საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო პოლიტიკის რევანშისტულ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კრემლის დღევანდელი ქმედებები იმას ემსახურება, რომ დაბრუნდეს არა 1991 წლის, უფრო მეტიც, 1945 წელს არსებული პოლიტიკური წყობა.
თედო ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას ყირიმის კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ თაობისთვის, რომელიც ცივი ომის დასასრულის და მოგვიანებით ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების არა მხოლოდ მოწმე, არამედ უშუალო მონაწილეც გახლდათ, ყირიმში განვითარებული მოვლენები ეგზისტენციალური თვითშეცნობის მომენტი აღმოჩნდა. მისი აზრით, რუსული ნაციონალიზმი ამ კონტექსტში ყოველთვის არსებობდა.
"საბჭოთა კავშირი აშენებული იყო იმპერიულ მოდელზე. მას შემდეგ, რაც სტალინიზმის იდეოლოგიური და სამხედრო ძალაუფლების ძირგამომთხრელი კრიტიკა დაიწყო, ნაციონალიზმის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ნაციონალიზმი, მათ შორის რუსული ნაციონალიზმი, ყოველთვის არსებობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბჭოთა კავშირი იყო იმპერია, და მისმა დაშლამ მთელი რიგი სეპარატისტული და გეოპოლიტიკური ომები გამოიწვია, რომლებიც ხშირად გარეშე ძალების ხელშეწყობით ხორციელდებოდა საკუთარი ინტერესებისთვის და არა მათი ინტერესების გასატარებლად, ვისაც მხარდაჭერას უცხადებდნენ. უფრო მეტიც, ნაციონალიზმი საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია. ამით აიხსნება, თუ რატომ არის მსოფლიო მოწყობილი კონკრეტული მიმართულებით და, ამასთან, ეს არის ცნება, რომელიც ყოველთვის გამოიყენება მოსახლეობის მობილიზებისთვის, მათი, როგორც "ხალხის" ერთიანი ძალით მოქმედებისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, რისთვისაც ლეღვის ფოთლად იქნა გამოყენებული რეფერენდუმი, სამწუხაროდ, ნიადაგს ამზადებს უფრო მეტი მსგავსი ქმედებისთვის", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
ქართველი პარლამენტარის შეფასებით, მოსკოვი ახლა უკვე რევიზიონისტულია, უფრო მეტიც - რევანშისტული, რაც იმას ემსახურება, რომ დაბრუნდეს არა 1991 წლის, უფრო მეტიც 1945 წელს არსებული პოლიტიკური წყობა.
"ცდება, ვისაც სჯერა, რომ არსებული კრიზისი "შეეხება მხოლოდ ყირიმს, რომელიც ისედაც რუსეთის იყო". მაგრამ ასე არ არის: ჩემი აზრით სასწორზე უფრო მეტი რამ დგას. პირველ რიგში მოსკოვის ახირება, რომ გადაიხედოს საზღვრები მხოლოდ ნაციონალურ ნიადაგზე, მსოფლიოს აბრუნებს 1918 წელში, "ვერსალის ფორმატში" და გზას უხსნის სხვადასხვა აგრესიული ქმედებების გამოვლინებას.
მეორე, მოსკოვი იყენებს რევერსულ ქმედებას, რაც ემყარება ნაციონალიზმის დაქვეითებას და ხელშეწყობას მისი ხელახალი გაღვივებისთვის. და მესამე, გავრცელდა სახიფათო ცნება, რომ ეთნიკურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეობა, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის გაეროს საფუძვლებს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, თუ რომელიმე ამ შეხედულებათაგან დამკვიდრდება ან ლეგიტიმურობას შეიძენს მოლაპარაკებების გზით, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ისტორიულად ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიშ დროში, არა ახალი ცივი ომის, არამედ ბევრად უფრო დამღუპველ პერიოდში, ჰობსისეულ მსოფლიოში - "ყველა ყველას წინააღმდეგ".
"კვლავ და კვლავ, მე ვიმეორებ შეკითხვას: ქალბატონებო და ბატონებო, ამ დღეებში: სხვა კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედოთ? რატომ ვამბობ ამას - ყოველ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს და მეტიც, უნდა იმეორებდეს პასტორ ნიმოლერის მწარე გამონათქვამს, რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს: თავდაპირველად ეს მოხდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და მე ხმა არ ამოვიღე, რადგან ქართველი არ ვიყავი... შემდეგ ყირიმის ანექსია მოხდა და არც მაშინ ამოვიღე ხმა, რადგან უკრაინელი არ ვიყავი, მერე კი როდესაც ჩვენთანაც მოვიდნენ, აღარავინ დარჩა ხმის ამომღები... ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ქალბატონებო და ბატონებო!", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.