საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა. უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა - დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ჩაკეტილია გზები.
გურიაში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
უხვი ნალექი მოვიდა ქუთაისშიც, სადაც თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. ქალაქში, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სპეცტექნიკა, გაიწმინდა ქუჩები, დაყარეს ტექნიკური მარილი.
თოვლმა და ყინვამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. მოყინული გზების გამო ქალაქში გადაადგილება გართულებულია. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ყინულზე დაცემის შემთხვევების გამო , 13 გამოძახება დაფიქსირდა.
თოვლის გამო გადაადგილება გართულებულია პუშკინის ქუჩასა და ჭაობის დასახლებაში. უხვი ნალექის გამო გზებზე ბორცვები და ორმოებია წარმოქმნილი, გაწმენდითი სამუშაოები ფერხდება ქვეფენილიან ქუჩებზე, ხოლო ტროტუარებზე მოსული თოვლის გაწმენდა სპეციალური ტექნიკით ხორციელდება.
დიდთოვლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც შეუქმნა პრობლემები. ამ დრომდე ქობულეთის შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე ჩაკეტილია ქობულეთი-გურიის დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები.
ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის დროულად მიწოდების მიზნით, ტექნიკური სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
"მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5%. ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად საწარმოებლად; ისინი აგრძელებენ მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა" - აცხადებენ კომპანიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.