ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს - ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფელბის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო! დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც სწორედ ასეთ საზეიმოდ დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას! მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს.
ჩვენო ჯარისკაცებო! მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ, და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა.
დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და სიმამაცისთვის საერთაშორისო აღიარება დაიმსახურეს.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის.
ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.
დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს.
დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარები. და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.
მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს! თქვენ რომ გიყურებთ, ამის რწმენა კიდევ უფრო მემატება! ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანას და ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.