ჩრდილოეთ კორეამ დროის სარტყელი შეცვალა და ამიერიდან ფხენიანის სასაათო სარტყელი სამხრეთ კორეის შესაბამისი იქნება.
პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე (15:00 GMT) ქვეყანაში საათებმა 30 წუთით წინ გადაიწია, რაც „პირველი პრაქტიკული ნაბიჯია“ კორეის გაერთიანების დაჩქარების გზაზე, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.
ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დრო და ადგილი განსაზღვრულია.
„ჩვენ ახლა გვაქვს თარიღი და ადგილი, მას მალე გამოვაცხადებთ“, უთხრა ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს თეთრი სახლის გარეთ, პარასკევს, და დაამატა, რომ „ძალიან, ძალიან კარგი მოლოდინები აქვს“.

კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე კი დონალდ ტრამპი, 22 მაისს, თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს უმასპინძლებს და მასთან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის დეტალებს განიხილავს.
დღემდე, ეს ფხენიანის დრო იყო, რაც სამხრეთ კორეის და იაპონიის სასაათო სარტყელს ნახევარი საათით ჩამორჩებოდა.
ჩრდილოეთ კორეამ 2015 წელს წარმოადგინა დროის 30 წუთით წინ წაწევის იდეა, რაც ფხენიანმა „იაპონელი იმპერიალისტების განადგურებას“ დაუკავშირა. „1945 წლის 15 აგვისტოს, ქვეყნის ლიდერმა გაანადგურა იაპონელი იმპერიალისტები და გაათავისუფლა კორეა“, განაცხადა 2015 წელს ფხენიანმა.
სამხრეთ კორეამ (რომელიც 9 საათით არის წინ GMT-ზე) 1950-იან წლებში თქვა უარი იაპონურ დროზე, მაგრამ 1960-იან წლებში ისევ ძველ დროს დაუბრუნდა.
დემილიტარიზებულ ზონაში, კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ისტორიული შეხევდრისა და მოლაპრაკებების გამართვისას, სადაც ჩრდილოეთის და სამხრეთის საათები სხვადასხვა დროებს აჩვენებდა, საათების შემხედვარე კიმი „სტრესირებული იყო“, როგორც ეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა „თვითერზე“ განაცხადა.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩჟე ინთან შეხვედრისას თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების შემთხვევაში ბირთვულ შეიარაღებას აზრი არ ექნება, განაცხადა სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იუნ იენ ჩხანმა.
„თუკი ჩვენი შეხვედრები აშშ-სთან იქნება ხშირი, და მომავალში ნდობა ჩამოყალიბდება და მიიღწევა ხელშეუხებლობის და ომის დასრულების შეთანხმება, რისთვის უნდა გვქონდეს ბირთვული შეიარაღება და რისთვის უნდა ვიცხოვროთ მძიმე პირობებში?“ განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რომლის სიტყვების ციტირებაც იუნ იენ ჩხანმა მოიყვანა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა, რომ „იმის მიუხედავად რომ იგი ყოველთვის გამოდიოდა აშშ-ის წინააღმდეგ, ადამიანები გაიგებენ, რომ იგი არ წარმოადგენს იმ ლიდერს, რომელიც ბირთვულ ბომბს დაარტყამს ამერიკას, სამხრეთ კორეას ან წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს“.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვებით, კიმ ჩენ ინმა ასევე პირობა დადო, რომ მაისში ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს დახურავს. „იმისათვის რომ ვუზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამჭვირვალობა, ჩვენ განზრახული გვაქვს მოვიწვიოთ ექსპერტები და ჟურნალისტები კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, იუნ იენ ჩხანის თანახმად, გააკეთა მოწოდება არ დაუშვან სისხლისღვრა მომავალში და პირობა დადო ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.
1950-1953 წლების კორეული ომის შემდეგ, რომელიც დროებითი ზავით დასრულდა, ნახევარკუნძულზე ომის ფორმალური მდგომარეობაა შენარჩუნებული.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მის სამხრეთკორეელ კოლეგასთან, პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან ისტორიული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სამიტის ბანკეტზე განაცხადა, რომ ორ მტრულ ქვეყანას შორის შავ-ბნელი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა.
„ჩვენ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის გაყინულ ურთიერთობას, რომელიც კოშმარული სიზმარი იყო, დავემშვიდობეთ და მსოფლიოს თბილი გაზაფხულის დაწყების შესახებ გამოვაცხადეთ“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
„მე ვიცი, რომ თქვენ [მიმართა პრეზიდენტ მუნს] ბევრჯერ დაგიფრთხეთ დილის ძილი, რათა დასწრებოდით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს. მე გარწმუნებთ, რომ თქვენ დილის ძილს არ დაგიფრთხობენ“.
კიმი: „ვწუხვარ, რომ ჩვენი სატრანსპორტო მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მან შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ თქვენ. შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე თუკი, სამხრეთის გარემო-პირობებში ცხოვრების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეაში გვესტუმრებით“.
კიმ ჩენ ინის მიერ აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მომავალი კვლავ გაერთიანების გზაზე ურთიერთობებს გააუმჯობესებენ და განავითარებენ.
„ჩრდილოეთი და სამხრეთი მიაღწევს ურთიერთობების სრულ და ყოვლისმომცველ გაუმჯობესებას და განვითარებას და ამით მიუახლოვდება მომავალ ერთობლივ კეთილდღეობას და კვლავ გაერთიანებას“, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში.
ამასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, მას შემდეგ რაც კიმმა, პირველმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა, 1953 წელს კორეული ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა, სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში, ფხანმუნჯომში მოლპარაკებები გამართეს.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გადადგან ნაბიჯები 1953 წელს კორეული ომის დასრულების თაობაზე დადებული ზავის მიმდინარე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებით შეცვლასთან დაკავშირებით.
დეტალები, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული ფხენიანის ბირთვული განიარაღება, მკაფიოდ არ გაჟღერებულა და ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკური რჩება ჩრდილოეთ კორეის ენთუზიაზმისა და ბირთვული განიარაღების მზადყოფნის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს კიმ ჩენ ინმა პარტიულ შეკრებაზე ნათლად გამოაცხადა, რომ „21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა აჩერებს ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“.
ქვეყნის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, კიმმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგანაც მან მიაღწია თავის მიზანს, გამხდარიყო ბირთვული სახელმწიფო და შემდგომი გამოცდები აღარ არის საჭირო.
კიმმა 20 აპრილს შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება „დიდ გამარჯვებად“ უნდა იყოს აღქმული.
„იმდენად, რამდენადაც ბირთვული შეიარაღება სახეზეა, უკვე აღარ არის საჭირო უფრო მეტი ბირთვული თუ საშუალო და შორ მანძილზე მიმავალი რაკეტების ან კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდები. ჩრდილოეთის ბირთვული გამოცდის ადგილმა თავისი მისია დაასრულა".
„მთელმა პარტიამ და მთელმა სახელმწიფომ ახლა ფოკუისრება უნდა მოახდინოს ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის პარტიის ახალი სტრატეგიული პოლიტიკის ხაზი“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა და დაამატა:
„კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში დათბობის ახალმა კლიმატმა და მშვიდობამ დაისადგურა და საერთაშორისო პოლიტიკურ ლანდშაფტში დრამატული ცვლილებები ხდება“.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, პირველი რაუნდისას კიმ ჩენ ინმა დაპირისპირების დასრულების მოწოდება გააკეთა, ხოლო მუნ ჩჟე ინმა ქვეყნებს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების წინადადება წარმოადგინა.
შეხვედრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი გამოხატა.
მუნ ჩჟე ინმა თავის კოლეგას „ჩვენი თავმჯდომარე კიმი“ უწოდა და განაცხადა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა მსოფლიო მშვიდობის სიმბოლო გახდა.
მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შესთავაზა უფრო ხშირად გამართონ შეხვედრები. „მოდით, ავაშენოთ სასურველი კარგი მსოფლიო“, თქვა კიმმა, როგორც ამას სამხრეთ კორეის მედია იუწყება. ამასთან, კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულზე კონფრონტაციის დასრულებისაკენ მოწოდებაც გააკეთა.
მუნ ჩჟე ინმა, თავის მხრივ, მის ჩრდილოკორეელ კოლეგას თავისი სურვილის შესახებ უთხრა, კორეელებისთვის წმინდა მთას, პეკტუსანს ეწვიოს, რომელიც ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, მუნმა შესთავაზა კიმ ჩენ ინს, რომ სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზები შეერთდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ჩქაროსნული მატარებლები დაიწყებენ მოძრაობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, პროცესებში ჩართვის ოპერატიული მზადყოფნა გამოხატა და განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ხელი შეუწყოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას სარკინიგზო კავშირების, გაზისა და ელექტროენერგიის უზრუნველყოფის საკითხებში.
ისტორიული მოლაპარაკებები კი ძირითადად მაინც ფოკუსირებული იყო ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რომლის შემდგომ განვითარებაზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოულოდნელად უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „მისია შესრულებულია“ და ახლა პარტიის და ხელმძღვანელობის მთავარ საზრუნავად ეკონომიკის განვითარება უნდა იქცეს.
მუნი კიმს და მისი დელეგაციის 9 ოფიციალურ პირს საზღვარზე დახვდა. სამხრეთ კორეის საპატიო ყარაულმა ამის შემდეგ მიღების ცერემონიაზე მიაცილა ლიდერები პლაზა ფხანმუნჯომთან, სამხედრო კომპლექსში - ორი ქვეყნის დემილიტარიზებულ ზონაში.
პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე მას საზღვართან პირადად დახვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი. ლიდერები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ, ისაუბრეს, რის შემდეგაც კიმმა, სანამ შეხვედრის ადგილისკენ გაემართებოდნენ, მის სამხრეთკორეელ კოლეგას სთხოვა მასაც გადაეკვეთა საზღვარი, რის შემდეგაც ხელი ჩასჭიდა მას, საზღვარი გადააკვეთინა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მუნთან ერთად გამოემართა.
მუნსა და კიმს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ფხანმუნჯომის „მშვიდობის სახლში“ ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათზე დაიწყო.
პირველი სესიის შემდეგ ლიდერები თავიანთ დელეგაციებთან ერთად დაცილდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ჰქონდათ ლანჩი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ლანჩზე საზღვრის თავიანთ მხარეს გადავიდა.
შუადღის ცერემონიაზე მუნმა და კიმმა მარადმწვანე წიწვოვანი ხე დარგეს და ამ პროცესში ორივე ქვეყნის მიწა და წყალი გამოიყენეს, რითაც „მშვიდობისა და კეთილდღეობის“ სიმბოლიზება მოახდინეს.

ხის დარგვის შემდეგ, ისინი ერთად მივიდნენ ფეხით ფხანმუნჯომში, სადაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგა.
სამიტი ლიდერების შეთანხმებაზე ხელმოწერით და ერთობლივი განცხადებების გაკეთებით დასრულდა. ბანკეტი კი, სამხრეთ კორეის მხარეს გაიმართა.
ივნისის დასაწყისში, კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება, თუმცა ჯერ უცნობია, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.
ტრამპმა აპრილის შუა პერიოდში განაცხადა, რომ თუკი მისი დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ნაყოფიერი არ იქნება, იგი „დატოვებს“ მას.
27 აპრილს კი, დონალდ ტრამპმა მადლობა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან განსაკუთრებით დიდი დახმარება გაუწია შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე.
ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა განახორციელა. ზოგიერთი გამოცდისას რაკეტები გაშვებიდან მალევე აფეთქდა, მაგრამ სხვებმა ასეულობით მილი გაიარეს, სანამ ზღვაში დაეშვებოდნენ. დაბლა ზოგიერთი მათგანის გაშვების შესახებ ინფორმაციაა მოცემული:
12 თებერვალი, 2017 წელი - საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იქნა გაშვებული ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბანგიონის საჰაერო ბაზიდან. მან აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 500 კმ იფრინა.
4 ივლისი, 2017 წელი - ფხენიანის მტკიცებით, მან პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ოფიციოზმა განაცხადა, რომ რაკეტამ 2,802 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთი იფრინა.
29 აგვისტო, 2017 წელი - ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბირთვული ქობინების გადამტანი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ფხენიანიდან გაშვებულმა ამ რაკეტამ დაახლოებით, 550 კმ სიმაღლეს მიაღწია.
15 სექტემბერი, 2017 - ბალისტიკური რაკეტა უკვე მეორედ იქნა გაშვებული იაპონიის გასწვრივ და ის ზღვაში ჰოკაიდოს სანაპიროსთან დაეშვა. იგი დაახლოებით 770 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა და 3 700 კმ მანძილზე იფრინა.
29 ნოემბერი, 2017 წელი - ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო მისწვდენოდა მთელ კონტინენტურ ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ჰვასონგ-15“ იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ ყველაზე მაღლა იფრინა რაც კი ოდესმე მანამდე გაშვებულ ჩრდილოკორეულ რაკეტებს უფრენიათ.
(სავარაუდო მანძილი კილომეტრებში - (ათასი))

(BBC-ის დიაგრამაზე მოცემული 6 რაკეტიდან - პირველი ოთხის გამოცდა უკვე მოხდა, ხოლო ბოლო ორი რაკეტა განვითარების გზაზეა).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.