დონალდ ტრამპი: „მე და პუტინი კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რამაც ნამდვილად შეაშფოთა ბევრი მოძულე, რომელთაც სურდათ ეხილათ კრივი“
18-07-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას კიდევ ერთხელ უბრუნდება და აცხადებს, რომ „ბევრი მოძულე“ შეაშფოთა იმ ამბავმა, რომ ის და პუტინი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ.

 


„მე და პუტინმა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ შეხვედრაზე. ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, რამაც ნამდვილად შეაშფოთა ბევრი მოძულე, რომელთაც სურდათ ეხილათ კრივის მატჩი. დიდი შედეგები დადგება!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


ცოტა მოგვიანებით იგი „თვითერზე“ ისევ მიუბრუნდა ამ თემას და აღნიშნა, რომ სიძულვილით დაბრმავებულებს უნდოდათ მისი პუტინთან კარგად შეწყობის ხილვის ნაცვლად, ომისთვის ეცქირათ.

 

 

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკან დაიხია და განაცხადა, რომ ის იღებს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი დღის წინ, ჰელსინკში 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა, კერძოდ, თქვა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს თუ რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი 2016 წლის არჩევნებში.

 


ტრამპმა კი ამჯერად თქვა, რომ ორშაბათს მან არასწორად გამოთქვა აზრი და მის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავდა იმას, რომ იგი ვერ ხედავდა მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსეთი, რომელიც ჩაერია.

 


ორშაბათს, ტრამპის მიერ გაკეთებული ორიგინალური კომენტარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და თვით მისი მოკავშირეებიც კი დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან მისი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას.

 


რა თქვა ტრამპმა მაშინ...

 


საკითხი სადავო მას შემდეგ გახდა, რაც 16 ივლისს, ჰელსინკში პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა შეკითხვას უპასუხა. ეს არის ნაწყვეტი რომლის სტენოგრამიულად გაშიფრული ვარიანტიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

 


„ჟურნალისტი: პრეზიდენტმა პუტინმა უარყო 2016 წლის არჩევნებში რაიმე ფორმით ჩარევა. ყველა ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტომ დაასკვნა, რომ რუსეთი ჩაერია. ჩემი პირველი შეკითხვა ბატონო, არის ის, თუ ვისი გჯერათ თქვენ?

 

 

ტრამპი: ჩემი ხალხი მოვიდა ჩემთან... მათ თქვეს, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ეს რუსეთია. მე პრეზიდენტ პუტინთან ვიმყოფები; მან ეს-ესაა განაცხადა, რომ ეს რუსეთი არ არის. მე ვიტყვი ამას: მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რატომ უნდა ყოფილიყო.

 


... რა თქვა ტრამპმა ახლა

 


ტრამპმა განაცხადა, რომ მან განიხილა გაშიფრული სტენოგრამა და გააცნობიერა, რომ საჭირო იყო სიცხადის შეტანა.

 


„ჩემი კომენტარის მთავარ წინადადებაში, მე ვთქვი სიტყვა „უნდა“ ნაცვლად „რატომ არ უნდა“, განაცხადა მან.

 


„წინადადება უნდა ყოფილიყო: ‘მე ვერ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ მე ‘არ უნდა’ ან „რატომ ეს არ უნდა“ ყოფილიყო რუსეთი’.

 


აშშ-ის პრეზიდენტმა დაამატა: მე ვიღებ ჩვენი სადაზვერვო საზოგადოების დასკვნას, რომ 2016 წელს რუსეთი ჩაერია არჩევნებში“.

 

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან მას შემდეგ, რაც დაიცვა რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი არ ჩარეულა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


ორშაბათს, ფინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე გამართული თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპი კიდევ ერთხელ შეეწინაღმდეგა შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნებს, განაცხადა რა, რომ რუსეთს არ ჰქონდა მიზეზი, ჩარეულიყო ამერიკის არჩევნებში.

 


კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, „რესპუბლიკელმა“ პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ტრამპი უნდა ხედავდეს, რომ „რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე“.

 


„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ეს იყო „სამარცხვინო ქმედება“.

 


ტრამპმა წინა ადმინისტრაციებიც დაადანაშაულა

 


პრესკონფერენციაზე ტრამპმა მისთვის დასმული შეკითხვის - მისი სადაზვერვო სააგენტოების სჯეროდა თუ რუსეთის პრეზიდენტის, როცა საკითხი მოსკოვის მხრიდან არჩევნებში ჩარევას ეხებოდა - საპასუხოდ განაცხადა:

 


„პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა რუსეთი. მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ის [მოსკოვი]“.

 


ტრამპმა ასევე რუსეთთან ცუდი ურთიერთობების გამო შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციები დაადანაშაულა, ვიდრე რუსეთის ქმედებები.

 

 

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ 2016 წელს რუსეთი ჩაერია შეერთებული შტატების არჩევნებში ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მხრიდან მართული კიბერ თავდასხმებით და ყალბი ახალი ამბების სოციალურ მედიაში გავრცელებით.

 

 

პრესკონფერენციის შემდეგ, მოგვიანებით, ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მას „დიდი ნდობა გააჩნია მისი სადაზვერვო სამსახურების და იქ მომუშავე ხალხისადმი“.

 


„როგორც მე ვთქვი დღეს და მანამდეც არაერთხელ მითქვამს, „მე მაქვს დიდი ნდობა ჩემი სადაზვერვო ხალხის“. მიუხედავად ამისა, მე ასევე ვაღიარებ, რომ იმისათვის, რომ ავაშენოთ ნათელი მომავალი, ჩვენ ვერ ვიქნებით ექსკლუზიურად ფოკუსირებული წარსულზე - როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე მსხვილი ბირთვული სახელმწიფო, ჩვენ უნდა შევეწყოთ ერთმანეთს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


როგორი იყო ამერიკის რეაქცია?

 


რაიანის მკაცრ განცხადებაში ნათქვამია: „არ არსებობს მორალური ეკვივალენტობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომელიც რჩება მტრული ჩვენი ძირითადი ღირებულებების და იდეალებისადმი“.

 


მისი თქმით, „არ არსებობს“ შეკითხვა, რომ მოსკოვი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში.

 


სენატორმა მაკკეინმა, ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა წევრმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის, განაცხადა, რომ ეს იყო „სამარცხვინო ქმედება“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან.

 

 

„არც ერთ მანამდელ პრეზიდენტს არასოდეს დაუმდაბლებია თავისი თავი უფრო საცოდავად ტირანის წინაშე“, აღნიშნულია მაკკეინის განცხადებაში.

 


კიდევ ერთმა „რესპუბლიკელმა“ და ასევე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, ლინდსი გრემმა „თვითერზე“ დაწერა: „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა... რომ მტკიცედ აეღებინებინა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის 2016 წლის არჩევნებში ჩარევაზე“.

 


სენატის „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ტრამპის ქმედებებმა „გააძლიერა ჩვენი მტრები, მაშინ როცა შეასუსტა ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობა“.

 


შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა ასევე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სადაზვერვო საზოგადოება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსეთის „მიმდინარე, ყოვლისმომცველი მცდელობების“ თაობაზე, ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების დემოკრატიას.

 


ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ ტრამპის პრესკონფერენცია „სხვა არაფერი იყო, გარდა მოღალატეობრივი ქმედებისა“.

 


„არა მხოლოდ ტრამპის კომენტარებია იმბეცილური, არამედ ის მთლიანად პუტინის ჯიბეშია. რესპუბლიკელო პატრიოტებო: სად ხართ???“ დაწერა ბრენანმა „თვითერზე“.

 

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა 2013-2017 წლებში, ჯონ ბრენანმა თავისი უკმაყოფილება დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის ერთი-ერთზე შეხვედრის გამოც გამოხატა.

 


„რატომ შეხვდა ტრამპი ერთი-ერთზე პუტინს? რას შეიძლება უმალავდეს ის ბოლტონს, პომპეოს, კელის და ამერიკულ საზოგადოებას? როგორ გამოიყენებს პუტინი რუსეთის სასარგებლოდ და ამერიკის საზიანოდ იმას, რასაც ტრამპი შეიძლება მალავდეს?“ კითხულობს ბრენანი „თვითერის“ მეშვეობით და ასკვნის, რომ ტრამპისადმი ნდობის სრული უქონლობა ქმნის იმის განცდას, რომ არ დაუჯერონ მის ნებისმიერ ნათქვამ სიტყვას ამ საკითხზე.

 

 

პუტინთან ერთი-ერთზე შეხვედრის აზრს ვერ ხედავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.

 


ამასობაში, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას, დაიცვა ტრამპი-პუტინის სამიტი და შეაქო დონალდ ტრამპი.

 


რა განაცხადა პუტინმა?

 


ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა ამერიკელ გამომძიებლებს შესთავაზა რუსეთში ვიზიტი და სადაზვერვო ოფიცრების დაკითხვა. მან ამავე დროს ამის სანაცვლოდ რუსეთისთვის შეერთებულ შტატებში იმ ადამიანებზე წვდომის უფლება მოითხოვა, რომლებიც კრიმინალურ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები.

 

 

მოგვიანებით, „Fox News“-სთან ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ „სრულიად სასაცილოა“ ზოგიერთის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეერთებული შტატების არჩევნებზე გავლენა მოახდინა.

 


მან აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამერიკის შიდა პოლიტიკური ბრძოლის „მძევლად არ უნდა იქცეს“.

 


პუტინმა ასევე ბრალი დასდო დიდ ბრიტანეთს მოსკოვის წინააღმდეგ „დაუსაბუთებული ბრალდებების“ გაჟღერებისთვის, რომელიც სოლსბერიში ყოფილი საბჭოთა აგენტის, სერგეი სკრიპალის, მისი ქალიშვილის და მოგვიანებით კიდევ სხვა სამი პირის „ნოვიჩოკის“ ნერვის აგენტით მოწამვლას უკავშირდება. მოწამლულთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

 

 

სკრიპალების საქმეზე საუბრისას პუტინმა თქვა: „ჩვენ გვსურს მივიღოთ სულ მცირე რაიმე სახის დოკუმენტი, სამხილი ამის შესახებ, მაგრამ არავინ გვაძლევს ამას ჩვენ. ანალოგიური რამ ხდება ამერიკის არჩევნების პროცესზე ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებითაც“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი