თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, 2014 წლის თებერვალში ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, პოლიტიკურ დევნას ემსახურება და ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც კანონს დაემატა 134/4 მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ.
"მინდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისევე, როგორც ყველა თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანს მივმართო და ვთხოვო, მათ აქვთ შესაძლებლობა და ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად მე შევიტანთ საკონსტიტუციო სარჩელს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ ეს მუხლი, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ნიშნით პოლიტიკური დევნა, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ეს მუხლი ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" იქ, სადაც გაიმარჯვებს, აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული ყველა ადამიანის სამსახურიდან გაშვებას" - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ეს ადამიანის შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
ყოფილი მერი კანონში ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უკავშირებს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილი აქვს 20 ათასამდე ადამიანი გაუშვას სამსახურიდან და ისინი საკუთარი ნათესავებით ჩაანაცვლოს.
"ეს დირექტივა პირდაპირ მთავრობიდან, კერძოდ პარტია "ქართული ოცნებიდან" მოდის. ეს მუხლი და ეს ნორმა პირდაპირ კავშირშია ირაკლი ღარიბაშვილისა და კახა კალაძის ამასწინდელ განცხადებასთან, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები, ვინც კარგად იმუშავებენ, დასაქმდებიან" - განაცხადა უგულავამ.
ამასთან, მისი თქმით, ეს ჩვეულებრივ ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაშიც ვანო მერაბიშვილს ბრალი დასდეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
"ფაქტია, რომ ღარიბაშვილს, კალაძეს და "ქართულ ოცნებას" 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილი აქვს 20 ათასამდე ადამიანი გააგდოს სამსახურიდან და ჩაანაცვლოს ისინი საკუთარი ნათესავებით, საკუთარი პარტიის აქტივისტებით და აქვე კანონით საზღვრავენ რომ ამისთვის, განსაზღვრულია 120 დღე. ანუ ყოველგვარი კონსტიტუციის და წესების უგულვებელყოფით, ყველა ადამიანი გამოცხადებული იქნება მოვალეობის შემსრულებლად, მათი დათხოვნა შესაძლებელი იქნება უპრობლემოდ"-აცხადებს გიგი უგულავა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება, რადგან ის გარდამავალი პრიმა მუხლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.