საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ცნობილი ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე. როგორც მან guardian.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ გეგმავდა, თუმცა, იმ ფონზე, რაც ხდება დღეს რაგბის კავშირში, გამორიცხული არ არის, საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები გამართოს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდგ მიიღო, რაც პრეზიდენტის პოსტზე, თავიანთი კანდიდატურები მოქმედმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ და ცნობილმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ მოხსნეს.
რატომ მიიღეს აბუსერიძემ და ცაბაძემ მსგავსი გადაწყვეტილება და იყო თუ არა ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ჩარევა, როგორი ხელმძღვანელი სჭირდება რაგბის კავშირს და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული რაგბის განვითარებისთვის, ამ და სხვა საკითხებზე ლევან ცაბაძემ guardian.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
- რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე, საკუთარი კანდიდტურის წამოყენებას ვფიქრობდი რეგისტრაციის ბოლო დღემდე. თუმცა, იმის გამო, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარ და სახელისუფლებო გუნდს წარმოვადგენ, მოვერიდე მითქმა-მოთქმას. საუბრები კი აუცილებლად იქნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, მე ხელისუფლების სასურველი კანდიდატი ვარ და ამით მმართველი გუნდი ერევა არჩევნებში. მაგრამ ამ ეტაპზე, ისეთი სიტუაციაა, ახალი ყრილობის თარიღის გამოცხადების შემდეგ, არ გამოვრიცხავ დავიწყო შიდა კონსულტაციები რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე. მაქვს ჩემი აზრი და გავაცნობ ჩემს აზრს ყველა მორაგბეს, ვისაც სიტყვა ეთქმის და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება, ვის მისცემენ ხმას, მე თუ ჩემს რომელიმე ოპონენტს. დამერწმუნეთ, რაგბის კავშირს ჰყავს ღირსეული დელეგატები და ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი, ღირსეულად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ზოგადად კი ვიცი, რომ იყო საუბრები ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე და მინდა ამასთან დაკავშირებით განვაცხადო - 20-25 წელია რაგბიში ვმოღვაწეობდი და მე ვიცი ადრე რა იყო და დღეს რა სიტუაცია გვაქვს. დღესდღეობით ხელისუფლება სიკეთის გარდა, რაგბისთვის არაფერს აკეთებს. მით უმეტეს, შიდა საქმეებში არ ერევა. საუბრობდნენ ივანიშვილზეც. ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით, 80 მლნ ლარი დახარჯა იმისთვის, რომ რაგბის ჰქონოდა შესაბამისი ბაზები. რაგბი ყოველთვის იყო აპოლიტიკური, იქნება აპოლიტიკური და იდგება იმ მხარეს, სადაც ის ქვეყანას დასჭირდება.
- ბ-ნო ლევან, ირაკლი აბუსერიძისა და გია ნიჟარაძის მიერ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების მოხსნის ფაქტს როგორ შეაფასებთ, თქვენი ინფორმაციით რა მოხდა?
- სიმართლე რომ გითხრათ, მე არც გია ნიჟარაძესთან მისაუბრია ამის თაობაზე და არც ირაკლი აბუსერიძესთან. თუმცა, მაქვს რაღაც გარკვეული ჩემი ვარაუდები. ირაკლი აბუსერიძეს, მის წარსულსა და ღირსებას, ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბინძურად ეხებოდნენ. რაგბს ვერ ითამაშებ თუ ღირსება არ გაგაჩნია. ადამიანისთვის, რომელსაც სიყვარულის მეტი არაფერი დაუმსახურებია, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში იდგა ყოველთვის, რთულია, როდესაც დაუმსახურებლად ტალახს ესვრიან. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ აბუსერიძემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო.
რაც შეეხება გია ნიჟარაძეს, შესაბამის გადაწყვეტილებამდე ისიც არსებულმა ამაზრზენმა სიტუაციამ მიიყვანა. ნიჟარაძე იყო რვა წლის განმავლობაში პრეზიდენტი, გამომდინარე აქედან, მას ჩამოუყალიბდა გარკვეული ურთიერთობები დელეგატებთან, ამ დელეგატებიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც აბუსერიძეს უჭერდნენ მხარს. მე ვფიქრობ, ამის გამო შეიქმნა უხერხული მდგომარეობა და სწორედ ამას მოჰყვა ორივე ადამიანის მიერ კანდიდატურის მოხსნა, რაც თავისთავად ძალიან სამწუხარო ფაქტია.
მსგავსი სიტუაცია მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რა უხერხულობის მომტანიცაა. 2008 წელს, მე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გავხდი, ათასი სიბინძურე და სისულელე იწერებოდა. სწორედ ამის გამო, მივიღე მაშინ გადაწყვეტილება, რომ აღარ გამეგრძელებინა მოღვაწეობა იქ, სადაც ვიყავი. როდესაც მთელი ცხოვრება აკეთებ საყვარელ საქმეს მთელი გულით, ავტორიტეტული ხდები და ვიღაც, დილეტანტი ერთი ხელის მოსმით, ამას ანადგურებს, ძალიან გულსატკენია.
თამამად შემიძლია ვთქვა, აქ არ ჩარეულა მთავრობა, აქ ჩაერია ათასი ჭორი და სიბინძურე, აქ იყვნენ ვაი-ექსპერტები და ვაი-მკითხავები. აბუსერიძის და ნიჟარაძის მიერ საკუთარი კანდიდატურების მოხსნა, ავანტურისტი ადამიანების ნახელავმა გამოიწვია.
აბსურდული ბრალდებების ნაცვლად, გამოვიდნენ და თქვან, რომ აი მე დამირეკა ვთქვათ, კალაძემ, ცაბაძემ ანუ დადონ ფაქტები და თავი დაანებონ ბინძურ ჭორებს.
-თქვენი აზრით, როგორი ხელმძღვანელი სჭირდება დღეს რაგბის კავშირს? თქვენ რომ იყოთ მისი პრეზიდენტი, რა ნაბიჯებს გადადგამდით?
- მე არ მომწონს ის განვითარების გზა, რომელ გზაზეც ჩვენ ვდგავართ. არ დავიწყებ იმ შეცდომების ჩამოთვლას, რაც იქნა დაშვებული, თუმცა, დღეს ჩვენი განვითარების პრინციპი იგივეა, რაც შეიქმნა ბიძინა გეგიძის დროს. ახლა ჩვენ სხვა ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ. გია ნიჟარაძემ ძალიან ბევრი და დიდი საქმე გააკეთა. თუმცა, ერთი ძირითადი შეცდომა რაც დაუშვა იყო ის, რომ იმ რესურსში რაც გააჩნია დღეს რაგბის კავშირს, არ გამონახა თანხები საიმისოდ, რომ „ჩელენჯ კაპში“ მიეღოთ მონაწილეობა. რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს არის ის, რომ საკლუბო დონეზე განვავითაროთ ქართული რაგბი. დღეს, მხოლოდ ეროვნული ნაკრებია განვითარებული და ასი თავით მაღლა დგას ქართულ სარაგბო სამყაროსთან, რაც ძალიან ცუდია. აქვე, თხოვნით მივმართავ ყველას, განსაკუთრებით კი რაგბის გულშემატკივარს, პატივი ეცით ამ სპორტს, ჩვენს ქვეყანას, ნუ აყვებით მითქმა-მოთქმას. ეს სპორტი ყველა რაგბისტისთვის ძალიან ძვირფასი და წმინდაა, აქედან გამომდინარე არ იმსახურებენ ეს ადამიანები ცილისწამებას. მე მეამაყება რომ ვარ მორაგბე, ვემსახურებოდი ამ სპორტს, ჩემს ქვეყანას. ვისთვისაც ასევე საამაყო და მნიშვნელოვანია ეს სპორტი, გთხოვთ რომ გაგებით მოეკიდოთ მიმდინარე პროცესებს. არ შეიძლება ასე ხელაღებით საუბარი და ამდენი ტალახის სროლა რაგბის კავშირისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.