საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც, შეიძლება, მხოლოდ გაღრმავდეს და პოზიტიურად შეიცვალოს. მარგველაშვილმა ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენს ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც, შეიძლება, მხოლოდ გაღრმავდეს და პოზიტიურად შეიცვალოს. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ეს კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი წარმომავლობის მოქალაქეები დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე,ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრები სამ მოსაზღვრე ქვეყანაში უკვე დაასრულა და საქართველო რეგიონში კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კვლავაც ინარჩუნებს. ქვეყნის პირველმა პირმა სომეხ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და, თავის მხრივ, იგი საქართველოში მოიწვია.
სერჟ სარგსიანის განცხადებით, შეხვედრისას, მხარეებმა მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს, კერძოდ, მათ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. სომხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს თბილი და მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აქვს.
"ტრადიციულად, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ კავშირის გაღრმავებას. ეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ერთსულოვანი ვართ საქართველოს პრეზიდენტთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არსებული კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით არის შესაძლებელი" - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა და ქართულმა დელეგაციამ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან სამუშაო სადილი გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.