GUARDIAN.GE - მოსკოვის დროით, დილის 5:55 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას გამოაცხადა, რომ დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს, რის საფუძველზეც მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იქნება და მათ გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. პუტინმა დაჟინებით მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს დაყარონ იარაღი. მან აღნიშნა, რომ გარე სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ინტერვენციას „მყისიერი“ პასუხი გაეცემა.
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა საჰაერო დარტყმები მიაყენა უკრაინის ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, მათ რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდეს, რაც მოსკოვმა უარყო.
უკრაინაში ჯარებისკაცების და ტანკების კოლონები ყველა მხრიდან შევიდა. ერთმა კოლონამ საზღვარი ბელარუსის მხრიდან გადაკვეთა და კიევის ჩრდილოეთით მდებარე პუნქტი გაიარა. მეორე კოლონა სამხრეთიდან, ყირიმიდან შევიდა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
რუსული ტანკები უკვე ხარკოვშია, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში.
გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 8 ადამიანია დაღუპული.
იმ ფონზე, როცა ადამიანები კიევიდან გასვლას ცდილობენ, ავტომაგისტრალებზე გრძელი საცობებია. კიევის მოსახლეობის ნაწილმა, თავშესაფრის მიზნით, მეტროში გადანაცვლება არჩია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
უკრაინამ ასევე, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ყველა სამოქალაქო ავიარეისი შეაჩერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დაჟინებით მოუწოდა დასავლეთს რუსეთისთვის გამანადგურებელი სანქციების დაწესებისაკენ, რაც რუსეთისთვის „სვიფტის“ საერთაშორისი საბანკო სისტემაში გადარიცხვების აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს.
ნავთობზე ფასები ავარდა და 1 ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. რუსული ეროვნული ვალუტა, რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინდექსები დაეცა დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟებზეც.
ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კობრას“ საგანგებო სხდომა მოიწვია, მანამდე კი განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით „სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია“ და ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „მტკიცე პასუხს“ გასცემენ მის ქმედებებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თქვა, რომ ქმედება „უსამართლო და გაუმართლებელია“. „ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან, რათა დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხი ერთიანობით და თანმიმდებრულად“.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მულერმა კი აღნიშნა, რომ „დროა გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი“ და დაამატა: „ჩვენ მოველით, რომ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლეინემა ბრიუსელში დაგმო ვლადიმერ პუტინის ქმედებები და აღნიშნა, რომ იგი „ევროპაში ომს აბრუნებს“. მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური საფუძვლების და მისი „მოდერნიზაციის შესაძლებლობების“ შესუსტების მიზნით, „მასიური“ სანქციების პაკეტი მოგვიანებით იქნება შემოთავაზებული.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდა „უსამართლო თავდასხმა რუსული ძალების მიერ“ და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიოს მლოცველები ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც მოიტანს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას.მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“, - აღნიშნა ბაიდენმა და დაამატა, რომ ის ხუთშაბათს მიმართავს ამერიკელებს იმის შესახებ თუ რა შედეგები ექნება ამ ქმედებებს რუსეთისთვის. მან აღნიშნა, რომ იგი მდგომარეობის მონიტორინგს თეთრი სახლიდან გააკეთებს და ხუთშაბათ დილით [ვაშინგტონის დროით] დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება, სანამ გამოაცხადებს რუსეთის „შემდგომი შედეგების“ შესახებ. ბაიდენმა თქვა, რომ „მძლავრი, ერთიანი პასუხი“ იქნება ნატოსგან, რომელიც თავისი წევრების მიმართ ნებისმიერი აგრესიის შეკავებას ახდენს.
„ამაღამ, მე და ჯილი ვლოცულობთ მამაცი და ამაყი უკრაინელი ხალხისთვის“, - თქვა ბაიდენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.