"მამუკა ახვლედიანი რამდენიმე მოსამართლეს ლობირებს, მათ შორისაა ჯემალ კოპალიანი, რომელმაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით "გაითქვა" სახელი და ასევე ნინო სანდოძე, რომელმაც 26 მაისს დაკავებულთა საქმეები განიხილა" - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ნინო გვენეტაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი მოსამართლეთა დანიშვნის ბუნდოვან კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლეები ნაცნობობით ინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ახვლედიანი სწორედ ამ მოსამართლეებს ლობირებს.
"მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის ბუნდოვან კრიტერიუმებზე საუბრისას მაგალითად რამდენიმე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დაასახელა. მისი განცხადებით, პროფესიონალიზმისა და სათანადო კვალიფიკაციის გათვალისწინების ნაცვლად, მოსამართლეები ნაცნობობით ინიშნებიან. სწორედ ამიტომ არ გაუგრძელდათ ვადა მოსამართლეებს - ნინო სანდოძესა და დავით ჯუღელს. სასამართლო კორპუსში ამტკიცებენ, რომ დასახელებულთა გარდა, მამუკა ახვლედიანი კიდევ რამდენიმე მოსამართლეს ლობირებს, მათ შორის - ჯემალ კოპალიანს, ირაკლი ადეიშვილს და ლაშა კალანდაძეს. დავით ჯუღელი ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე იყო. მან ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო. ნინო სანდოძემ განიხილა 26 მაისს დაკავებულთა საქმეები. ისინი მოგვიანებით პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინო სანდოძის მეუღლის, შალვა კაკაურიძის საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა იმის გამო, რომ კონკრეტულ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას არაგონივრულად აჭიანურებდა. ჯემალ კოპალიანმა პირველად ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით "გაითქვა" სახელი. მანვე განიხილა მუხროვანის ე. წ. ამბოხში ბრალდებულთა საქმეებიც. ადვოკატების ცნობით, ჯემალ კოპალიანმა ერთ-ერთ სხდომაზე მოწმეებად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოწვევა ვერ გაბედა და განაცხადა, - მე მათ ვერ გამოვიძახებ, თუ გინდათ, თქვენ გამოიძახეთო.
ირაკლი ადეიშვილი ის მოსამართლეა, ვინც სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდა, სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავსო. შარშან მას მოსამართლეობის ვადა ამოეწურა, იუსტიციის საბჭომ უფლებამოსილება აღარ განუახლა. ლაშა კალანდაძე სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ 2005 წელს დაინიშნა და მალევე სისხლის სამართლის საქმე დაეწერა. ეს იყო პაატა როსტომაშვილის, დათო და მიხეილ მაჭარაშვილების საქმე, რომელიც განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით იყო დაკვალიფიცირებული. ადვოკატების მტკიცებით, როცა საქმეში მტკიცებულება არ არსებობდა, მოსამართლე კალანდაძემ ამ პირებს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პაატა როსტომაშვილმა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქართველოს მაშინდელ მთავრობას ჰკითხეს: რატომ გაყალბდა მტკიცებულებები პროკურორის მხრიდან და ეს ყველაფერი რატომ არ გამოიკვლიეს საქართველოს სასამართლოებმა? ის სასამართლოში აქტიურად მონაწილეობდა "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეშიც. ლაშა კალანდაძესაც ამოეწურა მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა. მან 2015 წლის აპრილში კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, იუსტიციის საბჭო არც მას ნიშნავს" - განმარტა გამოცემასთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.