ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, გამგებლებისა და ქალაქების მერების კანდიდატურების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ პარტიებს ეძლევათ. ამის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" დღევანდელ ნომერში წერს.
ხუხაშვილის თქმით, ეს ნორმა მაჟორიტარული არჩევნების იდეას ეწინააღმდეგება და პარტიების სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქეების ძირითად უფლებებს ზღუდავს, აირჩიონ და იყვნენ არჩეული. ხუხაშვილის მიაჩნია, რომ ეს ნორმა ასევე მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისთვის აღებულ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის გახსნის ინტერესს, ადგილებზე საუკეთესო მენეჯერების მოზიდვის ინტერესს და პრემიერ-მინისტრის ცნობილ განცხადებას ეწინააღდმეგება, რომ საქართველოში პოლიტიკოსი მერების ეპოქა უნდა დასრულდეს.
"ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ნორმა, საზოგადოდ, სახელმწიფო ინტერესს ეწინააღმდეგება"- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, გასაგები მიზეზების გამო, ეს პარტიებს შორის შეთანხმების საგანი გახდა. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის, რომელსაც არსებულ პოლიტიკურ სპექტრში არ ჰყავს რეალური კონკურენტი, ბუნებრივია, პოლიტიკური სივრცის მსგავსი შეზღუდვა სასარგებლოა, რადგან ამოცანას უადვილებს.
"ეს სასარგებლოა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", რადგან ამ შემთხვევაში, იზრდება იმის შანსი, რომ საბოლოოდ დაიმკვიდროს მთავარი ოპოზიციური ძალის სახელი, რადგან თვლის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მისი კონკურენტები არიან არა პარტიები, არამედ მთლიანად არაპარტიული საზოგადოება. ადგილებზე ადამიანურ რესურსს მოკლებული დანარჩენი პარტიებისთვის ეს არის შანსი, შეავსონ თავიანთი რიგები იმ ადგილობრივი ავტორიტეტებით, რომლებიც უკმაყოფილონი არიან როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლებით"- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც პარტიული პოლიტიკური ინტერესი გრძელვადიან სახელმწიფო ინტერესს ანაცვლებს.
"მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ არსებული პარტიული სპექტრი ვერ აკმაყოფილებს ევროპისთვის დამახასიათებელი მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მოთხოვნებს და საჭიროა ახალი პოლიტიკური ჯგუფების თუ ლიდერების პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა. ამ ადამიანებს ეუბნებიან, თუ გინდა, გახდე გამგებელი ან ქალაქის მერი, ჯიბეში უნდა ჩაიდო პარტბილეთი, ან სხვა ფორმით მიეკედლო რომელიმე პარტიას"- განაცხადა ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.