დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებას და პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს, თუმცა მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სტიქიურად აქტიურ ზონაშია მოქცეული, მათ ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს ნაპირსამაგრების მშენებლობა, მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და სტიქიური მოვლენების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს.
გამგებელი ამბობს, რომ საქართველოში ტერიტორიულად ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტის მართვის სირთულეს ისიც განაპირობებს, რომ მასში შემავალი სოფლების დაახლოებით, 80% მაღალმთიან ზონაშია მოქცეული, თუმცა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებს ხელისუფლებისაგან „გამორჩეული ყურადღება“ ექცევა.
„დუშეთი იცით, რომ ერთ-ერთი დიდი მუნიციპალიტეტია - სულ 290 სოფელია, რომელიც 18 ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული, ორი დაბაა - ჟინვალი და ფასანაური და ერთი ქალაქი - დუშეთი. დაახლოებით 80% ამ სოფლებიდან, არის მაღალმთიანი. ამიტომ, გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევთ მაღალმთიან სოფლებს. ასევე, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლები გვაქვს ჩვენ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კეთდება გზები, წყლის პროექტები, ნაპირსამაგრები და ა.შ. ასე რომ, ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურის კუთხითაა.
„ორი-სამი წლის განმავლობაში შევძელით და საშიშ უბნებზე, საშიშ სოფლებში, პრევენციული ღონისძიებები ჩავატარეთ - გაწმენდილია კალაპოტები, მოწყობილია გაბიონები და ამგვარად, ორი-სამი წლის ნამუშევარმა მოგვცა ის შედეგი, რომ წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში - მიუხედავად იმისა, რომ 6-7 ივლისს არნახულმა სტიქიამ შემოგვიტია, ისეთი მასშტაბისამ, რაც ადგილობრივებს მანამდე არ ახსოვთ, და მნიშვნელოვანი ზარალიც მოგვაყენა - უმეტეს ადგილებში მაინც თავიდან ავიცილეთ სტიქიისაგან დარტყმის მიყენება“, უთხრა Guardian.ge-ს ვაჟა ჩოხელმა, რომელმაც დუშეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში ყოფნისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი მოგვარებაც მოხერხდა, ეს სხვადასხვა სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ხიდების, ნაპირსამაგრების და გზების მშენებლობა იყო.
„ჩვენ დავასრულეთ შარშან ორი დიდი ხიდის მშენებლობა - ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ეს არის საშაბუროს ხიდი, საკრამულოსკენ მიმავალ გზაზე კი, საერთოდ ჩავარდა ხიდი სტიქიის დროს და მოწყვეტილი იყო სოფელი. ეს ხიდი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებით აშენდა, გახსნილია და იქ მოძრაობა თავისუფალია. ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ხიდი იყო დაზიანებული სტიქიის მიერ, ახლა საშიშროება აღარ ემუქრება. მინდა გითხრათ, რომ წყლის პროექტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ის წყაროები, რომლითაც მარაგდებოდა სათავეები, ბევრგან დაშრა და ამიტომ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს. ჩვენ გავაკეთეთ ჭაბურღილები - სოფელ ბაზალეთში, კოდისწყაროში, მჭადიჯვარში, ოძისში, ჭილურტში. ამჟამად, მიმდინარეობს მოასფალტება სოფელ ჩანადირებიდან მლაშემდე, ეს არის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ გრემისხევის ადმინსიტრაციულ ერთეულში, რომელიც გამყოფ ზოლთან მდებარე ადმინისტრაციული ერთეულია, გაკეთდა ხიდი, ნაპირსამაგრი, ამჟამადაც გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც იქ მოაწესრიგებს ბოგირს, წყალგამტარსა და ა.შ. ეს სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რომელიც სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილების მოწყობას გულისხმობს. უკვე გადაგზავნილია მთავრობაში მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით და ველოდებით მთავრობის განკარგულებას, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი. ასევე, ბულაჩაურში ვიწყებთ დონორ ორგანიზაციებთან ერთად - მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული - ორი ჭაბურღილის მოწყობას, ასევე, სოფელ ანანურში სკოლასთან გზის მოასფალტებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ანანურში ორი წლის წინათ ჩვენ ძალიან დიდი პროექტი განვახორციელეთ - სირცხვილი იყო, რომ სოფელ ანანურს სასმელი წყალი არ ჰქონოდა. 7კმ-დან, ავენისიდან გამოვიყვანეთ და ამჟამად ანანურს მიეწოდება წყალი. მინდა გითხრათ, რომ ფასანაურში მიმდინარეობს გუდამაყრის გზის 3.5-კილომეტრიანი გზის მოასფალტება. ჩვენი წარდგენილი პროექტი დაფინანსდა მთის ფონდიდან და ერთ-ორ კვირაში, ალბათ, დასრულდება. აქ წყლის პრობლემა იყო და ნაწილობრივ მოვაგვარეთ. ამჟამად მიმდინარეობს საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა ფასანაურში“, განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.