მომავალ წელს მონტენეგროს (იგივე, ჩერნოგორია) გაწევრების შემდეგ, ბალკანეთის კიდევ 2 ქვეყანა მაკედონია და ბოსნია–ჰერცეგოვინა ნატო-ში გაწევრიანებასთან ახლოს არიან, თუმცა ორივეს სხვადასხვა სახის დაბრკოლება თუ გამოწვევა აქვთ. მაკედონიას მაპ-ი ჯერ კიდევ 1999 წელს აქვს მიღებული, მაგრამ ალიანსში მის მიღებას საბერძნეთი ბლოკავს, რომელიც მაკედონიას სახელის შეცვლას სთხოვს (ბერძნები მიიჩნევენ, რომ "მაკედონია" სუფთა ბერძნული სახელწოდებაა და აღნიშნული დასახელების საბერძნეთის პროვინცია ესაზღვრება სწორედ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას – მაკედონიას). ჯერჯერობით, ამ საკითხზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება. თავის მხრივ, ქვეყნის მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი უარს აცხადებს სახელის შეცვალაზე, თუნდაც ნატო-ში გაწევრიანების მიზნით, თუმცა, ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერა მაკედონიის მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. ბოსნია-ჰერცეგოვინამ კი მაპ–ი (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) 2010 წელს მიიღო. ამავდროულად, ალიანსის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაცაა ის, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა ორი სუბიექტისგან შედგება: ხორვატულ-მუსლიმური ფედერაციისა და სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სერბსკასგან.
მართალია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ნატო-ს წევრობას ემხრობა, მაგრამ მოქალაქეების აზრი ამ საკითხზე ეთნიკური ნიშნით გაიყო, თუ ალიანსში გაწევრიანებას ქვეყნის მუსლიმთა და ხორვატთა 90 პროცენტამდე ემხრობა, სერბებს შორის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა 35 პროცენტს არ აღემატება. ქვეყნისთვის, რომელმაც უსასტიკესი ეთნიკური კონფლიქტი გადაიტანა, უმნიშვნელოვანეს საკითხზე ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის არარსებობა, შიდა სტაბილურობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სხვათაშორის, არც მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება წარიმართა ადვილად, მაპ-ი მას 2009 წელს მიენიჭა და ინტეგრაციის პროცესისთვის მთავარი გამოწვევა მონტენეგროს შემთხვევაშიც საზოგადოებრივი აზრი ოყო. მოსახლეობის 50 პროცენტამდე მხარს უჭერდა ნატო-ში გაწევრიანებას, დაახლოებით 40 პროცენტი კი – წინააღმდეგი გახლდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მონტენეგროელთა (ძირითადად, სერბები) მნიშვნელოვანი ნაწილი უარყოფითად აფასებდა ნატო-ს ძალების მიერ 1999 წელს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას იუგოსლავიის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ მონტენეგრო შედიოდა (რეფერენდუმის შედეგად, 2006 წელს სერბეთის და ჩერნოგორიის ფედერაცია გაიყო). ყველაფრის მიუხედავად, მონტენეგრომ დასძლია ეს სირთულეები, ალიანსმაც " ზოგ რამეზე თვალი დახუჭა" და ამ ქვეყანამ მიიღო მიწვევა ნატო–ში გასაწევრიანებლად, რაც გაისად მისი წევრობით დასრულდება. რაც შეგვეხება ჩვენ, პრობლემების ჩამოთვლას არ მოვყვები ისედაც ცნობილია, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ნატო–ს ასპირანტი ბალკანური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებსაც მაპ–ი უკვე აქვთ, საქართველოს გააჩნია ერთი დიდი პრობლემა, ეს არის რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული და "აღიარებული" ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი". ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, შინ თუ გარეთ, რომ ნატო–ს ალიანსში საქართველოს შესვლას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება, სხვაგვარად ნატო–ში ჩვენი ინტეგრაცია ბლეფია!
ზევით თქმულიდან გამომდინარე, მავანთა მხრიდან (თ.ხიდაშელის "თამადობით") დემაგოგია და სიცრუეა იმის მტკიცება, თითქოს საქართველოს რაიმე შანსი აქვს, რომ მაკედონიასა და ბოსნია–ჰერცეგოვინაზე ადრე გაწევრიანდეს ნატო–ში! ნატო–ს ბრიუსელის მინისტერიალზე გარკვევით ჩაწერეს კომუნიკეში, რომ მაპ–ის გარეშე ალიანსში გაწევრიანება გამორიცხულია, ამით წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციებს, რომელსაც მიმართავდნენ დღევანდელი ქართული პოლიტიკის "მესვეურნი", რომლებიც აცხადებდნენ, რომ – მაპ–ის გარეშეც მიიღებენ საქართველოს ნატო–შიო, – ანდა, ჩვენ უკვე მოგვცეს "მაპ–ზე უკეთესიო" და ა.შ.
დასასრულისთვის, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა მოუწევს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემის გადასაწყვეტად და ამ გზაზე, რაც უფრო ნაკლები დემაგოგია და მეტი პრაგმატიზმი იქნება, მით უფრო დროულად და ქვეყნის სასარგებლოდ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც პასუხობს ჩვენს ეროვნულ–სახელმწიფოებრივ ინტერესებს!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.