ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის წელს მილიონობით ლარი დაიხარჯება. გამგებელი, ზაზა ურუშაძე guardian.ge -სთან საუბრისას აცხადებს, რომ შარშან საბიუჯეტო თანხების ათვისების მხრივ მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა.
„ამჟამად მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა გასულ წელს მთავრობის დადგენილებით გამოიყო, რომლიდანაც უკვე გახარჯულია თითქმის მილიონი ლარი, დანარჩენი თანხის ასათვისებლად კი სამუშაოები კვლავ გრძელდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ამისათვის წელს გამოყოფილია დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი, რაც მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს მოიცავს და ძირითადად, გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ქალაქის კეთილმოწყობა; ეს არის სკვერების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი სახლების გადახურვა და სხვა სამუშაოები. წელსვე დასრულდება სამი ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა.
რაც შეეხება გასულ წელს, ჩვენთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ვიაიპიმ“ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მის მიმართ ფინანსური სანქციები გამოვიყენეთ; საბანკო გარაანტიიდან ჩამოვაჭერით 50 000 ლარი,14 000 ლარი კი ჯარიმის სახით გადავახდევინეთ და საერთოდ შევუწყვიტეთ კონტრაქტი. სწორედ ამ კომპანიის არაკეთილსინდისიერების გამო მოხდა ჩვენთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეფერხება,“ ამბობს ზაზა ურუშაძე.
გამგებელი სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამ მხრივ ვითარებას საკმაოდ დამაკმაყოფილებლად აფასებს.
„ჩვენთან სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი ვართ საქართველოში, რადგან ჩვენთან უკვე დარეგისტრირებულია 25 კოოპერატივი, რომელთაც როგორც მესაქონლეობის, ისე მეფუტკრეობის და მეციტრუსეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ასევე, ეფექტურად მუშაობენ სასათბურე მეურნეობები. სოფელ მამათში დაგეგმილი გვაქვს ჩაის პლანტაციების აღდგენა. იმ სოფლებში კი, სადაც მეციტრუსეობაა განვითარებული, საადრეო ჯიშების შემოტანაზე ვმუშაობთ. უნდა ითქვას, რომ წელს ციტრუსის ჩაბარების მხრივ ლანჩხუთში პრობლემები არ გვქონია. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღე-დღეზე ველოდებით უცხოელ ინვესტორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ხილის გატანა ევროპაში, ვინაიდან როგორც თავად მიაჩნია, აქაური პროდუქცია უფრო ნატურალური და უფრო ჯანსაღია, ვიდრე ევროპული. შემოდგომაზე გადაწყვეტილი გვაქვს პავილიონების მოწყობა. ამ კუთხითაც არის დაინტერესება რამდენიმე ინვესტორის მხირდან,“ აცხადებს ზაზა ურუშაძე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ იგი სავალუტო კრიზისამდეც უარს აცხადებდა ფუფუნების საგნების შეძენასა თუ პრემიების მიღებაზე. ამის დასტურად ზაზა ურუშაძე იმას ასახელებს, რომ დღემდე არ სარგებლობს სამსახურებრივი ავტომანქანით და შარშან მის საბანკო ანგარიშზე ერთადერთხელ „შეცდომით“ დარიცხული პრემიაც კი ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს გაუნაწილა.
„რაც შეეხება ე. წ. „ქამრები შემოჭერის“ პოლიტიკას, ეგ ჩვენ არც გვეხება, რადგან წელს საერთოდ აღარ გვაქვს საპრემიო ფონდი, ფუფუნების საგნებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე პირადად არ მემსახურება სამსახურებრივი ავტომანქანა და დავდივარ საკუთარი ავტომანქანით. წელს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გათვალისწინებული გვქონდა 100 000 ლარი, თუმცა ამაზეც უკვე უარი განვაცხადეთ და ეგ თანხაც სხვა, უფრო პრიორიტეტული მიმართულებით დაიხარჯება. შარშან გამგეობაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დარიგდა პრემიები. მე, თავად უარი განვაცხადე მის აღებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საფინანსო სამსახურის უფროსს მაინც დაურიცხია ჩემთვის გარკვეული თანხა, რაც სოციალურად ყველაზე დაუცველ ადამიანებს გავუნაწილე,“ აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე guardian.ge -სთან საუბრისას და დასძენს, რომ პრემირების არსებულ ფორმას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ ის უნდა იყოს მხოლოდ წახალისების საშუალება და გაიცეს არა მასობრივად, არამედ შეზღუდულად, მარტო იმ თანამშრომლებზე, ვინც თავიანთი შრომითა და საქმიანობით იქნებიან წარმატებულნი და გამორჩეულნი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.