პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სპორტზე უნდა იზრუნოს და მას მეტი ყურადღება დაუთმოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე - "საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მისასალმებელია, რომ დღევანდელი კონფერენცია საქართველოში სპორტის განვითარებას ეძღვნება. კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სპორტის სათანადოდ განვითარებისთვის მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სპორტსმენების ძალისხმევა არ კმარა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
"ჩვენმა მთავრობამ სპორტის განვითარების კუთხით ნაბიჯები უკვე გადადგა. მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი, კონკრეტული გეგმებით კი არ შემოიფარგლება, არამედ გრძელვადიანი და სისტემური ხედვა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დავამტკიცეთ, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მისი წარმატებით განხორციელებისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ სპორტს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში სოლიდური იყოს, ხელი შეეწყობა რეგიონულ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს.
"მიგვაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე ეს აუცილებლად დადებითად აისახება. ამასთან ერთად, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების გზების მოძიებას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება. პირველ რიგში, აუცილებელია სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება ამ სფეროში. ამ მხრივ სპორტული არბიტრაჟის საკითხის მოგვარებაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სპორტის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, განვითარებული და თანამედროვე ინფრასტრუტურა ქართველს ხალხს საშუალებას მისცემს მასობრივად ჩაერთონ სპორტში.
"სპორტი ადამიანის ჯანმრთელობას პირდაპირ უკავშირდება. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების სპორტულ აღზრდასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ჩვენ დიდი ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს უნდა დავუთმოთ, რადგან მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ინტერსებსაც და შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საფუძველი ჩაეყაროს სპორტულ ორგანიზაციებს, ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებს შორის ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობას.
"ჩვენ ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამებს შევიმუშავებთ, რათა საქართველო საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად წარსდგეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს შესთავაზა, რომ სპორტში ინვესტიციები განახორციელონ.
"მოგეხსენებათ, ჩვენი არაერთი ბიზნესმენი სახელოვან სპორტსმენებს აფინანსებს, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ და ქველმოქმედებას ეწევიან. მინდა შევთავაზო მათ ახალი ხედვა - შეხედონ ახალგაზრდა, დამწყებ და უკვე პროფესიონალი სპორტსმენების პერსპექტივის, მომავალში ინვესტირების კუთხით, ინვესტიციები ჩადონ და მერწმუნეთ, ისინი უკუგებას მიიღებენ და ამ საქმეში თავიანთი წვლილით იამაყებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.