სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა
23-04-2018, 20:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა, აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში.

 


„ვხელმძღვანელობთ რა კონსტიტუციის 130-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული იქნეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა“, ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ახლახან მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ კი სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრემიერი, კარენ კარაპეტიანი გახდა. 

 

 

„მთავრობის შესახებ არსებული კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა პრემიერის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება შეუძლებელი ხდება, პრემიერ მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერი ცვლის“, ნათქვამია სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

 

პრესსამსახურის ცნობით, ორშაბათს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც კარაპეტიანი უძღვებოდა. სხდომაზე მყოფნი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოქმედი პრემიერი ვერ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. 

 

 

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან დღეს გადადგა.

 

 

„მოგმართავთ თქვენ ბოლოჯერ სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ მდგომარეობაში ... არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მათგან მე არც ერთზე არ წავალ. ეს არაა ჩემი გზა. მე ვტოვებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს“, ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.

 


ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად 17 აპრილს დაამტკიცა.

 

 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომამდე?

 

 

ერევანში მიმდინარე მრავალათასიან ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას ორშაბათს დღის პირველ ნახევარში ათეულობით სამხედრო ფორმიანი ადამიანი შეუერთდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.  

 

  

კვირას კი ერევანში, სადაც პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო, ოპოზიციის ლიდერიდეპუტატი ნიკოლ პაშინიანი (იგი დღეს, შუადღისას გაათავისუფლეს) და ასევე ასეულობით აქტივისტი დააკავეს.

 

 

 

 

მანამდე კი სომხეთის პრემიერ მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან, რომელიც მის გადადგომას მოითხოვდა, ხანმოკლე, უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებები მიატოვა.

 

 

კვირას, შეხვედრის დაწყების წინ სარგსიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჟურნალისტების თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს. პაშინიანმა უპასუხა, რომ განხილვის თემა მხოლოდ მისი გადადგომა იქნებოდა.

 


„თუკი ამგვარი ტონით ისაუბრებთ, მაშინ მე მრჩება მხოლოდ ის შესაძლებლობა, რომ გირჩიოთ დაუბრუნდეთ სამართლებრივ სივრცეს და ლოგიკურ მოქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, აირჩიეთ“, განაცხადა სარგსიანმა.

 


პაშინიანმა აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მათთან მუქარის ენით ისაუბროს. მან დაამატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ ესმის. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ძალაუფლება „ხალხის ხელშია გადასული“.

 

 

(სარგსიანის და პაშინიანის შეხვედრა)

 


„ფრაქციას, რომელმაც 7-8 პროცენტი აქვს მიღებული, არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს. და მე უკვე აღარა მაქვს თქვენთან საუბრის სურვილი“, თქვა სარგსიანმა, რომელმაც ჟურნალისტებს შესთავაზა, თავად გამოეტანათ დასკვნები.

 


მან მომხდარს შანტაჟი და ულტიმატუმი უწოდა, რის შემდეგაც უეცრად წამოდგა და დატოვა შეხვედრის დარბაზი.

 

 

სომხეთის ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ ქვეყნის სათავეში პრემიერ მინისტრის რანგში დარჩენილ და მანამდე პრეზიდენტად ორი ვადით მყოფ სერჟ სარგსიანს გადადგომისაკენ მოუწოდებდა, სარგსიანთან შეხვედრამდეც აცხადებდა, რომ იგი ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრთან მხოლოდ მისი გადადგომისა და ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის იყო მზად.

 


შაბათს, მან დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს უთხრა, რომ სარგსიანს არ ესმის სომხეთში შექმნილი ახალი რეალობა. პრემიერ მინისტრი კი ოპოზიციას დიალოგისაკენ მოუწოდებდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული „შეუქცევადი პროცესები“.

 


  

 

 

რა მოხდა შაბათს?

 


პაშინიანის განცხადება, რომ იგი მოლაპარაკებებს გამართავდა პრემიერ მინისტრთან, პროცესებში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის დრამატულ ჩარევას მოჰყვა. სარქისიანი, რომელიც სერჟ სარგსიანთან არ არის დაკავშირებული, პროტესტანტების ჯგუფში შევიდა, პაშინიანთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

 

 

(ცენტრში - სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიემართება ოპოზიციის ლიდერისკენ)

 


პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. გავრცელებული ცნობებით, არმენ სარქისიანმა შესთავაზა ოპონენტებს, რომ გადაენაცვლებინათ სასტუმროში და იქ გაემართათ ჯეროვანი მოლაპარაკებები, თუმცა პაშინიანმა დაუყოვნებელი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ითხოვა იმის გარანტიები, რომ დემონსტრანტების წინაააღმდეგ ძალა არ ყოფილიყო გამოყენებული, იტყობინება BBC.

 


მცველებით გარშემორტყმული პრეზიდენტი ამის შემდეგ პროტესტანტებს გაეცალა და თავისი ავტომანქანისკენ გაემართა, ხოლო შეკრებილები გაიძახოდნენ „გადადგი ნაბიჯი - მოისროლე სერჟი“.

 


რატომ იყო ასეთი სიბრაზე სერჟ სარგსიანის მიმართ?

 


პაშინიანმა რამდენიმე დღის წინ სომხეთში მიმდინარე პროცესებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდა, რაც 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც მოგვიანებით ორ სახელმწიფოდ -ჩეხეთად და სლოვაკეთად ჩამოყალიბდა, კომუნისტური მმართველობის დასასრულს უკავშირდება.

 


ვეტერანმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომელიც 2008 წელს სარგსიანის წინააღმდეგ გამოხატული მღელვარე პროტესტის გამო ციხეში იჯდა, შაბათს მოუწოდა მხარდამჭერებს, მოეხდინათ „მთელი სახელმწიფო სისტემის პარალიზება“, რათა „ძალაუფლება უნდა გადაეცეს ხალხს“.

 


პრეზიდენტობის დროს, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მისი 5-წლიანი მეორე ვადის დასრულების შემდეგ, მას არ ჰქონდა განზრახვა, გამხდარიყო პრემიერ მინისტრი, თუმცა მან ეს პირობა დაარღვია და სამშაბათს პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრად იქნა არჩეული.

 

 

 


2008 წელს, როცა სარგსიანი პირველად იქნა არჩეული პრეზიდენტად, მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სამთავრობო ძალებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

 


სარგსიანის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან ომის მტკიცე ვეტერანმა სომხეთი ეროვნული უსაფრთხოებით უზრუნველყო, მაგრამ ვერ შეძლო აზერბაიჯანთან და თურქეთთან მუდმივი დაძაბულობის განელება. სარგსიანის კრიტიკოსები კი მის მმართველობას საყოველთაო სიღარიბეს და რუსეთზე მეტისმეტ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი