იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ კორონავირუსის აფეთქებას ქვეყნის „ყველაზე ბნელი საათი“ უწოდა.
გაზრდილია ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა და თუკი კვირას, 8 მარტს, 7 375 ადამიანი იყო გამოვლენილი, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი 9 172-ამდე გაიზარდა.
იტალია უკვე მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ, სადაც ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. შემთხვევები ქვეყნის 20-ივე რეგიონშია დადასტურებული.
იტალიამ ვირუსის მასობრივი გავრცელების გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რაც სულ მცირე 3 აპრილამდე გაგრძელდება.
იტალიამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში მოაქცია. ყველა ვინც ლომბარდისა და 14 სხვა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობს რეგიონის დატოვების და იქ შესვლის ნებართვა დასჭირდებათ. ეს წესი მილანსა და ვენეციაზეც ვრცელდება. მანამდე კარანტინი ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ 50 000-ამდე ადამიანს ეხებოდა.
პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტის გადაწყვეტილებით, სკოლები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სათხილამურო კურორტები დაკეტილია და „ყველა საჯარო და კერძო სივრცეში“ დაგეგმილი ღონისძიებები შეჩერებულია. ასეთი რადიკალური ზომები სულ მცირე 3 აპრილამდე გაგრძელდება.
უფრო ადრე მთავრობამ სკოლების და უნივერსიტეტების 2 კვირით დახურვის თაობაზე გამოაცხადა.
ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.
ეს სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, რადგან ისინი უფრო ფართოდ გავრცელებული ვირუსების, გაციების და გრიპის მსგავსია.
უმეტესი მწვავე შემთხვევებისას, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე რესპირატორული სინდრომი, რამდენიმე ორგანოს გათიშვა და თვით სიკვდილიც კი.
ხანდაზმულები და წინასწარ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადების მქონენი) უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ მძიმე ფორმით დაავადნენ.
კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი - ინფექციის შეყრიდან რაიმე სიმპტომის გამოვლენამდე - 14 დღემდე გრძელდება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. მაგრამ ზოგიერთი მკველვარი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 24 დღეც გაგრძელდეს.
ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის და მისგან თავის დაღწევისთვის არსებითია ხელების რეგულარულად დაბანა.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როგორ ვრცელდება კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მიუხედავად ამისა, მსგავსი ვირუსები იმ წვეთებისაგან ვრცელდება, რომელსაც ხველებისას ან ცემინებისას ინფექციის მქონე ადამიანი წარმოშობს.
ასე რომ, ხველებისა და ცემინებისას ხელსახოცების გამოყენება, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხების არდაშვება და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტის მორიდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავის დასაცავად.
ხუთიდან 4 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი ეყრება, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 56 000 პაციენტზე დაკვირვებით იუწყება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად:
მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება 80%-ს
მწვავე სიმპტომები 14%-ს
6% კი კრიტიკულად ავადდება
დაავადებისაგან გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი დაბალია (1%-დან 2%-ამდე), მაგრამ მაჩვენებელი არასანდოა, წერს BBC და განაგრძობს, რომ ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია და შესაძლოა მათგან არაერთი გარდაიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ასევე ისიც უცნობია, რამდენი მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ავადმყოფობა არ არის აღრიცხული - ასე რომ შესაძლოა სიკვდილიანობის პროცენტი უფრო დაბალიც კი იყოს.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.