"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის, ლევან თარხნიშვილის მიერ გუშინ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერებულ თემებს, რომელთაგან ერთ-ერთი, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს შპს "კრისტალთან" 743 ათას ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხებოდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რევაზ ბენიძე ეხმაურება. guardian.ge-სთან საუბრისას ბენიძე ამბობს, რომ "ნაციონალების" ხრიკები ყველასათვის ნათელია. ისინი ცდილობენ კენჭი მთად აქციონ, თეთრი შავად მოგვაჩვენონ, სიტყვათა თამაშით საქმეში ნაკლებად ჩახედული მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებენ".
ცაგერის გამგებლის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რას ნიშნავს თარხნიშვილის ტერმინი "გამარტივებული წესით" თანხების განკარგვა. როგორც რევაზ ბენიძე აცხადებს, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
"საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2106 განკარგულებით, რომელიც შემადგენელი ნაწილია მთავრობის 2015 წლის იანვრის #39 განკარგულებისა (ამ განკარგულებაში შევიდა ცვლილებები) ცაგერის მუნიციპალიტეტს გამოეყო 743 ათასი ლარი კონკრეტული დანიშნულებით: განხორციელებულიყო ქალაქ ცაგერში ნინოშვილისა და ასათიანის ქუჩების რეაბილიტაცია. ვეკითხები ბატონ თარხნიშვილს - ოქტომბრის ბოლოს დაწყებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო თუ არა ხარისხიანად? ზამთარს ხომ არ უნდა დავლოდებოდით? ანდა არ შეგვესრულებინა მთავრობის დადგენილების მოთხოვნა, რომ სახელმწიფო შესყიდვა არა "გამარტივებული წესით" არამედ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ხაზს ვუსვამ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით უნდა განგვეხორციელებინა?! ფაქტი კი ისაა, რომ უკვე განხორციელებული, ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების გამო მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს", აცხადებს რევაზ ბენიძე.
ცაგერის გამგებლის თქმით, ის არ შეეხება ლევან თარხნიშვილის პრეს-კონფერენციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია საგზაო დეპარტამენტსა და შპს "ცეკურს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს დეპარტამენტი გასცემს.
"მე კი ის ვიცი, რომ ასრულდა ჩვენი დიდი ხნის ოცნება და გზას, რომელიც მართლაცდა აღარ ჰგავდა გზას, 30-კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვას საათი, საათნახევარი სჭირდებოდა, დღეს 15-20 წუთში გავდივართ. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ ცაგერი-ორბელის რთული კატეგორიის გადასასვლელზე, არაერთხელ გადაგვარჩინა უმძიმესი შედეგების ავტოსაგზაო შემთხვევებისაგან", აღნიშნა გამგებელმა, რომელიც თარხნიშვილის გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ იმ განცხადებასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც "2014 წლის ოქტომბერში ფინანსურმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე (#092271014008) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე". თარხნიშვილის ინფორმაციით, "საქმე ეხებოდა 2013-2014 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში შეუსრულებელ სამუშაოებს". ამ თემაზე კომენტირებისას კი რევაზ ბენიძემ guardian.ge-ს განუცხადა:
"ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლის მაისში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო მოკვლევა ზოგიერთ ფაქტზე, მაგრამ საქმე ეხება 2012-13 წლებს, რა პერიოდზეც მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რადგან მე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამირჩიეს გამგებლად და აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას 2014 წლის ივლისში შევუდექი. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს თარხნიშვილზე უფრო კარგად თავად სამართალდამცველები გაარკვევენ," დასძინა რევაზ ბენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.