უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები რეალობას ასახავს.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და თუ ეს არის პროვოცირებული, პროვოკატორებსაც საკადრისად უნდა მიეზღოთ. როგორ შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული, როდესაც ადამიანი იხსნის კამერას, დგამს რამდენიმე ნაბიჯს და იწყებს ხელჩართულ ბრძოლას. თუ ვინმეს ძალუძს, დაადასტუროს, რომ ეს არის ნახატი ფილმი და მულტიპლიკაცია, ეგ სხვა საკითხია“,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შსს-მ 19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, განცხადება გაავრცელა, რომელსაც თან ვიდეოც დაურთო.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს რეალურ სურათს.
„გამომდინარე იქედან, რომ გავრცელებული ვიდეომასალას თან არ ახლავს აუდიოჩანაწერი, ის სრულიად ცვლის იმ რეალურ სურათს, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა. ვიდეომასალა არ ასახავს ინციდენტის დაწყების მომენტს“,-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში მათ მიუახლოვდათ პიროვნება, რომელმაც მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც "რუსთავი 2"-ის ოპერატორმა ჰკითხა თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს დამოკიდებულება. ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიწყო.
შსს-ს ცნობით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
„კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა“,-აცხადებენ უწყებაში.
სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.