ისტორიული ბედის უკუღმართობის გამო, საქართველოში იყო უმძიმესი პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ ასწლეულობით გრძელდებოდა, როდესაც დამპყრობელი იმპერიების პირობებში ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი, უწინარესად, ფიზიკურად გადასარჩენად, ხშირად იძულებით და სამწუხაროდ, გამორჩენის მიზნითაც - გაარაბებულა, გაყიზილბაშებულა, გათურქებულა, გარუსებულა და რაც ყველაზე მტკივნეულია, - გასომხებულა, გაოსებულა, გააფსუებულა!.. იმპერიების მიერ დაპყრობილი სხვა ქვეყნების ისტორიაც არ განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან და ამგვარი მწარე მაგალითები, ეთნიკურობის და აღმსარებლობის ცვლილებისა არაერთი არსებობს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და აზიაში! აი, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია არის ის, როდესაც შენსავე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, იმპერიის მიერ დაპყრობილია თუ არა, - ეროვნულ წარმომავლობაზე არაძალდატანებით ამბობ უარს და ქართველობას, შენს სამშობლოშივე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას ამჯობინებ და მას უერთდები!! რატომ აკეთებ ამას, გამორჩენის მიზნით თუ შენი სიბრიყვით, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგანაც ქართველობისთვის დაკარგული ხარ და მეტიც, მანქურთდები და ყველაზე დიდი მტერი ხდები შენი "ყოფილი" ერისა! როგორც ზევით აღვნიშნე, ქართველს, საქართველოში სამ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით, ნებაყოფლობით "დაუკარგავს" ქართველობა და ამიტომ, მოდით განვიხილოთ ისინი!..
1) "გასომხება". - ამ შემთხვევაში, ერთადერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისთვის უმძიმეს პერიოდებში, როდესაც მიზეზთა გამო მისი გავლენა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაკნინებული იყო, მისი ადგილი დაიკავა და ეკლესიური "სიცარიელე წარმატებით შეავსო" - სომხურმა სამოციქულო გრიგორიანულმა ეკლესიამ! საქმე ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ქართლი, კახეთი), აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხური უმცირესობა, მათ მეზობლად ან ერთ სოფელში მცხოვრები აბორიგენი ქართველები, სომხური სამოციქულო (მონოფოზიტური) ეკლესიის მსახურებით სარგებლობდნენ, ანუ წირვა, ჩვილთა ნათლობა, გარდაცვლილთა წესის აგება, აღსარება, ზიარება და სხვა, სომხურ ტაძრებში სომხურ ენაზე ხდებოდა სომეხი მღვდლების (ტერტერა) მიერ! შედეგმაც არ დაახანა და "შესაბამისი იყო", ანუ დროთა განმავლობაში, ასეთ გარემოში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სომხდებოდა, რადგან ეროვნებას განსაზღვრავდა ის, თუ რომელი სარწმუნოების იყო ადამიანი და რუსეთის იმპერიის პირობებში, მოსახლეობის აღწერისას ასეთებს სომხებად "წერდნენ"! ამავდროულად, ჩვენში ხშირად გაიგონებთ, რომ ამა თუ იმ ქართული ჟღერადობის გვარის ადამიანები სომხები არიან, სინამდვილეში კი, ისინი სისხლით ქართველები არიან, ოღონდ სომეხი ტერტერას მიერ მონათლულები! ისიც არის, რომ საბჭოთა პერიოდში საკმაო რაოდენობის ეთნიკურმა სომეხმა, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც, - ქართულად გვარი გადაიკეთეს და პირად საბუთებში, ეროვნება ქართველი ჩაიწერეს!
2) "გაოსება". - ამ შემთხვევაში კი, სარწმუნოების ფაქტორი ქართველების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიიდან ქართლ-კახეთში გადმოსახლებულ ოსთა უდიდესი ნაწილი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში გაქრისტიანდა! შემდგომ კი, ერთად თანაცხოვრების განმავლობაში, უწინარესად შიდა ქართლში, სადაც ხშირი იყო შერეული ქორწინებები, ასეთ ოჯახებში ორივე ენაზე საუბრობდნენ, თანდათანობით მოხდა ქართველთა ცნობიერების აღრევა და მათი ნაწილი გაოსდა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ოსებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ცხოვრობდნენ! თუმცა, იყო საპირისპირო, მაგრამ ბევრად ნაკლები შემთხვევები, როდესაც ოსები ქართველდებოდნენ და საკუთარ გვარს ქართულ დაბოლოებას აძლევდნენ! 1922 წელს, სსრკ-ს დროს, ბოლშევიკმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქი შექმნეს და ოსების (95% ბოლშევიკები იყვნენ!) სეპარატიზმს საძირკველი ჩაუყარეს, მას შემდეგ, აშკარად დაიწყო ოსების გაუცხოება, ვისაც ქართველები ძმებად თვლიდნენ და არ აქცევდნენ ყურადღებას, ვინ იყო დედით ან მამით ოსი, ყველა თავისიანი ეგონათ! ამ შემთხვევაშიც, შედეგმა არ დაახანა და სუფთა ქართული მიწა-წყლის მიმტაცებელი ოსები, რუსეთის დახმარებით, რუსეთში "შეთრევას" ცდილობენ!
3) "გააფსუება" ("გააფხაზება"). - ბაგრატ მესამის მიერ, ერთიანი საქართველოს სამეფოს შექმნის შემდეგ (დედაქალაქი - ქუთაისი!), ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტული შემდეგნაირად იწყებოდა, - "აფხაზთა და ქართველთა" მეფე, ანუ, პირველი სიტყვა იყო - "აფხაზი", ხოლო მეორე - "ქართველი", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთიანი საქართველოს შემქმნელის სამეფო ტიტული შეუძლებელია იწყებოდეს საქართველოსთვის უცხო ეთნოსის სახელწოდებით და ამიტომ, იგი პირდაპირ ასახავს მის ქართველურ ბუნებას (კოლხ-იბერები, ქუჯი და ფარნავაზი და ა.შ.)! აქედან გამომდინარე, მაშინდელი აფხაზების სალაპარაკო ენას შეუძლებელია კავშირი ჰქონდეს თანამედროვე აფსუურ-"აფხაზურ" ენასთან და დიდი ალბათობით, იმდროინდელი აფხაზები ქართველური, კოლხური ენის რომელიმე დიალექტზე საუბრობდნენ, მსგავსად, - ჭანებისა, სანებისა, ეგრებისა და ლაზებისა! საუბარი არ არის, არათუ ენების ლინგვისტურ ნათესაობაზე ან მსგავსებაზე, არამედ იმ საერთო სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სხვა სახის ერთიანობაზე, ნათესაობაზე, რომელიც ხელისშემშლელი კი არა, პირიქით, ხელისშემწყობი გახლდათ, როგორც ძველ კოლხ-იბერთა პერიოდში, ასევე ბაგრატ მესამის მეფობის დროსაც, რამაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთიან სამეფოდ გაერთიანებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა! მას შემდეგ კი, როცა უმძიმესი ჟამი დაუდგა ერთიან საქართველოს სამეფოს და იგი დაიშალა სხვადასხვა სამეფოებად, სამთავროებად, ფეოდალურ ერთეულებად, აფხაზეთში, როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერ მხარეში ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერება დაკნინდა და განადგურდა, ყველა მხარემ სათავისოდ დაიწყო ფიქრი და მოქმედება, თანაც საგარეო მტრის და ეთნოსის მოძალება განუხრელად იზრდებოდა! კერძოდ, აფხაზეთში, სადაც უხსოვარი დროიდან სახლობდნენ ქართველური ტომები, თანამედროვე მეგრელების და სვანების უშუალო წინაპრები (ადგილობრივი ტოპონიმიკა ამას ამტკიცებს!), ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალი უღელტეხილებით, თანდათან იმატა კავკასიური, მაგრამ უცხო ეთნოსის გადმოსახლება-დასახლების პროცესმა, ეს ხდებოდა განსაკუთრებით მდინარე გუმისთვის დასავლეთით! დღეს აშკარაა, რომ ერთიანი საქართველოს სამეფოს გაქრობამ, იმდროინდელ ქართულ სამეფოებს და სამთავროებს შესაძლებლობა მოუსპო რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ამგვარი დაუკითხავი მიგრაციისათვის და როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, აფხაზეთშიც ადგილობრივი (ქართული) არისტოკრატიის წარმომადგენლებმა ფეოდალური წყობისთვის დამხასიათებელი ურთიერთობა (ბატონ-ყმური, სოციალ-ეკონომიკური) დაამყარეს თვითნებურად ჩამოსახლებულ აფსუას ტომის უხუცესებთან და მოხდა აფსუათა ინტეგრაცია აფხაზეთის სამთავროს ფარგლებში! უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთობლივი თანაცხოვრების 4-5 საუკუნოვანი პერიოდი, საერთო ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურულ- ფსიქოლოგიური ცნობიერების თვალსაზრისით, მეტად სავალალო აღმოჩნდა, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, ისე განსაკუთებით აფხაზეთში, სადაც იმდენად შეილახა ქართული იდენტობა, რომ აფსუებმა ძველი ქართველური ტომის სახელი "აფხაზი მოირგეს", მიითვისეს, თანაც აფხაზური (სავარაუდოდ, რომელიმე კოლხური დიალექტი) აფსუურით ჩაანაცვლეს, თუმცა საკუთარ თავს აფსუურ ენაზე დღესაც აფსუას უწოდებენ და არა - "აფხაზს" (ამიტომაა, რომ 18-საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერს, - აფხაზებს (გულისხმობს აფსუებს) საკუთარი ენა აქვთო და არ ამბობს, აფხაზური მსგავსია მეგრულისო! ხოლო უფრო ადრე, სულხან-საბა ორბელიანი ერთგან წერს, - ტყვე აფხაზი (აქაც, იგულისხმება გააფხაზებული აფსუა) ვნახე და გამიკვირდა ქართული რომ იცოდაო)! დიახ, 16-19 საუკუნეებში აფსუებმა დაიწყეს და დაასრულეს აფხაზეთის (უწოდეს აფსნი), მისი აბორიგენი მცხოვრებლების სახელწოდების აფხაზის (აფსუა) მითვისების პროცესი!აფსუური ენა აფხაზურ ენად გამოაცხდეს და აფხაზეთში დაიწყეს ქართული ტოპონიმიკის გადაკეთება აფსუურად! მოკლედ, დაიწყო გაუცხოების გარდაუვალი პროცესი, რადგან სიყალბეზე დაფუძნებული "ძმობა-მეგობრობა" განწირულია სამტროდ! ამ პროცესებს, სხვადასხვა დროს მხარს უჭერდნენ ოსმალეთის და რუსეთის იმპერიები! ერთადერთი, რაც ფეოდალურ პერიოდში, რუსეთის იმპერიის დაშლამდე, აფხაზეთში სიტუაციის სტაბილურობას ინარჩუნებდა გახლდათ ადგილობრივი არისტოკრატია, რომელმაც ასევე განიცადა "აფსუური ვირუსის" ზემოქმედება, რადგან მათი გვარები ქართულად და აფხაზურად (სინამდვილეში, აფსუურად) სხვადასხგვარად იწოდებოდნენ! განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პერიოდი, როდესაც აფხაზეთში აფსუური ელემენტის მძლავრობის შემდეგ დაიწყო, მომიჯნავე სამეგრელოს სამთავროსთან და მის მოსახლეობასთან, არისტოკრატიასთან და ზოგადად ყველა მცხოვრებთან. დანათესავება-დამოყვრებასთან ერთად, სამეგრელის რეგიონთან ფეოდალური წყობისთვის დამახასიათებელი გაუგებრობები და კონფლიქტებიც მრავლად იყო, მაგრამ, ხალხებს შორის იგი არ ატარებდა ეთნიკური სიძულვილის ხასიათს. ამიტომაც, სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა "აღაშენა და გაამაგრა კელასურის კედელი", რომელიც ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთში აფსუათა გამოჩენამდე, ჯიქების ტომის თარეშის წინააღმდეგ აღიმართა!
დიახ, აფსუებმა შეძლეს სიტყვა "აფხაზის გააფსუება", მაგრამ მათ თვითნებურად ჩამოსახლებამდე საქართველოს ზღვისპირეთში, აფხაზეთში ძველი აფხაზების გვერდით, ძველთაგანვე სხვა ქართველური ტომებიც სახლობდნენ, უწინარესად მეგრელები, რომლებიც სინამდვილეში აფხაზეთში მასპინძლები არიან და მათ აფსუები სრულიად უსაფუძვლოდ სტუმრებს უწოდებენ! აფხაზეთში ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ აღარ არსებობდა ერთიანი საქართველოს სამეფო, აღარ არსებობდა ერთიანი სახელმწიფოს აღქმა, დარღვეული იყო ქართული ცნობიერების ერთიანი სივრცე, დაკნინებული იყო საერთო ქართული იდენტობის შეგრძნება და ა.შ... 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერიამ გააძლიერა სამხედრო მოქმედება თურქეთის მიმართულებით, მის ინტერესს ეწინააღმდეგებოდა კავკასიელ ხალხთა, მუსლიმთა და წარმართთა, ანტირუსული განწყობები და ამიტომ, რუსეთმა დაიწყო მათი იძულებითი გასახლების პოლიტიკა, რაც შეეხო აფსუა-აფხაზებსაც ("მუჰაჯირობა"), ამის შედეგად, აფსუა-აფხაზთა დიდი ნაწილი გადასახლდა თურქეთში და არაბულ ქვეყნებში! მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიას საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი, თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად, აფხაზეთის მხარე ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო და მას სოხუმის ოლქი ეწოდებოდა. "მუჰაჯირობის" შემდგომ პერიოდში, რუსეთის იმპერია აფსუა-აფხაზებს ჯარში არ იწვევდა, როგორც არა სანდო ეთნოსს, აი, ქართველებს კი სამხედრო ბეგარისგან არ ათავისუფლებდა, ეს გახდა პირველი მიზეზი და საბაბი, როდესაც აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა (იგულისხმებიან მეგრელები, აბა, აფხაზეთში კახელს და თუშ-ფშავ-ხევსურს არ უცხოვრია) დაიწყეს პირადობის დამადასტურებელ საბუთებში - "აფხაზებად" ჩაწერა, - რომ არ წაეყვანათ რუსეთის არმიაში! დიახ, ამის გამო, ათასობით ქართველი გააფსუა-"გააფხაზდა"! ისიც უნდა ითქვას, რომ "მუჰაჯირობის" და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მრავალი ათასი ქართველი (უმეტესობა მეგრელი), დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადასახლდა აფხაზეთში, რის გამოც აფსუები მათ "პარაშუტისტებს" უწოდებენ, არადა, ყველაზე "დიდი პარაშუტისტები" თავად აფსუები არიან, ამხელა კავკასიონს დაუპატიჟებლად "გადმოუფრინეს" და ისე დასახლდნენ აფხაზეთში, სადაც ქართველები (უწინარესად, მეგრელები!) დახვდნენ, რომლებიც აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ! სსრკ-ს პერიოდში, განსაკუთრებით 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ზღვისპირა კურორტების ინფრასტრუქტურა განვითარდა და ასეულ ათასობით დამსვენებელი გამოჩნდა, ტურისტების მომსახურების სფეროში ადგილის მოპოვება, - სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, მაღაზიების და სხვა ამგვარი ორგანიზაციების ხელმძღვანელობა (დირექტორობა, გამგეობა და სხვა) ფინანსურად მეტად სარფიანი საქმე იყო, აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ ე.წ. "ცეხავიკებზე", რომლებსაც მონოპოლიზირებული ჰქონდათ ჩრდილოვანი "ბიზნესის" ყველა პრორიტეტული მიმართულება!
ჰოდა, სამწუხაროდ, არაერთი არამედ ასეული და ათასეული შემთხვევა იყო, რომ ამ პოზიციების დაკავების გამო, ქართველი აფსუა-აფხაზად იწერებოდა საკუთარ პასპორტში! საუბედუროდ, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასეთი პრაქტიკა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომელიც არანაირ პროტესტს არ იწვევდა აფხაზეთის ქართველებში! ამას ერთვოდა ის, რომ ძალიან ბევრ ქართველს თავისი შვილი რუსულ სკოლაში შეყავდა, ამავდროულად, იქმნებოდა შერეული ქართული და აფსუურ-აფხაზური ოჯახები, სადაც საურთიერთობო ენა რუსული ან აფხაზური იყო, საჯარო სივრცეში ქართული ენა იშვიათად ისმოდა, მითუმეტეს, რომ მეგრელები ერთმანეთში უმეტესწილად მეგრული ენით სარგებლობდნენ, რის გამოც აფსუა-აფხაზები ძალიანაც ხარობდნენ და ეწეოდნენ ანტიქართულ პროპაგანდას, რომ მეგრელები ქართველები არ არიან! არავინ იფიქროს, რომ აფსუა-აფხაზებად მხოლოდ მეგრელები იწერებოდნენ, უბრალოდ, სხვა ქართველებთან შედარებით ისინი გაცილებით მეტნი ცხოვრობდნენ მაშინდელ აფხაზეთში და ასეც უნდა იყოს, რადგან აფხაზეთში ქართველებიდან მეგრელები სახლობდნენ საუკუნეების იქით და სწორედ ისინი არიან აბორიგენები და არა - "გააფხაზებული" აფსუები!
დიახ, კიდევ ერთხელ სამწუხაროდ, აფხაზეთში მცხოვრებთა შორის შემხვედრია გააფსუებულ-გააფხაზებული იმერელიც, გურულიც, რაჭველიც, რაღა შორს წავიდა და ჩემი გვარის კაცი, აფსუა-აფხაზი კირვალიძე გამაცნეს გუდაუთაში 1982 წელს, რომელიც დედით აფსუა-აფხაზი იყო და მამით ქართველი, რომელიც ბავშვობისას გარდაცვლია!.. აფხაზეთში, 50-ზე მეტი ქართული, იგივე მეგრული დაბოლოების გვარია, რომლების წარმომადგენლები, ერთმანეთის სისხლით ნათესავები - ზოგი ქართველობს და ზოგი აფსუა-აფხაზობს, რომლებმაც ერთურთის სისხლი დაღვარეს 1992-93 წლებში გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში, ამიტომაც, იგი ნაწილობრივ სამოქალაქო ომის ხასიათს ატარებდა! ესაა რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, გავითვალისწინოთ მომავლისთვის, რადგან აფხაზეთში ქართველების დაბრუნების და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების საქმეში, აფხაზეთის მომიჯნავე სამეგრელოს და მეგრელებს ისტორიული, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ!!
P.S. აი, ამაზე მოკლედ ვერ ვთქვი, ბევრი დამრჩა სათქმელი, თუმცა ძირითადი მაინც ითქვა.. ქართველებმა, ჩვენი საბედისწერო შეცდომები უნდა ვაღიაროთ, არ დავმალოთ, თუ გვინდა ფეხზე დავდგეთ და საამაყო სახელმწიფო ავაშენოთ! ჩვენს ჭირს ჩვენვე უნდა მოვუაროთ, ჩვენი შეცდომები ჩვენვე გამოვასწოროთ, მაშინ გავხდებით ღირსეული ერი და ქვეყანა, - "ყოველთა ქართველთა"!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.