GUARDIAN.GE - ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელი დაჟინებით მოუწოდებს ბელარუსს „არ მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ნატო-ს შტაბ-ბინაში პრესკონფერენციაზე ბელარუსისა და მისი ხალხისადმი მიმართვაში მიშელმა თქვა: „თქვენ გაქვთ არჩევანი არ გაჰყვეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებას. „თქვენ გაქვთ არჩევანი „არ მიიღოთ მონაწილეობა ამ უაზრო ტრაგედიაში, თქვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ“.
რუსეთის მოკავშირე ბელარუსი, რომელიც ჩრდილოეთით უკრაინას ესაზღვრება, ოფიციალური კიევის განცხადებით, ათიათასობით რუს ჯარისკაცს საშუალებას აძლევს გადალახოს მისი საზღვარი უკრაინაში.
ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას დაურეკა, უკრაინის წინააღმდეგ თავისი სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მან თქვა, რომ საკუთრივ ბელარუსის ეროვნული ძალები „არ იღებენ მონაწილეობას ოეპერაციაში“. თუმცა, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.
„კვლავ ვიმეორებ. ჩვენი ჯარები არ არიან იქ. მაგრამ თუკი საჭირო იქნება, თუკი ეს საჭირო იქნება ბელარუსისთვის და რუსეთისთვის, ისინი იქ იქნებიან“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომლის სიტყვების ციტირებას BBC ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ბელარუსიდან უკრაინაში უკვე შევიდნენ რუსული კოლონები, რომლებიც იქ მოსკოვს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჰყავდა განლაგებული.
მზარდი კონფრონტაციის ფონზე, ნატოს-გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან უკვე განალაგეს დამატებით ათასობით ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი მზადყოფნაშია მოყვანილი.
„ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომლებიც უმაღლეს დონეზე იცავენ ჩვენს საჰაერო სივრცეს და 120-ზე მეტი მოკავშირე ხომალდი ზღვაზე - ჩრდილოეთის უკიდურესი ნაწილიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერ იმის კეთებას, რაც საჭიროა ალიანსის აგრესიისგან დასაცავად“, - თქვა მან და ხვალისთვის ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი მოიწვია, რათა სამომავლო გეგმები განიხილონ.
„რუსეთი ახლა მძიმე დანახარჯებისა და შედეგების პირისპირ დგას, რომელსაც მას მთელი ეროვნული საზოგადოება აკისრებს“, - დაამატა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ძალადობაზე.
სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ რუსეთის „გაუმართლებელი“ თავდასხმა უკრაინაზე უთვალავ ადამიანს უქმნის სიცოცხლის საფრთხეს. მისი თქმით, რუსეთმა წამოიწყო, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები,ამასთან, მრავალი მიმართულებიდან სახმელეთო და სპეციალურ ძალებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთავარი ქალაქები აქვთ სამიზნეში ამოღებული. „ეს არის მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის დაგეგმილი შეჭრა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დაამატა, რომ თავიანთ უგუნურ ქმედებებსა და მსხვერპლზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმას „ამაზრზენი და ბარბაროსული“ ქმედება უწოდა, რომელიც „მარცხით უნდა დასრულდეს“. „მე არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი უკრაინელების ეროვნულ გრძნობას დაიმორჩილებს“.
მისი თქმით, პუტინმა უკრაინას ძალადობის ტალღა მოუტანა.
„ეს არ არის შორეული ქვეყანა, რომლის შესახებაც ცოტა რამ ვიცით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინა - სიდიდით მეორე ქვეყანა ევროპაში - არის ის სახელმწიფო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა თავისუფლებითა და დემოკრატიით.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს თავისუფლება წაიშალოს. ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ განზე დგომას“, - თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებიდან, რომელმაც უკრაინას თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა და ის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს მომავალ დღეებში, თუმცა არ დაუკონკრეტებია დეტალები.
„დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ჩასაყენებლად არის განსაზაღვრული“, - თქვა ჯონსონმა და დაამატა, რომ ევროპამ ასევე ერთობლივად უნდა შეწყვიტოს ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება, რამაც პუტინს ძალაუფლება განუმტკიცა ევროპაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის საკიხთხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
GUARDIAN.GE - მოსკოვის დროით, დილის 5:55 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას გამოაცხადა, რომ დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს, რის საფუძველზეც მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იქნება და მათ გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. პუტინმა დაჟინებით მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს დაყარონ იარაღი. მან აღნიშნა, რომ გარე სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ინტერვენციას „მყისიერი“ პასუხი გაეცემა.
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა საჰაერო დარტყმები მიაყენა უკრაინის ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, მათ რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდეს, რაც მოსკოვმა უარყო.
უკრაინაში ჯარებისკაცების და ტანკების კოლონები ყველა მხრიდან შევიდა. ერთმა კოლონამ საზღვარი ბელარუსის მხრიდან გადაკვეთა და კიევის ჩრდილოეთით მდებარე პუნქტი გაიარა. მეორე კოლონა სამხრეთიდან, ყირიმიდან შევიდა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
რუსული ტანკები უკვე ხარკოვშია, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში.
რუსული მედესანტეები დღეს დილიდან აკონტროლებენ კიევის მახლობლად, 15-20 მილის დაშორებით მდებარე ანტონოვის ავიაბაზას. CNN-მა პირდაპირ ეთერში ჩართო შემთხვევის ადგილი, პერიმეტრზე აშკარად ჩანან მედესანტეები.
კიევის ცენტრში, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის შტაბ-ბინის თავზე შავი კვამლი ამოდის. ფოტომასალას და ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
უკრაინა აცხადებს, რომ მის ზოგიერთ სამხედრო სამეთაურო ცენტრზე რუსული სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დღეს დილით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა, პუტინის გადაწყვეტილებით „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.
ამ დრომდე გავრცელებული ცნობებით, ათეულობით ადამიანია დაღუპული.
იმ ფონზე, როცა ადამიანები კიევიდან გასვლას ცდილობენ, ავტომაგისტრალებზე გრძელი საცობებია. კიევის მოსახლეობის ნაწილმა, თავშესაფრის მიზნით, მეტროში გადანაცვლება არჩია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, თუმცა რუსეთი ამის საპირისპიროდ ამბობს, რომ მას მცირე წინააღმდეგობა ხვდება.
უკრაინის სამხედრო ძალების თქმით, მათ დაახლოებით 50 რუსი „ოკუპანტი“ მოკლეს და სულ მცირე ექვსი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ამ ინფორმაციის სიზუსტის დადგენა ამ დრომდე არ არის შესაძლებელი.
უკრაინამ ასევე, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ყველა სამოქალაქო ავიარეისი შეაჩერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დაჟინებით მოუწოდა დასავლეთს მოსკოვისთვის გამანადგურებელი სანქციების დაწესებისაკენ, რაც რუსეთისთვის „სვიფტის“ საერთაშორისო საბანკო სისტემაში გადარიცხვების აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს.
ნავთობზე ფასები ავარდა და 1 ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. რუსული ეროვნული ვალუტა, რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინდექსები დაეცა დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟებზეც.
ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კობრას“ საგანგებო სხდომა მოიწვია, მანამდე კი განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით „სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია“ და ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „მტკიცე პასუხს“ გასცემენ მის ქმედებებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თქვა, რომ ქმედება „უსამართლო და გაუმართლებელია“. „ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან, რათა დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხი ერთიანობით და თანმიმდებრულად“.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მულერმა კი აღნიშნა, რომ „დროა გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი“ და დაამატა: „ჩვენ მოველით, რომ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლეინემა ბრიუსელში დაგმო ვლადიმერ პუტინის ქმედებები და აღნიშნა, რომ იგი „ევროპაში ომს აბრუნებს“. მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური საფუძვლების და მისი „მოდერნიზაციის შესაძლებლობების“ შესუსტების მიზნით, „მასიური“ სანქციების პაკეტი მოგვიანებით იქნება შემოთავაზებული.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდა „უსამართლო თავდასხმა რუსული ძალების მიერ“ და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიოს მლოცველები ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც მოიტანს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას.მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“, - აღნიშნა ბაიდენმა და დაამატა, რომ ის ხუთშაბათს მიმართავს ამერიკელებს იმის შესახებ თუ რა შედეგები ექნება ამ ქმედებებს რუსეთისთვის. მან აღნიშნა, რომ იგი მდგომარეობის მონიტორინგს თეთრი სახლიდან გააკეთებს და ხუთშაბათ დილით [ვაშინგტონის დროით] დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება, სანამ გამოაცხადებს რუსეთის „შემდგომი შედეგების“ შესახებ. ბაიდენმა თქვა, რომ „მძლავრი, ერთიანი პასუხი“ იქნება ნატოსგან, რომელიც თავისი წევრების მიმართ ნებისმიერი აგრესიის შეკავებას ახდენს.
„ამაღამ, მე და ჯილი ვლოცულობთ მამაცი და ამაყი უკრაინელი ხალხისთვის“, - თქვა ბაიდენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.