მაკრონმა თქვა, რომ მოლდოვას ვერ გამოვაცალკევებთ უკრაინისგან - ორივეს უნდა დავუჭიროთ კანდიდატის სტატუსის მიღებაში მხარიო.
საქართველო გეოპოლიტიკურად ვერ ჯდება ამ მოცემულობაში და თავს შევიკავებთ მხარდაჭერისგანო.
მართალია, დავხედოთ რუკას: საქართველო გეოგრაფიულად სრულიად ხელოვნურად იყო ჩასმული ამ პაკეტში, რადგან საქართველო იყო კავკასიაში ერთადერთი პროდასავლური ქვეყანა. დიდი მოთამაშეები, ოდითგან, პაკეტში უყურებენ პატარა ქვეყნებს. ცალკე საქართველო ვერასდროს იქნება მნიშვნელოვანი, თუ რეგიონულ სინერგიაში არ არის ის ჩართული. კავკასიაში ეს პაკეტი რომ არ გამოდის, ამიტომ უკრაინას და მოლდოვას მიგვაწებეს ასოცირების ტრიოში.
ამ ტრიოში ვიყავით ლიდერები და ამ ტრიოს დაუდგა ისტორიული შანსი. ამ დროს, ხელისუფლება დაჰყვა რუსეთის შანტაჟს და მოგვწყვიტა უკრაინა-მოლდოვას, მიგვათრევს რკინის ფარდის მიღმა.
ძველ ევროპას ყოველთვის ღლიდა ჩვენი ზუზუნი და მოთხოვნები. არავინ დაიჯეროთ რომ საფრანგეთისთვის ან გერმანიისთვის ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია და ტვირთი არაა. უბრალოდ ჩვენ ვაყენებდით მათ, მეგობრების დახმარებით, მორალური ვალდებულებების ქვეშ და უწევდათ ყურადღების მოქცევა.
ახლა, არათუ ჩვენი "ზუზუნი" გაჩერდა, არამედ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ რომ ჩვენმა ყველაზე თავგადაკლულმა ქომაგებმაც ხმა არ ამოიღონ.
ახლა მთელი ჩვენი ლიდერშიპი ბრიუსელში უნდა იყოს და ხვდებოდეს ყველას, რომ თითო სიტყვა ყველამ შეგვაწიოს. მაკრონს ამ განცხადების გამო კისერში უნდა სწვდენოდნენ ბალტიელები, პოლონელები, ამერიკელები, უკრაინელები და ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რომ ამ ხალხს, არც ერთს, ხმა არ ამოეღო. ყველა ისინი, განზრახ მტრად გადაიკიდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო კურსის სტრატეგიული მიმართულება შეცვალა.
დიახ, მე მჯერა რომ ეს პირადად ივანიშვილმა გააკეთა მოსკოვთან შეთანხმებით თუ მისი ზეწოლით.
კმაყოფილია მაკრონი, რომ არაფერს ვითხოვთ; კმაყოფილია პუტინი, რომ საქართველო რკინის ფარდის მიღმა დატოვა; კმაყოფილია ივანიშვილიც, რადგან ყველასთან დალაგდა.
ბალტიელებს, პოლონელებს და სხვებს გული დაწყდებათ, მაგრამ მათი ცხოვრება ნამდვილად არ დასრულდება ჩვენი ტრაგედიით. აი ჩვენს თავზე კი ნამდვილად ტრაგედია ტრიალებს.
გარდა ქვეყნისა, მე ვუყურებ ადამიანურ ტრაგედიებსაც. როგორც ვიცი, ქართულ დიპლომატიურ კორპუსში დიდ პატივს სცემენ ლევან მიქელაძეს. 2007 წელს ის გადადგა ქვეყნის შიგნით აქციის დარბევის გამო. არა საგარეო კურსის სტრატეგიული ცვლილების, არამედ ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენების გამო.
თქვენ კიდე სხედხართ და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას თითქოს არაფერი ხდება, როცა ხელისუფალი აკეთებს იმას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
კაცმა რომ თქვას, ლევან მიქელაძეს ტაშს უკრავთ ამ გაბედული საქციელის გამო, მაგრამ აქ და ახლა მზად ხართ თქვენი ხელით, თქვენი სიჩუმით დაგვტოვოთ რკინის ფარდის მიღმა.
ვიცი, ახლა გადადგომა ნიშნავს დევნას, ჩაწიხვლას და გაჭირვებას, მაგრამ ისტორიის სანაგვეზე ყოფნას ეს ჯობია. ამოიღეთ ხმა! სირცხვილია!
ნამდვილად არ ვარ ყველაზე გაბედული ადამიანი, მაგრამ ახლა მე გადავდგებოდი. ერთხელ ვცხოვრობთ და მთელი ცხოვრება სირცხვილის ზიდვა გამიჭირდებოდა.
როგორც არის ხოლმე ისტორიაში, ამბროსი ხელაიას გმირობას ტაშს ვუკრავთ, მაგრამ როცა ჩვენს პირად კომფორტზე მიდგება საქმე, ლამისაა საქართველოს სსრ-ის რევკომის სამსახურში ჩავდგეთ.
ბექა კობახიძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.