ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, 2015 წლის 30 დეკემბერს, გადაცემა 2030-ში, ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონსა და ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ 2016 წელი რეგიონსა და ევროპაში ისევ რთული იქნება, თუმცა სჯერა, რომ 2017 წლიდან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და "საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში".
ჟურნალისტის შეკითხვაზე - დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დევალვაციის ფონზე, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გააუმჯობესოს - ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
"ლარის დევალვაცია, რომელმაც ცუდი გავლენა მოახდინა ბევრი ბიზნესის მიმართულებაზე და მოსახლეობის ნაწილსაც, იპოთეკარებს, პრობლემები შეუქმნა, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ დევალვაცია არ იყო და არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. კიდევ ვიმეორებ და ვუმეორებ მოსახლეობას, რომ რეგიონში მომხდარი პრობლემები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ის რომ ევროპაში პრობლემებია, მაჩვენეთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელია უფრო წარმატებული, ვიდრე საქართველო. ამ ფონზე, როდესაც კრიზისია რეგიონში, როდესაც ლარი დევალვაციას განიცდის, როდესაც ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორი კრიზისს განიცდის, და არა ნაკლებად, არამედ უფრო მეტად უმეტეს შემთხვევაში, ვიდრე საქართველო, რა თქმა უნდა საქართველო ამას ვერ გადაურჩებოდა, სავაჭრო ბალანსი, პროდუქციაზე ფასები და ა.შ. მოგეხსენებათ ეს როგორ არის კავშირში. მე ადრეც ვამბობდი და შემიძლია დამატებით დღესაც გავიხსენო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ქმედება არ იყო ჩემი აზრით თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე, მანაც გარკვეულწილად შეიძლება ცოტა ზედმეტად ჭარბად მოახერხა ლარის დევალვაცია, მაგრამ ამის გათვლა ახლა ძალიან რთულია, ეს პრობლემაც არ შეიძლება ძირითადად ეროვნულ ბანკს მივაწეროთ. პრობლემა არის საერთო პრობლემა, რომელიც მოხდა რეგიონში, ხდება ევროპაში და დიდი იმედით, რომ ეს კრიზისი, 2016 წელი ისევ იქნება რთული და უნდა დასრულდეს და დიდი იმედი მაქვს რომ უნდა დასრულდეს და იმედი მაქვს, რომ 2017 -დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იმ დაპირებების, მისი თქმით, "გამონათქვამების" კონტექსტი და მნიშვნელობა განმარტა, რომელსაც მას ოპონენტები ხშირად ახსენებენ, როდესაც საუბარი კარგ მე-2, უკეთეს მე-3 და საუკეთესო მე-4 წელს ეხება.
"მე მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი დანაპირები, ჩემი გამონათქვამები, დანაპირებად ეს არ ითვლება, რასაც ხშირად მახსენებენ, რომ ვამბობდი, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება კარგი, შემდგომი უფრო კარგი და დანარჩენი წლებიც იქნება უკეთესი და უკეთესი, მხედველობაში მქონდა, დღესაც მინდა ამას ხაზი გავუსვა, რომ ძირითადი ფუნქცია, რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ და ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს და ინვესტიციები შემოვიდეს, რის ხარჯზეც ევროპის წარმატებული ქვეყნებიც და ამერიკაც გაიზარდა, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ და დავაფუძნეთ ძალიან სწრაფად, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის აბსოლუტურად დაცული, კრიმინალი შემცირდა, მიუხედავად, "ნაციონალების" ვთქვათ, კრიტიკისა. კანონები გასაგებია, დახვეწას საჭიროებს და უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესია მუდმივი. მთავრობა ცდილობს, რომ პრიორიტეტები სწორად დააფინანსოს და მოახერხა, ეს იყო სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, შემდგომ შეიძლება სხვა პრიორიტეტებიც, ვთქვათ ადგილობრივი წარმოების წახალისება და ა.შ. მე რაც მაძლევდა საფუძველს იმისას, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნება წარმატებული, გახლდათ ის, რომ ჩვენ იმ თამაშის წესებს ვაფუძნებთ და დავაფუძნეთ, რის ხარჯზეც სხვა ქვეყნები გახდნენ წარმატებულნი და ეს პროცესი განუხრელად დამკვიდრდა და გრძელდება. აი, ეს აუცილებლად ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს უფრო, უფროს ვერ ვიტყოდი, რადგანაც 3% არ არის სახალისო, მაგრამ ნახეთ აბა სხვის ფონზე, შარშან, მე-2 წელი, რომელიც მე ვთქვი გასაგები იქნება და არა წარმატებული, არათუ რეგიონში ვიყავით პირველები, არამედ ევროპაშიც პირველები ვიყავით," აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა:
"როდესაც რეგიონში კრიზისია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული და ასეთი მაგალითი ეკონომიკაში არ არსებობს. როცა მსოფლიო კრიზისია, იქ ვერც ერთი ქვეყანა ვერ არის სუპერ-წარმატებული, კრიზისს ყველა განიცდის. განიცადა საქართველომაც, მაგრამ ამაში არ არის ჩვენი მთავრობის დანაშაული, რომ, რაც მოხდა დევალვაცია და ა.შ. იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ, რამდენად ეფექტურია საქართველოს მთავრობა, და მახსოვს მე აქ ერთ-ერთ გადაცემაში შეკითხვა დამისვეს, რის შემდეგაც გამიჩნდა იდეა, რომ ეკონომიკური კონფერენციების მოწყობა მოგვეხერხებინა თვეში ერთჯერ, რომელიც გრძელდება. უკვე 4 თუ 5 კონფერენცია იყო და იანვარშიც იქნება, თებერვალშიც იქნება, ჩვენ ვიწვევთ იქ მათ რიცხვში ოპონენტებს და ვუსვამთ შეკითხვას - კიდევ რის გაკეთება შეეძლო ჩვენს მთავრობას და არ აკეთებს - ჯერჯერობით, ვერაფერსაც ვერ ახერხებენ, ის გოცირიძეც იქ მოძვრება, ერთ ნახევარს დაესწრება, მერე მიდის, და გამოდის და სპეკულირებს გამონათქვამებით საკუთარი თავის. მობრძანდეს გოცირიძეც, მობრძანდნენ სხვებიც და სპეციალისტი თუა, სპეციალისტებს დაუსაბუთოს და მიანიშნოს, რომ აი, კიდევ ეს შეიძლება გაკეთდეს და სხვებსაც ამას მივანიშნებ, ეკონომისტობას რომ იჩემებენ და ექსპერტობას, მობრძანდნენ კონფერენციაზე და გვაჩვენონ თავიანთი ხედვა, მაგრამ სპეკულირებით კი არა ტელევიზიების წინ და კამერების წინ, უარგუმენტო გამონათქვამებით, მობრძანდნენ და დაგვეხმარონ. ჯერჯერობით, 4 თუ 5 ჩატარდა, არც ერთი არ ჩანან, ყველა მოწვეულები არიან და ყოველთვის გოცირიძე არ გამოგვრჩება ვთქვათ, ეს გოცირიძე ამოვიჩემე გვარი, მობრძანდნენ და გვაჩვენონ გზა. სხვა დანარჩენი არგუმენტები, რაც შემიძლია მე გითხრათ, რაც თავის მოხსენებაში ღარიბაშვილმა გააკეთა, 3-წლიანი როდესაც შეაჯამა, მე ვფიქრობ, რომ ვინც ახერხებს რეალური ანალიზის გაკეთებას, რეალობიდან მოსთხოვოს ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება იყო საკმაოდ წარმატებული, თუ ძალიან წარმატებული არა და ამის სამტკიცად, კიდევე ერთჯერ შეგახსენებთ, საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს, რომ ჩვენ უკვე კონკურენტუნარიანები ვართ ევროპული ქვეყნების, იტალიას ვუსწრებთ, ესპანეთს ვუსწრებთ, რაღაცებში ვუსწრებთ, ბულგარეთს, საბერძნეთს, ეფექტურობით სწორედ, მთავრობის ეფექტურობით, გამჭვირვალობით, დემოკრატია, კორუფციის ხარისხით და ა.შ. ჩვენ უკვე რეალურ კონკურენციას ვუწევთ ევროპულ ქვეყნებს. საუბედუროდ, ეკონომიკა დღეს არის ასეთი, ჩვენ გვაქვს, ძალიან ღარიბი ეკონომიკა და კიდევ ერთჯერ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ არ ყოფილა მსოფლიოში პრეცედენტი, ვერავინ ვერ დამისახელებს ამის პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში ყოფილიყო ასეთი დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც დღეს საქართველოშია. მხედველობაში მაქვს ღარიბი, რაა? ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია. ვერც ერთ სახელმწიფოს ვერც ერთ დროს ვერ დაასახელებთ, რომ ასეთი ცოტა პროდუქცია იწარმოებოდეს ერთ სულ მოსახლეზე და ასე მტკიცედ იყოს დაცული, მიახლოებული, მტკიცედ არ ვიტყოდი, ასე მიახლოებული იყოს დემოკრატიული ღირებულებები ევროპულ ქვეყნებს და ამას საერთაშორისო ინსტიტუტები ამტკიცებენ. რა თქმა უნდა გაჭირვებული მოსახლეობისთვის ეს არ არის გასაღები და გამოსავალი და ეს ვერ მოუფენს გულს, რომ ეს ასეა. მათ სჭირდებათ რეალური შედეგი, დადგება რეალური შედეგი, აუცილებლად დადგება, დამთავრდება კრიზისი რეგიონში, ევროპაში და საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა და აუცილებლად ეკონომიკური აღმავლობა იქნება საქართველოში, რამეთუ ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.