თამაშის ინიციატივა ხელში, სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა მაგალითად, ნამიბიასთან, აგრეთვე არგენტინასთან თამაშზე, რადგანაც არგენტინასთან გაჩნდა ამბიცია, რომ არგენტინა აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა და ეს იყო მიზეზი. ამას დაემატა მერე მამუკა გორგოძის, რომელიც უსერიოზულესი ძალაა, გამოძევება 10 წუთით მოედნიდან და მივიღეთ ცუდი შედეგი, არ ვიტყვი კატასტროფას, რადგან არგენტინა არის მაღალი კლასის გუნდი, მაგრამ იმას რაც მოხდა, ნამდვილად არ ვიმსახურებდით და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც რომ ვეთამაშოთ, მაგის ნახევარსაც ვერ გაგვიკეთებენ.
ინგლისის მსოფლიო თასზე რომელმა გუნდმა დაიმსახურა თქვენში ყველაზე მეტი სიმპათია? ვის გამოარჩევდით? და თავად რაგბისტებიდან ვისზე შეაჩერებდით ყურადღებას? ვინ იყო თქვენი ფავორიტი?
ერთადერთი საქართველოს ნაკრებს ვუყურებ მაგ თვალით და მაგ კუთხით თითოეულ მოთამაშეს, თორემ დანარჩენი, მე უბრალოდ თამაშს ვუყურებ, მაგით ვღებულობ სიამოვნებას. რაც შეეხება ფავორიტს, ჩემთვის იყო რა თქმა უნდა ზელანდია, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს ჩემი წარსულიდან, ჩემი ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ზელანდია უდავო ფავორიტია.
სასიამოვნო სიურპრიზი და განცვიფრება ჩემში რა თქმა უნდა გამოიწვია იაპონიის ნაკრებმა, იმიტომ რომ იაპონიის ნაკრებს იმ კომპონენტებში, რაზეც მე ზემოთ გესაუბრეთ, ჩვენთან ერთი პროცენტი შანსი არ აქვს, მაგრამ აი იქ, რასაც ჰქვია შექმნას და სწორი ტაქტიკით თამაშს, მანდ იაპონელებმა ბევრად გვაჯობეს და ბევრად უფრო დახვეწილები იყვნენ. უბრალოდ მე ვთვლი, რომ არ გაუმართლათ და მაგიტომ ვერ გავიდნენ ჯგუფიდან. ეგეთი რამე არავის არ ახსოვს, რომ სამი თამაში მოეგოს გუნდს და ჯგუფში ჩარჩენილიყოს. უდავოდ საჩვენებელი და სამაგალითო იყო იაპონიის ნაკრები, რამაც ჩემში ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია.
ახლახან 40 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა თქვენი თაობის ლეგენდარული მორაგბე, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ჯონა ლომუ. რას იტყოდით მასზე, გქონიათ თუ არა რამე შეხება მასთან?
რომ გითხრათ, რომ გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ, არა, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ შეხება როგორ არ მქონია, რამდენიმეჯერ ისე შევხვედრილვართ ერთმანეთს. ჯონა ლომუ ჩემი თაობის მორაგბეებისთვის და დღევანდელი თაობის მორაგბეებისთვისაც, ერთ-ერთი სამაგალითო გახლდათ, ნამდვილად იყო თანამედროვე რაგბის სული. მიმაჩნია, რომ იგი არის მსოფლიო რაგბის ლეგენდა. ჯონა იყო ის მორაგბე, რომელმაც ეპოქა შექმნა და საერთოდ, შეცვალა რაგბის სახე. მე ვთვლი, რომ ის არ მომკვდარა და ყოველთვის იქნება ცოცხალი, სანამ სპორტის ეს სახეობა იარსებებს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ხშირად ვრცელდება თქვენი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის პერიოდის ფოტოები. ამ ფოტოებს თქვენი გულშემატკივრების დიდი არმია იწონებს, უმეტესობას ათასობით, ზოგჯერ კი ათიათასობით „მოწონება“ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომაა ასე თბილად განწყობილი საზოგადოება თქვენს მიმართ? თქვენი აზრით, რითი დაიმსახურეთ ეს სიყვარული?
ეს ნამდვილად რთული კითხვაა ჩემთვის, იმიტომ რომ, მე არ ვიწონებ ამ ფოტოებს, საზოგადოება იწონებს და ალბათ უკეთესია ეს საზოგადოებას ჰკითხოთ. მე ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს. ჩემი თაობის ეროვნულმა ნაკრებმა, ასე ვთქვათ, შეუძლებელი შეძლო, რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა და ესტაფეტა გადასცა დღევანდელ, თანამედროვე ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ასევე ვთვლი, რომ დამსახურებულად და კარგად აგრძელებს ამ გზას. ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართული რაგბი ძალიან მაღალ სიმაღლეებზე ავა.
ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბექა სხირტლაძე, „ფეისბუქზე“ თქვენი ფოტოს გასწვრივ კომენტარებში თქვენზე წერს: „ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი.“ ირაკლი ხორბალაძე ამბობს: „ლეგენდაა, ასეთი მაგარი ჯერ არ გვყოლია შერკინებაში.“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: "გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და ლელოც გაიტანა. მის ადგილზე ბევრი არ დაბრუნდებოდა თამაშში. დიდი შანსი იყო საერთოდ ან დაკოჭლებულიყო ან საერთოდ ვეღარ გაევლო, მაგრამ მოაგებინა საქართველოს და თავისი თავი გვერდზე გადადო". აღარ განვაგრძობ, უამრავი თბილი კომენტარია. თუ ეცნობით ამ კომენტარებს და რა შეგრძნებას გიტოვებთ მსგავსი შეფასებები?
ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, ჩემი სურათი ათიათასობით გაზიარებული მართლა არ მინახავს. მე მყავს შვილი, რომელიც უკვე 18 წლის არის და მე ვარ ბედნიერი იმით, რომ მისთვის მაგალითი ვარ და ხშირად ის დებს ხოლმე. მეც მის დადებულ სურათზე წამიკითხავს მაგდაგვარი რაღაცები. ალბათ იმ პერიოდისთვის რაგბმა გააჩინა ხალხში იმედი და იმდროინდელ გუნდში ერთ-ერთი ფიგურა მეც ვიყავი, რომელიც ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე ქვეყნისთვის, ქვეყნის ნაკრებისთვის და მე ვთვლი, რომ ამას გრძნობდა ხალხი და ეს იწვევდა მათში ჩემდამი სიყვარულს... რა გითხრათ... ისიც მართალია, რომ ტრამვა მივიღე და დავბრუნდი მოედანზე, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. დღესდღეობით თანამედროვე ქართულ რაგბში ბევრი გამორჩეული მოთამაშეა და ბევრი გამორჩეული ვარსკვლავია, ჩვენს დროს ბევრნი არ ვიყავით და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი კიდევ ეს არის. ამასთან, ერთ-ერთი პირველი მე ვარ, ვინც ლეგიონერი იყო და ვინც უცხოეთში გაიკვლია გზა, იქ შევიქმენი სარაგბო კარიერა და ალბათ, ამანაც იმოქმედა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა შალვაშვილი კითხულობს, „საინტერესოა, თუა ეს ადამიანი სათანადოდ დაფასებული, თუ არ ჩავთვლით ფანების სიყვარულს?“ - ანუ თუ თვლით, რომ სათანადოდ ხართ დაფასებული?
გააჩნია რას ეძახით სათანადო დაფასებას. ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასებაა ის, რომ თუნდაც მაგ თამუნას დაწერილს რომ წავიკითხავ, შეიძლება სიამოვნებისგან და სიხარულისგან ცრემლები წამომივიდეს. ეს ყველაფერი რაც მე გავაკეთე და რასაც ვაკეთებ, დღესაც ჩემი სამშობლოს სიყვარულის გამო ხდება, ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების და ჩემი ერის გამო და მათგან რომ ვგრძნობ ამ სიყვარულს... მე მინდა გითხრათ, რომ სხვა არც არაფერი არ მომითხოვია. მე ვთვლი, რომ სათანადოდ დაფასებული ვარ.
თქვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, რა აკლია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იმისათვის, რომ უფრო წარმატებული იყოს? გვაინტერესებს, აქვთ თუ არა იმაზე მეტი პოტენციალი ჩვენს რაგბისტებს, ვიდრე ეს სათამაშოზე მოედანზე ვლინდება?
ჩემი შეხედულებით, ჩვენი ნაკრები თავის პოტენციალის ალბათ 50-55% -ს იყენებს, ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, თუ ჩვენ ყველაფერს სწორად წარვმართავთ. იცით რაშია საქმე? მე გეტყვით, რომ იგივე ტექნიკური პრობლემა აქვს დღევანდელ ნაკრებს, რაც ჩემი თაობის ნაკრებს ჰქონდა. ჩემი თაობის ნაკრებს, რომ გითხრათ არც ერთი სათამაშო მოედანი არ გააჩნდა, ახალგაზრდა თაობა ნაკლებად მოდიოდა და ა.შ. და უკვე ჩამოყალიბებული ბიჭები იწყებდნენ რაგბის თამაშს, ტექნიკურად ყოველთვის წუნი ჰქონდა და დღევანდელი ნაკრები, თუ სწორად წავა რესურსი იმხელა აქვს ამ კომპონენტში ჩვენს ქვეყანას, რომ ბევრად უკეთესი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალია ქართულ რაგბში. ალბათ გენშია ეს ჩვენთან, იმიტომ რომ რაგბი სტრატეგიული თამაშია და რომ დააკვირდეთ, რაგბის თამაშს, იგი ანტიკური ხანის ბრძოლის წესებს ჰგავს. ჩვენ იმდენი დიდი ომი და ბრძოლა გვაქვს გადატანილი, რომ ეტყობა ეს გენში ჩაჯდა.
გეუფლებათ თუ არა სინანულის გრძნობა, როცა თქვენ წარსულ სარაგბო საქმიანობას გადახედავთ? თვლით თუ არა, რომ მოხერხდა თქვენი და თქვენი თაობის მოთამაშეთა პოტენციალის გამოვლენა სათანადო დონეზე?
ჩემმა თაობამ დაკარგა უამრავი უნიჭიერესი მორაგბე, სათანადო პირობების არქონის გამო, იმ სიდუხჭირის გამო, რაც იმ დროს ქვეყანაში იყო გამეფებული. რაც შემეხება მე, ერთადერთი დღეს თუ ვინმე მეტყვის, რას შეცვლიდიო, აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი, ერთადერთი შეიძლება ცოტა გვიან დავბადებულიყავი, რომ ამ პერიოდში მომწეოდა თამაში, იმიტომ რომ დღეს ბევრად უფრო ადვილია და მსოფლიო სარაგბო რუკაზე ჩვენი ადგილი გვაქვს და გვცნობენ. მე მომიწია ცუდ პერიოდში თამაში, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ ვიყავით და საიდან. დღეს ქართველ მოთამაშეებს უკვე თავისი ავტორიტეტი აქვთ, ევროპაში და ყველგან იცნობენ. აგერ უკვე ზელანდიელებმა აღიარეს, რომ ქართველებმა შერკინებაში მასტერკლასი ჩაგვიტარესო, გვასწავლეს როგორ უნდა მივაწვეთო. ეს მე მეამაყება. ჩვენი თაობის მორაგბეებს რომ ჰქონოდათ ეს სათანადო პირობები, ბევრად უფრო დიდი ნაკრები იქნებოდა ჩემი თაობის ნაკრები.

დღევანდელი თქვენი შეფასებით, იყო თუ არა რაგბი სწორი არჩევანი თქვენს ცხოვრებაში? რა მოგცათ რაგბის სფეროში საქმიანობამ ისეთი, რაც შეიძლება სპორტის ან რომელიმე სხვა მიმართულებაში კარიერის გაგრძელებისას შესაძლოა არ გქონოდათ?
მე გეტყვით რომ რაგბიში მოვედი სხვა სპორტიდან, კერძოდ მოჭიდავე ვიყავი, საკმაოდ ცნობილი მოჭიდავეებში და საკმაოდ წარმატებულიც. ათჯერ რომ მომეცეს შანსი ჩემი ცხოვრების თავიდან დაწყებისა, ათჯერვე რაგბის თამაშს დავიწყებდი, იმიტომ რომ ეს სპორტი არ არის მარტო სპორტი, ეს არის ცხოვრების წესი და აქ ათვისებული უნარები დანარჩენ ცხოვრებაში, აწ განვლილ და გასავლელ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მადგება და ვთვლი, რომ ეს არის სწორი ცხოვრების წესი და მე მადლიერი ვარ უფლისა, რომ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ საზოგადოებაში და გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც მორაგბე. მე ამაყი ვარ ამით და ვიამაყებ, სანამ ცოცხალი ვიქნები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.