საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო, რაც ლიბანის კრიზისს უკავშირდება
10-11-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი შაბათს თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა.

 


BBC-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ იგი საუდის არაბეთის ლიდერებთან იემენის კრიზისს განიხილავს მას შემდეგ, რაც საუდელების ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული სახელმწიფოს მიმართულებით დახმარების ყველა მარშრუტი დაკეტა.

 


ბლოკადა ორშაბათს დაწესდა და ამის მიზეზად იემენიდან ერ-რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება გახდა. საუდის არაბეთის მედიის ცნობით, სარაკეტო თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტა ფრენის დროს შეაკავა, მაგრამ მისი ზოგიერთი ფრაგმენტი აეროპორტის ტერიტორიის შიგნით ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

 


საუდის არაბეთმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანის მებრძოლთა ჯგუფ „ჰეზბოლას“ დასდო ბრალი. 7 ნოემბერს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანი იემენისთვის რაკეტების მიწოდებასა და „პირდაპირი სამხედრო აგრესიის“ განხორციელებაში დაადანაშაულა.

 


გაერომ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ იემენი ათწლეულებში მსოფლიოს ყველაზე მასობრივი შიმშილის წინაშე დგას, რაც „მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი იქნება“, თუკი ბლოკადა არ მოიხსნება და დახმარების მიწოდება არ აღდგება.

 


მეორე მიმართულებით განვითარებული მოვლენები კი ასეთია: საუდის არაბეთმა ხუთშაბათს ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. აღნიშნულიდან რამდენიმე საათში იგივე განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის მეზობელმა და მოკავშირე ყურის ქვეყანამ, ქუვეითმაც.

 


როგორც BBC იუწყება, ბევრი ლიბანელი შიშობს, რომ მათი ქვეყანა საუდის არაბეთს, მთავარ სუნიტურ სახელმწიფოსა და მის უდიდეს რეგიონულ მეტოქეს, შიიტურ ირანს შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტში გაბმის საფრთხის წინაშეა.

 


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ იგი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან.

 


მაკრონმა თქვა, რომ იგი „ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობისა და ერთიანობის მნიშვნელობას“.

 


„ჩემი სურვილია, რომ ყველა ლიბანელმა პოლიტიკოსმა, ოფიციალურმა პირმა, თავისუფლად იცხოვროს ლიბანში... რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მომთხოვნი პოზიცია გვექნება მათდამი, ვინც შესაძლოა რომ დაემუქროს ნებისმიერ ლიდერს“, აღნიშნა მაკრონმა და დაამატა, რომ მას არაფორმალური კონტაქტი ჰქონდა ჰარირისთან.

 


შაბათს საუდის არაბეთის სატელევიზიო ეთერში საუბრისას ჰარირიმ განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებდა, რადგან მისი მკვლელობა იგეგმებოდა.

 


ვიდეოგანცხადებაში იგი ასევე თავს დაესხა „ჰეზბოლას“, რომელიც პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით მძლავრი დაჯგუფებაა ლიბანში, და ირანს.

 


ჰარირის მამა და ყოფილი პრემიერ მინისტრი რაფიკი 2005 წელს ბომბის აფეთქების შედეგად იქნა მოკლული და აღნიშნული თავდასხმის უკან ფართოდ მოიაზრებენ „ჰეზბოლას“.

 


ჰარირის ჯერჯერობით სხვა განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მისი ოფისის თქმით, მას ერ-რიადში შეხვედრები აქვს უცხოელ დიპლომატებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი