საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ გააჟღერეს ევროპელი პარტნიორების მიერ მათ მიმართ გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასავლეთში, სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს შესახებ მისაღები რეზოლუციებიდან დადებითი შეფასებების ამოღებასა და მათი ნეგატიური რეკომენდაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ. ერთ-ერთი ასეთი საკითხი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ვიზა-ლიბერალიზაციის თემას შეეხება. ამ თემაზე დღეს პრეს-კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირა"-ს პრესკლუბში გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ში მიაჩნიათ, რომ ამ პროცესის ჩაშლას დაჟინებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რადგანაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათი მტკიცება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აცდენილია დასავლეთის გზას და ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება არარეალურია, სრულიად გაქარწყლდება. დასავლეთში ცრუ ინფორმაციების გავრცელების კუთხით, განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და დეპუტატი გიორგი კანდელაკი აქტიურობენ.
„პოზიცია“-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძე და კანდელაკი ოფიციალურად აცხადებენ, რომ მათი პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას, სინამდვილეში ისინი უცხოეთში ვიზიტებისას თუ ოფიციალური მიმოწერებისას სხვაგვარად იქცევიან. აღნიშნული პოლიტიკოსები, სააკაშვილის უშუალო დავალებით, მცდელობას არ აკლებენ დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები და გადაწყვეტილებების მიმღები ევროპელი კოლეგები იმაში, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში, რადგან ქვეყანაში თავისუფალი მედიის შევიწროებას და პოლიტიკური ნიშნით დევნას აქვს ადგილი, რის ერთ-ერთ მაგალითადაც მათ „რუსთავი 2“ მოჰყავთ.
როგორც „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2“ -ის გარშემო მიმდინარეობს, არის კერძო სუბიექტებს შორის დავა და მას არავითარი კავშირი არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან. პირიქით, პრობლემა სათავეს სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან იღებს და უკავშირდება კონკრეტულად სააკაშვილის უკანონო ქმედებებს, კერძოდ იმას, თუ როგორ წაართვა მან ტელეკომპანია მის მაშინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისი წილის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს.
„პოზიცია“-ს მიაჩნია, რომ ამ კერძო დავის მიბმა ევროკომისიის მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ შეფასებასთან, რომელსაც ევროკომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უსუსური მცდელობა იმისა, რომ გავლენა მოახდინონ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებ ჯგუფებზე.
„პოზიცია“ მიიჩნევს, რომ „ნაციონალების“ ამგვარი ნაბიჯები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც მათი აზრით, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს გაზრდის.
„როგორც ჩანს, ბაქრაძეს და სააკაშვილის დავალებების ბრმად შემსრულებელ სხვა პირებს ის დრო მოენატრათ, როცა მათ ლიდერს საქართველოს მოქალაქეები -ათეულობით ათასი ადამიანი დიდ ზონაში ჰყავდა გამომწყვდეული და მათ, არა თუ ევროზონაში თავისუფლად გადაადგილებაზე, არამედ ამ ზონიდან თავის დაღწევაზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ“, აცხადებენ „პოზიციაში“.
მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიენიჭებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ წევრ ქვეყნებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.