საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახლადდანიშნული მინისტრის მიერ მისი სამი მოადგილის შეცვლის შემდეგ, საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება.
Guardian.ge-ს ინფორმაციით, ზურაბ ალავიძემ მინისტრის მოადგილეების შეცვლის შემდეგ შესაძლოა, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სახელმწიფო შპს -ის დირექტორები, მათ შორის შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელიც შეცვალოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, Guardian.ge კომპანიის დირექტორს, გიორგი შუხოშვილს დაუკავშირდა.
კითხვაზე, დაგეგმილი რეორგანიზაციის და საკადრო ცვლილებების ფონზე, მოსალოდნელია თუ არა, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ხელმძღვანელი პირის შეცვლა, შუხოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრთან კონსულტაცია არ ჰქონია, საქმიანობას ჩვეულებრივ განაგრძობს, თუმცა დაზუსტებით არ იცის, თუ რა ბედი ეწევა მას უწყებაში ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ.
„არ ვიცი, მე მსგავსი ცვლილების შესახებ არ მსმენია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს ვიცი - ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა შუხოშვილმა, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდგომი პერიოდიდან, ოთხი მინისტრის გამოცვლის პირობებში, უცვლელად იკავებს.
Guardian.ge-მ ამავე თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, დავით ჭავჭანიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას „ცვლილებები, ალბათ, არ შეეხება“.
„მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, ჩვენს სამსახურს, ალბათ, ცვლილებები არ შეეხება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გვერდში დავუდგეთ ახალ ხელმძღვანელობას", - განაცხადა ჭავჭანიძემ.
კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას კონკრეტულად გიორგი შუხოშვილის თანამდებობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებათან დაკავშირებით, ჭავჭანიძე პასუხობს:
„ჩემამდე ასეთი საუბარი არ მოსულა, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ ზურაბ ალავიძესთან მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები არ ყოფილა.
მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძე დაინიშნა, უწყებას მინისტრის სამი ახალი მოადგილე ჰყავს.
პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა, მოადგილეები - კახაბერ გულედანი და გალაკტიონ ბუაძე აღნიშნულ თანამდებობებზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე დაინიშნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.