რა არის ევროსაბჭოს COMUS-ის პროგრამა, რომელიც დუშეთში ხორციელდება და რომელი ისტორიული შენობების აღდგენა იგეგმება ძველ ქართულ ქალაქში, და რა ზეგავლენას მოახდენს დუშეთის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზე რესტავრირებული შენობებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ვრცლად ესაუბრა ლევან მნათობიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ფიზიკოსი, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში.
როგორც GUARDIAN.GE-ს ლევან მნათობიშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი ისტორიული შენობა, რომელიც დუშეთში, მილახვრიანთკარში უნდა აღდგეს, ჭილაშვილების სასახლეა, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გათვალისწინებულია არქეოლოგიური მუზეუმის გაკეთება, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტმა სასახლის მიმდებარედ, ე.წ. ემტეესის ტერიტორიის აღდგენაზე უნდა იზრუნოს.
მნათობიშვილი დუშეთის, როგორც საქართველოს დედაქალაქიდან ახლოს მდებარე ისტორიული ქალაქის სამომავლო განვითარებაზე საუბრისას იმ უპირატესობებზე აკეთებს აქცენტს, რაც დუშეთს და მუნიციპალიტეტის უნიკალურ ტერიტორიებს - ხევსურეთს და პირიქითა ხევსურეთს, ფშავს და უკანა ფშავს, მთიულეთს, გუდამაყარს, ხანდოს ხეობას, ხადას ხეობას და სხვა ადგილებს გააჩნიათ.
(ქალაქი დუშეთი- მასალაში გამოყენებულია GUARDIAN.GE-ს ფოტოები)
„COMUS-ი ეს არის აბრევიატურა - „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიტყვას - არც ერთი სიტყვის გამოკლება შეიძლება და არც სხვას სიტყვის ჩამატება. პირველი - ისტორიულ ქალაქებზეა ლაპარაკი - დუშეთი 2014 წელს მიღებულ იქნა „მსოფლიო ისტორიული ქალაქების ასოციაციის“ წევრად. ეს მოხდა იმიტომ, რომ დუშეთში უამრავი ისტორიული ძეგლია. ქალაქის ძველ დასახლებაში 97 სახლი ისტორიული ძეგლია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მაშასადამე, დუშეთი ისტორიული ქალაქია, ამიტომ ევროსაბჭომ შემოგვთავაზა „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ - როგორი თემაა ქალაქისთვის. რას ნიშნავს „თემის მიერ მართული?“ - ძირითადი კვინტენსენცია ამ პროგრამის ფაქტობრივად იყო რაღაც იდეა, ვრცელი და საინტერესო. გეუბნებიან, თქვენ თუ აღადგენთ შენობას, ანუ მას დაუბრუნებთ ძველ სახეს, თუ თქვენ მოახდენთ მის რესტავრაციას და მიანიჭებთ ფუნქციას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან არსებით ზეგავლენას მოახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზე.
„პროგრამის შესახებ პირველად რომ მოვისმინე, ასე შევხედე - ეს არის ჩემი ზღაპრის გმირი - დევი - აიღებს რიყის ქვას, მოუჭერს თავის ხელს და წვენს გამოადენს. ეს მკვდარი ისტორიული სახლი, რომელსაც მორყეული აქვს ყველაფერი, თუ აღვადგინე, თუ ფუნქცია მივანიჭე, მაშინ მან უნდა მომცეს ზეგავლენა ამ ქალაქის რომელიღაც ნაწილზე, სადაც მოსახლეობის სოციალური ყოფა უნდა გაუმჯობესდეს. ეს ძნელი საქმეა, როგორ მოხდება ეს? ეს მკვდარი სახლები როგორ იმოქმედებს ამაზე. ჩვენ გავეცანით ამ პროგრამას და დავიწყეთ მუშაობა. შეიქმნა დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფი, რომლის საერთო ხელმძღვანელი იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, ხოლო ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო მისი პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი. მეც ვმონაწილეობდი ამ საბაზო გეგმის შედგენაში, ეს იყო პირველი და არსებითი ანალიზი - რა მდგომარეობაა, შემდეგ იყო ხედვა - როგორ მოხდება გაუმჯობესება და მესამე იყო ქმედებების თავი.
„ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ამ პროექტში მონაწილეობას იღებს ხუთი სახელმწიფო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ჯამში ამ ქვეყნებიდან პროგრამაში 9 ისტორიული ქალაქი, საქართველოდან კი დუშეთი და ჭიათურა ჩაერთო. მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. კვლევების პროცესში ჩავრთეთ ახალგაზრდა არქიტექტორები - არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, დუშელები. ვხვდებოდით პერმანენტულად მოსახლეობას, მაგრამ მოსახლეობის აქტიურობა იყო ძალიან დაბალი. ადგილობრივი, თუ მის სახლს არ ეხებოდა, საკითხით ნაკლებად ინტერესდებოდა. ზოგადი გავლენის მოხდენაზე კი არ ფიქრობდა, ეს ადვილად არ ჩანდა ასეთი შეხვედრების დროს.
(ჭილაშვილების სასახლე)
„ჩვენ ვცდილობდით ყველასთან გვქონოდა კონტაქტი - სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, ვაჩვენეთ ჩვენი ისტორიული სახლები და ავუხსენით, თუ რატომ არის ისტორიული, რა ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს. ჩვენ დავამთავრეთ საბაზო გეგმის შედგენა, რამდენჯერმე მისი კორექტირება მოხდა, რომელზეც საბოლოო წერტილს სვამდა საქართველოში ევროსაბჭოს ფილიალის ექსპერტი რუსუდან მირზიკაშვილი. მიმდინარე წლის 28 ივნისს სტრასბურგში გაიმართა მორიგი შეხვედრა, სადაც ეს პროექტი მიღებულ იქნა, დანრჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ჩვენ როგორ განვავითარებთ მას და რამდენად შევძლებთ რეკონსტრუქციას ამ შენობების.
„ზოგადად ჩვენ ავირჩიეთ საამისოდ ხუთი ობიექტი, თუმცა, წარვადგინეთ სამი. ობიექტები დუშეთის ერთ-ერთ უბანში, მილახვრიანთკარში მდებარეობს. მილახვრიანთკარი ამჟამად ქალაქის შემადგნლობაში შედის, ადრე კი სოფელი იყო. პირველი ობიექტი არის „სტანცია“ - ყოფილი სადგურის შენობა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა. აქ იყო განთავსებული ჩვენი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ახლა აღნიშნული შენობა არსებითად ავარიულია და თუ არ მოხდა მისი რესტავრაცია, შეიძლება დაინგრეს. შენობა არის ძალიან კარგი ფასადით, არქიტექტურით. იქვე მისგან სამას მეტრში არის მეორე ობიექტი - ჭილაშვილების სასახლე, მასაც თავისი საინტერესო ისტორია აქვს და მის გვერდით მდებარეობს ასევე ე.წ. ემტეესი, ანუ მანქანა-ტრაქტორთა სადგომი - ანუ ჭილაშვილების სასახლე, „სტანცია“ და ე.წ. ემტეესი არის ის სამი ძირითადი ობიექტი, რომელიც ჩვენ პროგრამაში შევიტანეთ, როგორც განსახორციელებელი პროექტები.
(ჭილაშვილების სასახლე, შიდა ეზო)
„საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ხელი მოჰკიდა ჭილაშვილების სასახლეს, სადაც გათვალისწინებულია არქეოლოგიური მუზეუმის გაკეთება, თუმცა, მანამდე რესტავრაცია უნდა მოხდეს, პირვანდელი სახით აღდგენა. ამ ყველაფერს ეროვნული მუზეუმი გააკეთებს. რაც შეეხება ე.წ. ემტეესს, ეზოში მდებარე ნაგებობის კედელი ზოგან მონგრეულია, ზოგან სახურავი აღარ არის, თუმცა, არქიტექტორების მიერ დადგინდა, რომ შენობის მთლიანად დანგრევა არ იქნება საჭირო, ამით ზედმეტ ხარჯებს ავირიდებთ თავიდან.
„რადგან ეროვნულმა მუზეუმმა ჭილაშვილების სასახლეში არქეოლოგიური მუზეუმის შექმნა გადაწყვიტა, ანუ კულტურულ-საგანმანათლებლო დატვირთვის მატარებელი ხდება, ჩვენც გადავწყვიტეთ, მის მეზობლად, ე.წ. ემტეესის ტერიტორიაზე ფუნქცია აგებული შენობისა ატარებდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს, ანუ ერთი ქოლგის ქვეშ მოვათავსოთ მთელი ეს შენობები. აქვე დავამატებდი, რომ ყოფილი „სტანციის“ შენობაში ჩვენ გვინდა ისევ აღვადგინოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომ მისი არქიტექტურა შევინარჩუნოთ რესტავრაციით, ხოლო ფუნქცია ისევ კუტურულ-საგანმანათლებლო იქნება.
„მაშასადამე, დუშეთის მილახვრიანთკარის უბანში, სამი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია და ყველას ექნება ერთი ქოლგა, ეს იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულება. „ემტეესის“ შენობაში განთავსდება სატრეინინგო და ორი საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი და სასტუმრო მცირე დატვირთვით. შენობის ეზოში მოეწყობა რეკრეაციული ზონა, დასასვენებელი ადგილები, გამწვანებული ადგილები, ყვავილნარი და იქნება აუცილებლად კვების ბლოკიც. ანუ გამოდის, რომ მილახვრიანთკარში, ერთი წერტილში, გაქვთ ორი კულტურულ-საგნმანათლებლო ობიექტი - ერთი არქეოლოგიური, ხოლო მეორე ესა არის კომპლექსი. აქედან სამას მეტრში კი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმია. ასეთია ჩვენი გეგმა.
„არის მეორე საკითხიც - კეთილი, ამას შევქმნით ჩვენ, მაგრამ საინტერესოა, როგორ გავლენას მოახდენს ეს მოსახლეობის ყოფაზე? ახლა მოგახსენებთ, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ, რატომ იქნება ეს ყველაფერი სასარგებლო თუნდაც მილახვრიანთკარის დასახლებისთვის? თავისთავად, არქეოლოგიური მუზეუმიც და მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც ეს არის მიმზიდველი ადგილი იმისთვის, რომ აქ შემოვიდეს ტურისტი, აქ შემოვიდეს საქართველოს სხვა რეგიონის მცხოვრები და ა.შ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ ბევრ საინტერესოს ნახავს.
„დუშეთის დასახლების მინიმალური სიმაღლე არის 840 მეტრი, ხოლო მაქსიმალურია 990 მეტრი. საშუალო სიმაღლე 935 მეტრია ზღვის დონიდან. ეს არის ე.წ. ჰიფსომეტრული სიმაღლე. კლიმატი არის ზომიერი. წლების მანძილზე, როცა ხდებოდა ანალიზი სხვადასხვა სეზონის ტემპერატურებისა, დადგინდა, რომ დუშეთის ტემპერატურა არ სცილდება გარკვეულ ფარგლებს - აქ არ არსებობს აუტანელი სიცხე, ან აუტანელი სიცივე. თბილისთან შედარებით, ტემპერატურა აქ ყოველთვის 5 გრადუსით ნაკლებია. დუშეთს გარშემო აკრავს დიდი ტყე, რომელიც არის შერეული - ფოთლოვან-წიწვოვანი. არის განსაკუთრებული სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი.
„იმის გამო, რომ ქალაქი მოცილებულია ცენტრალურ საავტომობილო გზას, 5 კმ-ით, მაგრამ მოცილებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის განვითარება დამოკიდებულია მაგისტრალზე, ამ შემთხვევაში დუშეთისთვის ეს არის ძალიან კარგი, რომ აქ არ არის ცენტრალური მაგისტრალი, ვთქვათ, საქართველოს სამხედრო გზის მსგავსი. ამის შედეგია ის, რომ აქ არ არსებობს გამონაბოლქვი, ჰაერში არ არის სიბინძურე, ქალაქში მანქანების მინიმალური რაოდენობაა, იშვიათად გაიგებთ მანქანის ხმას - არის ასე ახლოს თბილისთან. დედაქალაქის ცენტრიდან დუშეთის ცენტრამდე (იქ, სადაც ჩვენ ახლა ვსხედვართ) სულ რაღაც 50 კმ-ია. ახლოს არის მცხეთის რკინიგზის სადგური, დაახლოებით, 30 კმ-ში. არის გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელიც მისი წერტილიდან 1000 კმ-ის რადიუსში მაგნიტური ველის ცვლილებას ზომავდა. დუშეთის უმაღლესი წერტილიდან მთელი დუშეთი და ბაზალეთის ტბა ხელისგულზე ჩანს, მისი სიახლოვე კი ქალაქიდან მხოლოდ 3 კმ-ია.
„ბაზალეთის ტბაც იკვებება მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა წყლებით, ანუ გაფილტრული წყლებით, სუფთა წყლებით, ის ძალიან გამჭვირვალეა. მისი მაქსიმალური სიღმრე 6 მეტრია და იდეალური ადგილია დასვენებისთვის, გარუჯვისთვის. სპორტისთვის არის ტბა არაჩვეულებრივი საშუალება, თუნდაც ნიჩბოსნობისთვის.
„წარმოიდგინეთ, დუშეთში რომ მოხვდება ადამიანი და გაეცნობა აქ რა ძეგლებიცაა - ხევსურეთში და პირიქითა ხევსურეთში, ფშავში და უკანა ფშავში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხანდოს ხეობაში, ხადას ხეობაში - ეს არის არაჩვეულებრივი, ზღაპრული, უნიკალური ადგილები არის და არ სცილდება 70 კმ-ს დუშეთიდან, 100 კმ მაქსიმუმ დაშორება ვთქვათ, შატილამდე. მაშასადამე, ადამიანი რომ ამას ეცნობა, ხედავს, რომ ეს ყველაფერი არის თბილისიდან ძალიან ახლოს და ადვილი მისაწვდომია და რამდენიმე დღის გატარება შეიძლება აქ. ვთქვათ, მოხდა ის, რაც გეგმაშია, მოხდა რესტავრაცია ამ შენობების, როგორ შეიცვლება სადღაც რაღაც სოციალური ყოფა? როგორ შეიცვლება ინფრასტრუქტურა აქ? შინაგანი ბუნებაა ხომ ჩვენი - დაინტერესების - რა კეთდება, რა უნდათ რომ მოვიდნენ ჩვენს სოფელში?
„წარმოიდგინეთ - უცებ, ჩამოდგა რამდენიმე ავტობუსი და გამოვიდნენ, ალბათ, ტურისტები. აღფრთოვანებულები არიან მხარეთმცოდნეობის მუზეუმით, არქეოლოგიური მუზეუმით. ჩამოვიდნენ მთავრობის წევრები და ატარებენ სემინარს, კონფერენციას - მინისტრთა საბჭოს სხდომას ატარებენ აქ ე.წ. ემტეესის ეზოში. ახლა ვნახოთ განწყობა როგორია მოსახლეობის. დაინახეს რომ ხალხი ჩამოდის და ინტერესდება ამ უბნით, აქამდე კი, კაციშვილი არ ჩანდა, უცებ ამდენი ხალხი გაჩნდა, ამიტომ, ადგილობრივი მცხოვრები წმენდს უკვე ქუჩას, ღებავს ღობეს, მერე გრძნობს, რომ ამ სასტუმროში მხოლოდ 30-40 კაცი ეტევა და საჭიროა, საოჯახო სასტუმროს შექმნა.
„ჩვენ ვხედავთ: პირველი - მოსახლეობის ინტერესს, სიამაყის გრძნობას და შემდეგ კი, თვითონ იწყებენ მართვას ამ ურბანული განვითარების. ეს არის უკვე შედეგი იმ ბიძგისა, რომელიც მოხდება დაგეგმილი ობიექტების აღდგენითა და ფუნქციის მინიჭებით. ამ ბიძგმა ადამიანს შეუცვალა დამოკიდებულება თავისი ქონების მიმართ; გაუჩნდათ აზრი, რომ მათ თავადვე შეუძლიათ შექმნან თავიანთი მცირე წარმოება. პროექტის განხორციელება ამას მოიტანს, ეს კი, ჩვენი თვითმიზანია“, უთხრა GUARDIAN.GE-ს ლევან მნათობიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.