"რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში "ფინური ვარიანტი" სჭირდება", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Financial Times- ი ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატიას".
დიახ, ეს, დიდი პატივია, როცა პოლიტიკის და პოლიტოლოგიის მეტრის მიერ გახმოვანებული მოსაზრებები, ემთხვევა რიგითი პოლიტოლოგის ნააზრევს! საქმე ის არის, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვწერ, რომ ფინეთის და ავსტრიის მსგავსად, რომლებიც ნეიტრალური სახელმწიფოები არიან, საქართველოსთვისაც აუცილებლად მიმაჩნდა და მიმაჩნია ასეთი სტატუსი მიღება, რათა ქვეყანა გავამთლიანოთ - სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში! ჩემი ოპონენტები კი, ბრალდებებს მიყენებდნენ, ერთნი, ბრალს მდებდნენ "რუსეთუმეობაში", ხოლო მეორენი, დასავლეთისადმი "მორჩილებაში" მადანაშაულებდნენ. ამაზე, ქვემოთ მოგახსენებთ. ახლა კი, იმედია, რომ "პროდასავლურები" დიდ ზბიგნევს, ამერიკული პოლიტოლოგიის ერთ-ერთ მამას "კრემლის აგენტობას" ვერ და არ დააბრალებენ, ხოლო "პრორუსები", უკრაინის მაგალითზე მაინც მიხვდებიან იმას, რომ გლობალურ პოლიტიკაში დასავლეთის მონაწილეობის გარეშე და რუსეთთან ერთი-ერთზე "ფლირტით" საქართველოს პრობლემების მოგვარება შეუძლებელია!
დავუბრუნდეთ თემას, დიახაც, "ავსტრიული და ფინური" ვარიანტები ზუსტად ესადაგება საქართველოს და უკრაინის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, მათ ამოცანებს და მიზნებს! ხოლო, კონფრონტაცია რუსეთთან, რაც სააკაშვილმა მოახდინა საქართველოში, დღეს კი სთავაზობს უკრაინას, იქნება დამღუპველი, რომელიც უპერსპექტივოა და საბოლოოდ დაანაწევრებს ორივე მათგანს!.. და კიდევ, უკრაინის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს დიდი სახელმწიფო და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ბ-ნი ბჟეზინსკი, რომელიც დასავლეთის რუსეთისადმი რადიკალური პოლიტიკური კურსის გატარების მომხრე და სულისჩამდგმელად გვევლინებოდა, დღეს, რუსეთის და დასავლეთის ერთობლივი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს, რაც ჯდება საქართველოს ინტერესებში. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აუცილებელია მისი იდეის გააზრება და ამის საფუძველზე ალტერნატიული სტრატეგიული "ფორმულის" შემუშავება, რომელიც ქვეყნის გამთლიანების და დეოკუპაციის საშულებას მოგვცემს!
აი, ინებეთ რამდენიმე ციტატა ზბიგნევ ბჟეზინსკის "რეცეპტიდან", რომელიც დაიბეჭედა "ფაინეშენალ თაიმსში":"რუსეთს შეუძლია უკრაინა მწვავე, დესტრუქციულ და საერთაშორისო მასშტაბით სახიფათო სამოქალაქო ომში ჩაითრიოს. ყირიმს და უკრაინის რამდენიმე სამრეწველო აღმოსავლეთ ნაწილს გამოყოფისკენ უბიძგოს". - ანუ, რაც რუსეთმა უკვე განახორციელა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში - სეპარატისტიზმის გაღვივება და მათი "დამოუკიდებლობის აღიარება". ამასთან, ამერიკელი პოლიტოლოგი დასავლეთს მოუწოდებს:"აშშ-მ უნდა აუხსნას პუტინს, რომ ისარგებლებს საკუთარი გავლენით, რათა ნამდვილად დამოუკიდებელმა და ტერიტორიულად მთლიანმა უკრაინამ გაატაროს ფინეთის მსგავსი კურსი – ჰქონდეს ორმხივი, ურთიერპატივისცემაზე აგებული მეზობლობა, რუსეთთან და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, არ მიიღოს მონაწილეობა სამხედრო ალიანსში, რომელსაც მოსკოვი მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს და ამასთან, გააფართოვოს ევროპასთან ჩართულობა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ფინური მოდელი იდეალური მაგალითია უკრაინისთვის, ევროკავშირისა და რუსეთისთვის. თუმცა, პრივატულ საუბრებში ვაშინგტონმა უნდა განუმარტოს კრემლს, რომ კიევში განვითარებადი დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობა ან უკრაინისთვის ზოგიერთი ნაწილის გამოყოფა, რომ აღარაფერი ითქვას რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების შიდა კონფლიქტებში ღია ან ფარულ ჩარევაზე, აიძულებს ვაშინგტონს ისარგებლოს საკუთარი საერთაშორისო გავლენით, რათა გადადგას ნაბიჯები, რომელიც მოსკოვს ეკონომიკურად ძვირად დაუჯდება".
ახლა კი, თქვენი ნებართვით, ჩემი სტატიიდან (interpressnews.ge. "საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების სტრატეგია ავსტრიის გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს" - 18.05.2012.) ორ ციტატასაც მოვიყვან, რათა დარწმუნდეთ იმაში, თუ როგორ დაემთხვა ერთმანეთს ბ-ნი ბჟეზინსკის მიერ გამოთქმული იდეა, თქვენი მონა-მორჩილის მიერ ადრე გახმოვანებულ მოსაზრებებს. ამ სტატიაში, ჩემი მიმართვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, იმის იმედად, რომ სააკაშვილის ავანტიურისტულ რეჟიმს გამოვცვლიდით და შესაძლებელი გახდებოდა ამ იდეის განხორციელება, მაგრამ... მოკლედ, იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ, დიდ პოლიტანალიტიკოსს, ბ-ნ ზბიგნევ ბჟეზინსკის მაინც დაუჯეროს!..
ახლა კი, პირველი ციტატა სტატიიდან, - ჯუმბერ კირვალიძე:"..ნეიტრალიტეტისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ", ბატონო ბიძინა, არამედ - საქართველოს გამთლიანებისთვი! აბა ისე, რა საჭიროა ნეიტრალიტეტი, თუ მისი მეშვეობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვერ დავიბრუნეთ?! ამის მისაღწევად კი, ნეიტრალიტეტის, როგორც საშუალების და მეთოდის გამოყენება, ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოირიცხოს.
სწორედ ამას არ ითვალისწინებენ ნეიტრალიტეტზე უნდობლობით გამსჭვალული ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები. ეს არ გახლავთ ის ნეიტრალიტეტი, რომელიც ხშირად მაგალითად მოყავთ ამ იდეის მოწინააღმდეგეებს (არადა, თავად ვერაფერს გვთავაზობენ?!), მხედველობაში მაქვს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და მენშევიკურ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელიც იყო ორმხრივი და არც საერთაშორისო გარანტორები ჰყავდა და არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეყრდნობოდა (პირიქით, შეიცავდა ისეთ პუნქტებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ნეიტრალიტეტთან) ასევე, არ გამოდგება ამ იდეის საწინააღმდეგოდ მოლდოვას მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რომელიც არ ავალდებულებს არაფრით არც რუსეთს და არც დასავლეთს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ნეიტრალიტეტზე, რომლის გარანტორები იქნებიან - აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო.
კარგად მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფრთხილობს (მართალიც არის), ვინაიდან, ნეიტრალიტეტი, მოსკოვის შემოგდებული თემა იყო და მას პრორუსული ძალები ლობირებდნენ. სწორედ ამ "ლობისტებს" მივმართე ჩემს ერთ სტატიაში: " ბატონებო, თქვენ კარგად იცით, რომ კრემლს დიდი ხანია შემუშავებული აქვს საქართველოს "ნეიტრალიტეტის რუსული სცენარი", - ანუ, ნეიტრალიტეტის "რუსული ვერსია", რომლის შესახებაც თქვენ "ბავშვური გულუბრყვილობით" კითხულობთ - "რას ნიშნავს ეს რუსული ვარიანტი"?! საიდან მოიტანა ამ პოლიტოლოგმა"?! "რას ნიშნავს" ჩემო "მიამიტო" ბატონებო და მისი განხორციელება ნიშნავს შემდეგს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის იმიტაციას, ეროვნული თავისუფლების პროფანაციას, - სუვერენიტეტის დაკარგვას!". ამ თემაზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სერიოზულად და ქვეყნის სასიკეთოდ არავინ დაფიქრებულა. ჩემი აზრით, საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების მაშველი ხაზი ნეიტრალიტეტზე გადის. მაგრამ, საქართველოს ნეიტრალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური და ყოველმხრივ დაცული, თუ ის დაეფუძნება საერთაშორისო სამართალს და მას ეყოლება საერთაშორისო გარანტორები - აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, გაერო. რუსეთუმე ლობისტები კი, გამოირჩევიან ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკით და აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთი უნდა იყოს საქართველოს ნეიტრალიტეტის ერთადერთი გარანტორი.
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ჩიხური სიტუაცია იყო ავსტრიაში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად დასავლეთსა და სსრკ–ს შორის, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ დეოკუპაციაზე, იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, პირველები საბჭოთა ჯარები შევიდნენ, მაგრამ, ვინაიდან ავსტრიაში კომუნისტური პარტია ძალიან სუსტი იყო, მათ ვერ შეძლეს მარიონეტული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა. სსრკ-ს მიერ ავსტრიის ოკუპაცია 1945 წლიდან 1955 წლამდე გაგრძელდა. რუსებმა ამერიკელებს წაუყენეს წინაპირობა, რომლის არსი ასეთი იყო, - რუსები ავსტრიიდან ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანდნენ, თუ პარალელურად, მოკავშირეებიც: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დატოვებდნენ მათ მიერ დაკავებულ სექტორებს. შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, - ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტებიც ოთხივე მოკავშირე გახდა. 1955 წელს მოხდა ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აქტის მიღება (იგი ახლაც ძალაშია), რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანონითაც (კონსტიტუცია) განისაზღვრა. ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ში. სხვათაშორის, იმდროინდელი ავსტრიის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ნეიტრალიტეტისა და ნატო-ს შექმნისას სურდათ ალიანსში შესვლა, მაგრამ, - მხოლოდ ნეიტრალიტეტის მიღება იძლეოდა ქვეყნის დეოკუპაციის საშუალებას და მათ ეს არჩევანი გააკეთეს. ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ავსტრიელები არ შემცდარან და მათ აიხდინეს - ავსტრიული ოცნება.
ქართველებმაც ავსტრიელების სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, - უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზე, თუ ეს გადაწყვეტილება (შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის) უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას და გამთლიანებას, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას". - და, მეორე ციტატა:"..ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია,ესტონეთი) ვახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბალტიის სახელმწიფოებს ნატო-ში შესვლისას არ ქონდათ ავტონომიური წარმონაქმნი თავის ტერიტორიებზე, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ რუსეთზე. ეს, რომ ასე ყოფილიყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბალტიელები ნატოს წევრობის ფასად საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას არ დააყენებდნენ საფრთხის ქვეშ. გავიხსენოთ ფინეთის მაგალითი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, - ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ამის შედეგად დასავლეთიდან მიიღო დიდი ინვესტიციები და განვითარებული ეკონომიკა შექმნა. როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, რუსეთმა ფინეთს თავისი ბაზარი გაუხსნა (ფინური პროდუქცია დასავლეთში, – არაკონკურენტუნარიანი იყო). ამ გონივრული გადაწყვეტილების შედეგია, რომ დღეს ეს პატარა ქვეყანა მსოფლიოში უმდიდრესი სახელმწიფოა, ვფიქრობ, ეს ვარიანტი განხილვის ღირსი ნამდვილად არის".
აი, ასე... მოკლედ, ზბიგნევ ბჟეზინსკის ეს სტატია იმის დადასტურებაა, რომ - დასავლეთში ძალიან კარგად ესმით ის, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, თუ ამ საკითხში არ იქნება მიღწეული კომპრომისი და კონსენსუსი, - დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის! როდესაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს დასავლური კურსის ერთგულებაზე, სწორედაც რომ, ასეთ "ევროპულ ფორმატში ჯდება ნეიტრალიტეტის ავსტრიული და ფინური მოდელები", რომელსაც (ზბიგნევ ბჟეზინსკის "ფორმულას"!) ამერიკელებიც და ევროპელებიც მოიწონებენ და რუსებსაც დაითანხმებენ მის განხორციელებაზე, რაც ნიშნავს - საქართველოს გამთლიანებას და ევროპულ განვითარებას!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.