ვირჯინიაში თეთრკანიანი ნაციონალისტების შეკრება სისხლიან პროტესტში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში შევარდა და სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შტატის გუბერნატორმა არეულობების მოწყობაში ბრალი ნეო-ნაცისტებს დასდო ქალაქ შარლოტსვილში, სადაც დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ ქვებს და წიწაკის მძაფრ შესასხურებლებს იყენებდნენ მას შემდეგ რაც ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები სამოქალაქო ომის დროს კონფედერაციის ძალების გმირის, გენერალ ლის ძეგლის აღების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
(რედაქციის შენიშვნა: რობერტ ედვარდ ლი - 1807-1870 - იყო ამერიკელი გენერალი, რომელიც 1862 წლიდან, 1865 წლამდე, სანამ დანებდებოდა, ამერიკის სამოქალაქო ომში კონფედერაციის არმიას ხელმძღვანელობდა).
პოლიციის განცხადებით, ავტომანქანის ხალხის ჯგუფში შევარდნის შედეგად დაიღუპა 32 წლის ქალი, კრიტიკული დაზიანებები აქვს მიღებული ხუთ ადამიანს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსა და „როიტერსის“ მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ შეიჭრა ავტომანქანა კონტრ-პროტესტანტების დიდ ჯგუფში და როგორ ააგდო ზოგიერთი ადამიანი ჰაერში.
პოლიციამ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით 20 წლის თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცი, ჯეიმს ალექს ფილდსი დააკავა, რომელიც ოჰაიოდანაა და ამ დროისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა იგი ჩარლოტსვილში, სადაც ვირჯინიის ფლაგმანი უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს.
ვირჯინიის შტატის პოლიციის ცნობით, შაბათ ღამით კიდევ სამი მამაკაცი იქნა დაპატიმრებული - ორი მათგანი, 21 წლისაა და ტენესიდანაა, მესამე კი 44 წლის ფლორიდელი მამაკაცია.
არეულობების სიახლოვეს, პროტესტის ჩახშობის მცდელობისას პოლიციელთა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა.
ვირჯინიის „დემოკრატმა“ გუბერნატორმა ტერი მაკაულიფმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თეთრკანიანი ნაციონალისტების მსვლელობა შეაჩერა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი დაგმო ძალადობა.
„მე მაქვს გზავნილი ყველა იმ თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეების და ნაცისტების მიმართ, რომლებიც დღეს შარლოტსვილში მოვიდნენ. ჩვენი გზავნილი არის მარტივი: წადით სახლებში“, განაცხადა ვირჯინიის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე და დაამატა: „თქვენ არ უნდიხართ ამ დიდებულ სახელმწიფოს. სირცხვილი თქვენ“.
„როიტერსის“ ცნობით, შუაღამისას ჩარლოტსვილის ქუჩებში სიწყნარემ დაისადგურა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინციდენტში „ბევრი მხარე“ იყო ჩართული და მას განსაკუთრებით არ დაუგმია ულტრა-მემარჯვენეები.
„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით საშინელ ამბებს, რომელსაც ვირჯინიაში, შარლოტსვილში აქვს ადგილი. ჩვენ ვგმობთ, ყველაზე მკაცრი ტერმინებით, რაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული, ბევრი მხარის მიერ სიძულვილის, ფანატიზმის და ძალადობის ამ შეუწყნარებელ გამოვლინებას“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს თავის ნიუ ჯერსის გოლფის კლუბში, სადაც ის შვებულებას ატარებს.
ტრამპს არ გაუცია პასუხი რეპორტიორების ყვირილით დასმული შეკითხვისთვის, ისაუბრა თუ არა ღიად, საკმარისი სიმკაცრით თეთრკანიანი ნაციონალისტების წინააღმდეგ.
ცნობილმა „დემოკრატებმა“, სამოქალაქო უფლებების აქტივისტებმა და ზოგიერთმა „რესპუბლიკელმა“ განაცხადეს, რომ უპატიებელია, რომ პრეზიდენტმა თეთრკანიანთა უპირატესობა არ დაგმო.
„ბატონო პრეზიდენტო - ჩვენ უნდა დავარქვათ ბოროტებას თავისი სახელი“, დაწერა სოციალურ ქსელ „თვითერზე“ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა კორი გარდნერმა.
„ესენი იყვნენ თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეები და ეს იყო სამამულო“, განაცხადა გარდნერმა.
„დემოკრატების“ ლიდერმა აშშ-ის წარმომადგენლობით პალატებში, ნენსი პელოუსიმ „თვითერზე“ პრეზიდენტს მიმართა: „გაიმეორე ჩემს შემდეგ, დონალდ ტრამპ: თეთრკანიანთა უპირატესობა შეურაცხყოფის მიყენებაა ამერიკული ღირებულებებისთვის“.
როგორც „როტერსი“ იტყობინება, შაბათს ქალაქის ცენტრში ასეულობით ადამიანს, რომლებიც თეთრკანიანი ნაციონალისტების სიმბოლოებს ატარებდნენ და კონფედერანტების საბრძოლო დროშები ეჭირათ, დაახლოებით ამდენივე რაოდენობის კონტრ-პროტესტანტმა გადაუღობა გზა.
ქალაქ შარლოტსვილის საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პოლიციისთვის უფლების მიცემას, გამოეცხადებინა კომენდანტის საათი. ქალაქის მერმა, მაიკ სიგნერმა მისი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ შუაღამის მოახლოებისას ქალაქში სიწყნარე იყო და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნული კონფრონტაცია აბსოლუტურად იმის შემხსენებელია, თუ რამდენად იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
„თქვენ ვერ წაგვიშლით მეხსიერებას“, გაჰყვიროდა თეთრკანიანი ნაციონალისტების ჯგუფი, მაშინ როცა კონტრ-პროტესტანტებს ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერებით: „ნაცისტებო, წადით სახლში“ და „დაიმსხვრეს თეთრკანიანთა უპირატესობა“.
ძალადობამ ქალაქში პარასკევ ღამით იფეთქა, როცა ასეულობით თეთრკანიანმა ანთებული ჩირაღდნებით მარშირება მოაწყო ვირჯინიის უნივერსიტეტის კამპუსთან, რამაც კრიტიკოსებს „კუ-კლუქს-კლანელების“ მსვლელობა მოაგონა.
თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე „კუ-კლუქს-კლანის“ ყოფილი ლიდერი დევიდ დიუკი მსვლელობისას ჩარლოტსვილში იმყოფებოდა, როგორც ამას თავად ადასტურებს „თვითერზე“.
მარშირება ნაწილი იყო შეერთებული შტატების სამხრეთში კონფედერანტთა საბრძოლო დროშის და სამოქალაქო ომში აჯანყებულთა მხარის სხვა სიმბოლოების დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე დებატებისა.
შარლოტსვილში 20-მდე ადამიანი იქნა დაპატიმრებული ივლისში, როცა „კუ-კლუქს-კლანმა“ გენერალ ლის ძეგლის აღების გეგმის წინააღმდეგ მსვლელობა გამართა. თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი მაისშიც გამოხატეს.
შარლოტსვილი, რომელიც მთებშია ჩაბუდებული, ლიბერალური მიმართულების ქალაქია, სადაც ვირჯინიის ცნობილი უნივერსიტეტია. იგი ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის მშობლიური ადგილია.
როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, ძეგლის აღება ქალაქის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, შეცვალოს ჩარლოტსვილის რასობრივი ისტორია საზოგადოებრივ ადგილებში. ქალაქმა ასევე სახელი შეუცვალა ლი პარკს, სადაც ძეგლი დგას და ჯექსონ პარკს, რომელსაც კონფედერაციის გენერლის თომას ჯექსონის სახელი ერქვა. მათ ახლა ემანსიპაციის პარკი და სამართლიანობის პარკი ჰქვიათ, შესაბამისად. ამ დროისთვის კი ლის ძეგლი ისევ რჩება ადგილზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.