,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის მიერ დროულად დამტკიცებასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ტყის მასივების ქვემო სვანეთისთვის გადაცემას მოითხოვს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე. აღნიშნული საკითხების შესახებ მან guardian.ge-სთან ისაუბრა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ტყის მასივების გადმოცემა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება, თუმცა ახლა მთელი ჩვენი გულისყური მიპყრობილია ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ შემუშავებული კანონპროექტისაკენ, რომლის ამოქმედებაც სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს მთის მოსახლეობის ცხოვრებასა და ზოგადად, მთის რეგიონების განვითარებას - განაცხადა guardian.ge-სთან საუბრისას ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისა და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის რა თქმა უნდა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შემოღება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება, მაგრამ თუ ამას ჩვენთვის ტყის მასივების გადმოცემაც დაემატება, მაშინ ჩათვალეთ რომ რაიონი ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს. როცა ტყე ჩვენს ბალანსზე იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდება. ამავე დროს, გაიზრდება ტყის კონტროლის ეფექტურობა და ბუნებრივია, მისი მოვლა-პატრონობაც უფრო გაადვილდება. ამის თაობაზე საკრებულოსთან ერთად შემუშავებული გვაქვს წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადავუგზავნით, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. სხვათაშორის, ეს არა მხოლოდ რაიონის ხელმძღვანელობის, არამედ მოსახლეობის მოთხოვნაცაა“,- აღნიშნა ამირან ჯამბურიძემ.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ინიცირებით შექმნილ კანონპროექტზე საუბრისას კი გამგებელმა თქვა, რომ „აღნიშნული კანონის ამოქმედება დიდ სტიმულს მისცემს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ქვემო სვანეთიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასულ ოჯახებსაც, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც შესაძლოა მთაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში განსახილველად შედის კანონპროექტი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რაც მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ან დროებით მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისათვის შემდეგი შეღავათების დაწესებას: უფასო სამედიცინო დაზღვევა; სახელმწიფო პენსიაზე ყოველთვიური დანამატის გაცემას პენსიის ოდენობით; საარსებო შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას სტატუსის მქონე ოჯახის წევრისათვის; რეინტეგრაციის შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას; შვილობილად აყვანის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით გაცემას; დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ყოველთვიური შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას; შვილის ყოლისას თითოეულ ბავშვზე დახმარების 1000 ლარის ოდენობით გაცემას;
სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ყოველთვიური დანამატის გაცემას ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით; სამედიცინო პერსონალისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემას შრომის ანაზღაურების 50 პროცენტის ოდენობით;
სტატუსის მქონე პირები განთავისუფლდებიან ადმინისტრაციული ორგანოების მომსახურების საფასურებისგან 50 პროცენტის ოდენობით;
სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ყოველთვიურ დანამატს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტის ოდენობით; მოხდება მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; თითოეულ მოსწავლეზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ვაუჩერი ორმაგი ოდენობით; სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც სწავლას განაგრძობენ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებულ პროგრამაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით სწავლის საფასურს მთავრობა დააფინანსებს.
ამასთან, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყოველი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე მოხმარებული 700 მ3 ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას; ვისაც არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, სახელმწიფო უზრუნველყოფს ალტერნატიული საშუალებით. ასევე, ბიუჯეტიდან მოხდება ამ პერიოდში მოხმარებული 1000 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ფარგლებში მთავრობა გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს იმ ბიზნესმენებსაც, რომლებიც მთიან რეგიონებში დაფუძნებულ საწარმოებში ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებენ. შეღავათი წარმოების დღგ-სგან 3 წლით გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.