"ჩვენ არ გვსურს, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ხერხემალს წარმოადგენს, იყოს გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი საკითხებით მოცული", ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "ყველა თაობა საქართველოსთვის" სრულად იზიარებს "ახალგაზრდა ადვოკატთა" მოთხოვნებს, რომ პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი და შედეგები საზოგადოებას ამცნოს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჩაატარონ სრულმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება.
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ფაქტებს მსუბუქი დიარეა უწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მინისტრმა ადრინდელ კომენტარებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი მიზანმიმართულ საბოტაჟად შეაფასა. იგი გვპირდებოდა, რომ მისი უწყება გამოიძიებდა ყველა ზემოხსენებულ გარემოებას და გამოძიების შედეგებს ამცნობდა საზოგადოებას. თუმცა ასე არ მოხდა და ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები საკითხს კვლავ ბუნდოვნად ტოვებს. საინტერესოა, რომელ შემთხვევაში ცრუობს მინისტრი?! ჩვენ, საზოგადოებას და მომავალ ჯარისკაცებს გვაინტერესებს, თუ რამდენადაა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე დაცული".
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" სრულად იზიარებს "ახალგაზრდა ადვოკატთა" მოთხოვნებს, რომ პროკურატურამ დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და შედეგები ამცნოს საზოგადოებას.
"ბატონმა ირაკლი ალასანიამ ასევე უნდა გასცეს არსებულ კითხვებს კონკრეტული, დასაბუთებული პასუხები და ტენდერებთან დაკავშირებულ გაურკვევლობასაც დაუსვას წერტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერები არათანაბარი და უკანონო პროცედურებით ხორციელდება. ჩვენ არ გვსურს, ალასანიამ გაიმეოროს წინამორბედების მიერ შესყიდვებთან დაკავშირებული ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ასევე, არ გვსურს, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ხერხემალს წარმოადგენს, გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი საკითხებით მოცული იყოს. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატარონ სრულმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება და შედეგები ამცნონ საზოგადოებას",-აცხადებენ ორგანიზაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.