საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ქართული საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფ. ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე შეჩერებული იყო.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.