დიდთოვლობისას საქართველოს საავტომობილო გზებზე შექმნილი პრობლემების შესახებ საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე ინსტიტუციონალური პრობლემასთან გვაქვს. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მინისტრი იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც დიდთოვლობისას გზებზე შეფერხებები წარმოშვა.
"ვითარების კონკრეტული შეფასება მიჭირს, თუმცა ობიექტური მიზეზებიც მრავლადაა. ინტენსიური და ძლიერი თოვა ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერსა და 1-2 იანვარს დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, დღესასწაულზე არავის უნდა გარეთ იდგეს და რამე აკეთოს. ბუნებრივია, ეს არც ჩვენ სამსახურებს და არც კონტრაქტორებს არ ამართლებთ, თუმცა ობიექტურად რთული ვითარება შეიქმნა. თანაც თოვლის გაწმენდა ადვილია, თუმცა მისი გზაზე მიყინვის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება რთულდება. გარკვეულ მონაკვეთზე, ტერიტორიის მოვლა-შენახვის უფლებები ისეთ ორგანიზაციებს აქვთ მოპოვებული, რომლებსაც საკმარისი ტექნიკა არ გააჩნიათ. იყო შემთხვევებიც, როცა კომპანიის ბალანსზე მწყობრიდან გამოსული ტექნიკა იყო ან სამუშაოების დაწყებიდან მალევე გაფუჭდა", განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა და პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ პრეტენზიები მის სამსახურთან აქვს.
"თუ კონტრაქტორი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს და საზოგადოებას პრობლემები ექმნება, მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, როდესაც 30-კილომეტრიან გზაზე ერთი გრეიდერი მუშაობს, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო, რომ გამოსავალი მოვძებნო. ქუთაისის შემოვლით გზაზე შეფერხებების შექმნის შემდეგ ტექნიკა ვითხოვე და მდგომარეობის დასტაბილურება შევძელით. დამამშვიდებელი ინფორმაცია მომდიოდა - პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვუმკლავდებითო. გვქონდა მონაკვეთები, სადაც გზების გაწმენდა მოხერხდა. ფოთის მხარეს ნაკლები ყინვა იყო, ზუგდიდიც გაიწმინდა, მაგრამ ზესტაფონიდან დაწყებული ქუთაისის შემოვლითი გზის შუა ნაწილში გზა მოყინული იყო და არავინ წმენდდა. პრობლემა შეგვექმნა სამტრედიიდან საჯავახოსკენ არსებულ გზაგამყოფზეც. მოყინვის გამო, ტრაილერიც გადაბრუნდა, რომლის გზიდან მოცილებაც დროულად ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებში ქუთაისის შემოვლით გზაზე ძლიერი ქარბუქი იყო, რაც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ართულებდა. 5 იანვარს ქარბუქი აღარ იყო, მაგრამ ერთ მონაკვეთზე საცობი მაინც შეიქმნა და სერიოზული სამუშაოების ჩატარებამ მოგვიწია, რომ გზა გაწმენდილიყო და მანქანები ადგილიდან გაგვეყვანა. გაუწმენდავი იყო ხობის გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც, სადაც ტექნიკა ფოთიდან მივახმარეთ. ის, რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც პირადად ჩემი მოსაგვარებელია," აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ კონტრაქტორებს საჯარიმო სანქციები დაუწესდეთ.
"ყველა ხარვეზს ვსწავლობთ. საჯარიმო იქნება თუ ადმინისტრაციული სანქცია, გამართლებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ამ მიმართულებითაც დეტალებს ვსწავლობთ, რა სახის სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება მათ მიმართ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინაა საჭირო, თუმცა პრობლემას 100%-ით არც ეს მოაგვარებს. თოვლი, ქარბუქი და ზოგადად, სტიქია წამყვანი ქვეყნებისთვისაც დაუძლეველია და სრულყოფილ მუშაობას ნურავინ მოითხოვს. უბრალოდ, პრეტენზიები მაქვს იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, მაგრამ საქმე არ გაკეთდა," განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.