"რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესის გამარტივება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია" - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა guardian.ge-სთან საუბარში, რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"თუ ეს წმინდა ჰუმანიტარული გამარტივებაა, მისასალმებელია. მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე რუსეთში სამუშაოდაა წასული და ვიზის აღების გამარტივებული წესის შედეგად, ამ ადამიანებს გაუადვილდებათ და გაუუმჯობესდებათ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, რაც ძალიან კარგია. თუ უვიზო რეჟიმს დააწესებენ, ეს შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის მხრიდან სერიოზულ ნაბიჯად და სერიოზულ განაცხადად. საქართველო მომავალი წლიდან აუცილებლად მიიღებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, ამ კონტექსტში და ამ ფონზე რუსეთს ვერ განვიხილავ, უბრალოდ რუსეთი უვიზო რეჟიმის დაწესებით, ალბათ, შეეცდება საქართველოს ალტერნატიული ილუზია შეუქმნას" - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გამარტივების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინათ გაავრცელა.
ხვალიდან, 23 დეკემბრიდან, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც არ გამოირიცხება.
"რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში.
რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 17 დეკემბერს შემაჯამებელ წლიურ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადი, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.