ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურეს კიმ ჩენ ინის პეკინში ვიზიტი - ტრამპთან შეხვედრის წინ კიმმა მზადყოფნა გამოხატა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ გარკვეული პირობებით
28-03-2018, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმედღიანი ვარაუდების გამოთქმის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტი დადასტურდა, როგორც პეკინის, ისე ფხენიანის მიერ.

 


მას შემდეგ რაც 2011 წელს კიმ ჩენ ინი მამამისის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მერე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში მოვიდა, ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იყო.

 


როგორც ჩინური ახალი ამბების სააგენტო „Xinhua“ იტყობინება, კიმმა „წარმატებული მოლაპარაკებები“ გამართა ჩინეთის პრეზიდენტთან, ქსი ძინპინგთან.

 

 

 


ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი ეკონომიკური მოკავშირეა და მაღალი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებთან შეხვედრების წინ პეკინთან კოსულტაციებს გამართავდა.

 


მოელიან, რომ კიმ ჩენ ინი აპრილში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჟე ინს, ხოლო მაისში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება და როგორც BBC წერს, პეკინში მისი სტუმრობა მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება დაგეგმილი მოლაპარაკებების გამართვის წინ.

 


ვიზიტისას კიმმა გარანტია მისცა მის ჩინელ კოლეგას, რომ იგი მზად არის ხელი აიღოს ბირთვული პროგრამის განვითარებაზე, მაგრამ გარკვეული პირობებით, იტყობინება სააგენტო „ქსინჰუა“.

 

 

„კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება შესაძლოა რომ გადაიჭრას, თუკი სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ჩვენ ძალისხმევებს კეთილმოსურნეობით უპასუხებენ, შექმნიან მშვიდობისა და სტაბილურობის ატმოსფეროს და მშვიდობის უზრუნველსაყოფად პროგრესულ და სინქრონულ ზომებს მიიღებენ“, განაცხადა კიმმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც ჩინური სააგენტო ახდენს.

 


ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ კი ვიზიტს „უმნიშვნელოვანესი ეტაპი“ უწოდა, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მხრივ.

 

 

 

 

გავრცელებული ცნობებით, კიმი პეკინში თავის მეუღლესთან, რი სოლ ჯუსთან ერთად კვირას ჩავიდა და ჩინეთის დედაქალაქი სამშაბათს, შუადღისას დატოვა.

 

 

'შოკისმომგვრელი განცხადება'

 

 

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოხატა, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა.

 


შოკისმომგვრელი განცხადება ვაშინგტონში 9 მარტს გაკეთდა სამხრეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ, რომელმაც ტრამპს თეთრ სახლში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გადასცა.

 


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის, ჩონ იი იენის განცხადებით, რომელიც მარტის დასაწყისში ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა, კიმმა ასევე განაცხადა, რომ თანახმაა შეაჩეროს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები და „მზად არის ბირთვული განიარაღებისთვის“.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაზე უკვე დაწესებული სანქციები ძალაში იქნება მანამ, სანამ მყარი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

  


დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჟე ინის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა: „მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩვენ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი მომხრეა ბირთვული განიარაღების“.

 


მან დაამატა: „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისათვის და თქვა, რომ იგი შეხვდება კიმ ჩენ ინს მაისისთვის, რომ მიაღწოს სამუდამო ბირთვულ განიარაღებას“.

 

 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, იმ ფონზე, როცა 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთ კორეას) შორის ხანგრძლივი მტრული ურთიერთობები არსებობს, რამაც ყველაზე მძაფრი გამოვლენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ჰპოვა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

 


ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ლიდერობისას განსაკუთრებული ინტენსივობით განაგრძო ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარება და არაერთი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელთაც ფხენიანის მტკიცებით, ამერკის შეერთებული შტატების კონტინენტზე ყველა წერტილში წვდომის შესაძლებლობა გააჩნიათ.

 


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებისაკენ გამალებული სვლის შედეგად ქვეყანას გაეროს უშიშროებს საბჭოს მიერ არაერთხელ დაუწესდა მძიმე სანქციები.

 


აშშ-ის არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი მანამდე არასოდეს შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, მაგრამ გასულ წლებშიც იყო არაერთი მცდელობა მიღწეულიყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება.

 


ბოლო დიდი ძალისხმევა - ექვსი მხარის მოლაპარაკებები - 2008 წელს ჩაიშალა, დიდწილად იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა ქვეყანაში ინსპექტორების შეშვებაზე, რომელთაც უნდა შეესწავლათ, შეაჩერა თუ არა ფხენიანმა ბირთვული პროგრამა.

 


სხვა ანალოგიური მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა, მათ შორის 2012 წელს მოლაპარაკებების გამართვის სურვილიც, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი მორიგი რაკეტა გაუშვა.

 

 

 

 

როგორც BBC წერს, კიმ ჩენ ინის გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, რადგან მას მგზავრობაზე სანქციები აქვს დაწესებული, შეხვედრა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ზონაში - ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვარზე - მოხდეს, ანდა შესაძლოა, მათ ჩინეთმა უმასპინძლოს, რადგან ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ დონალდ ტრამპი ჩავიდეს ჩრდილოეთ კორეაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი