საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ამ წუთებში ნიუ იორკში, გაერო-ს ტრიბუნაზე ქართულ ენაზე სიტყვით გამოდის, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს სამშვიდობო ინიციატივებს“ და გაიყვანოს მისი ჯარები ქართული მიწიდან.
„დღეს 27 სექტემბერია, უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. 10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღესაც დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები“, აღნიშნა ბახტაძემ.
მან „უმძიმესი და საგანგაშო" უწოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს.
„უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. სულ უფრო მწვავე სახეს ღებულობს მოსახლეობის დეპოპულაცია, მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლოების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავების და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენ მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლოხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სატიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი“, განაცხადა ბახტაძემ და დაამატა:
„რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ხოლო ჩვენ, ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად საპასუხისმგებლო ვალდებულება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას. შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ გაერო 2008 წელს რუსეთის საქართველოსადმი გადადგმული აგრესიული ნაბიჯისა და შემდგომი გამოწვევების გარშემო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე და აუცილებელია მისი რეფორმა.
„2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიერ მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემად იყო აღქმული.
მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში გამოაჩინა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის.
სამწუხაროდ, გაერო - არაეფექტური აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. მეტიც, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების სისტემური ეროზია. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
დღეს მსოფლიო საზოგადოება საჭიროებს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც შეძლებენ, არსებულ გამოწვევებს მისცენ კონკრეტული შეფასება, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და ასევე იმ რისკების პრევენცია, რომლებიც ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.
მოგეხსენებათ, გაეროს რეფორმირების საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში სერიოზულ წარმატებებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც, გაეროს რეფორმირების საკითხი კვლავ აქტუალურია და ვფიქრობ, სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.
დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ეპოქის გამოწვევებისა და ჯერ კიდევ უცნობი პრობლემების წინაშეა, თითოეული ჩვენგანის და ყველასი ერთად ამოცანაა, ვიზრუნოთ და ერთობლივად გადავლახოთ გლობალური გამოწვევები იმისთვის, რომ მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიო დავუტოვოთ მომავალ თაობებს!“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.