კრწანისის რაიონში, აბესაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერი, დავით ნარმანია დახმარებას დაჰპირდა. დედაქალაქის მერი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახებს მერია ქირით გაიყვანს, ვიდრე სახლის შეკეთება არ მოხდება.
"ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. პირველ რიგში, ჩვენ დავპირდით მათ ქირით გაყვანას, ვიდრე არ შევუკეთებთ იმ სახლს, რომელიც დაზიანდა. ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. კარგია, რომ ოპერატიულად მოხდა რეაგირება სამაშველო სამსახურის მხრიდან და ზიანი დიდი არ არის. ძირითადად მაინც ერთ ოჯახს შეეხო და მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ დაზიანებული სახლები დროულად აღვადგინოთ", - განაცხადა ნარმანიამ.
ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ მათ "თბილისის განვითარების ფონდი" მიზანმიმართულად ანგრევს.
"მიზანიმართულად გვანგრევს "თბილისის განვითარების ფონდი". 2 წელია ვებრძვით განვითარების ფონდს. წერილობით მივწერე ნუ მოკიდებთ სახლს ხელს, რადგან ჩვენი ავარიული სახლია და ამას არ გაუძლებს. მომწერეს პასუხად, რომ ამ სახლის მდგრადობაზე ჩვენ ვაგებთ პასუხსო, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ნარმანიამდე მივედი, რომელმაც ასეთი პასუხი გამცა, რომ ფული არ გვაქვს ბიუჯეტშიო", - აცხადებს ერთ-ერთი ქალბატონი.
კრწანისის რაიონში, აბესაძის #18/20-ში ხანძარი დღეს გაჩნდა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა, ერთ შენობაზე ხის აივანსა და სახურავს, ხანძარი დაახლოებით 75 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მეორე შენობის სხვენის სახურავს და 10-15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.