საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაში დღეს პირველად მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ და შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმა წარუდგინა.
„განხილულ იქნა, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (დაახლოებით, 12 მილიარდი ლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.
კატერინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 4 პუნქტიანი გეგმა წარმატებული, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კი, საქართველო რეგიონში სამაგალითოა.
თავის მხრივ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას რეფორმების მიმდინარეობის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საბჭოს წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დღესვე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის: მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში, კანონპროექტი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმა და ახლადშექმნილი ტურიზმის საბჭოს, როგორც საკონსულტაციო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
სასამართლო სისტემის რეფორმის ნაწილში, ყურადღება გამახვილდა კომერციული და საგადასახადო პალატების შექმნასა და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პალატები ხელს შეუწყობს კომერციული დავების მოკლე ვადებში გადაწყვეტას და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოლაფ ზიმელკა, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის სამმართველოს უფროსი მატიე ბუსკე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიქელ ქოუგილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პირები ესწრებოდნენ", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.