გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა
31-03-2018, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ვირჩევთ მცხეთის რაიონში „ქართული ოცნების” დელეგატებს, რომლებიც პარტიის ყრილობაზე აირჩევენ მმართველობით ორგანოებს.

 

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება და განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია.

 

 

მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა. ვფიქრობ, პარტიის წევრებმა ეს უნდა იცოდნენ, ვინაიდან ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა, დეტალურად ჩამოვთვალო ის პროექტები, რომლებიც -კონკრეტულად ამ რაიონში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა.

 

 

2013-2017 წლებში ჯამურად ჩვენ ამ მიმართულებაზე დავხარჯეთ 69 მლნ ლარი.

 

 

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების - 29 კმ-ის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის დაიხარჯა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო შიდა გზებზე - 8 მლნ ლარი.

 

 

წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის განვითარებაზე ამ პერიოდში 7,4 მლნ. ლარი დაიხარჯა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიხარჯა 500 ათასი ლარი.

 

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის 11 კმ-იან მონაკვეთს; შიო მღვიმის მონასტრის 8,2 კმ-იან გზას; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის მონაკვეთს.

 

 

განხორციელდა 9 სოფლის წყალსადენი სისტემისა და 7 სოფლის სისტემის რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, რაზეც 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზი დამატებით მიეწოდება 12100 ოჯახს.

 

 

პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების კაწალხევის, ნოჯას, ნოჯიკეთის კოშკისყელის, ქვემო და ზემო ღარისწყლის 83 ოჯახს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭიაურასა და გრძელველის 54 ოჯახს და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბევრეთის, ლელუბანისა და კარსანის 100 ოჯახს.

 

 

სოფელ მუცოში აშენდა 100-კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების ელექტროენერგიით მომარაგებას, ისე მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია.

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაორმაგდა ელექტროფიცირებული აბონენტების რაოდენობა.

 

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდა 63 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი. 2018-2020 წლებში კი, ნავარაუდევია კიდევ დამატებით 20 კმ-მდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

 

 

რეგიონის მასშტაბით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა შემდეგი ელექტროსადგურები: არაგვჰესი, განხორციელებული ინვესტიცია 13,5 მლნ აშშ დოლარი; ლარსჰესი, განხორციელებული ინვესტიცია 17,5 მლნ. აშშ დოლარი; ყაზბეგჰესი - 3 მლნ აშშ დოლარი; საგურამოჰესი - 4,6 მლნ აშშ დოლარი; დარიალჰესი - 123 მლნ აშშ დოლარი.

 

 

2019-2020 წლებისთვის რეგიონში დაგეგმილია 17 მლნ ევროს ღირებულების ქვესადგურ „სტეფანწმინდის“ და 6,9 მლნ ევროს ღირებულების ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის ქვესადგური „სტეფანწმინდა“ - ქვესადგური „დარიალჰესი“ პროექტების განხორციელება.

 

 

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სხვადასხვა კომპონენტში, სულ მხარდაჭერილია 30 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 133 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნა 900-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

ამ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 17 პროექტი, 90 მილიონი ლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობით, რომელთა შედეგად შეიქმნა 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

მარტო მცხეთის მუნიციპალიტეტში „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია ცხრა საწარმო:

 

 

მინდა, ჩამოვთვალო, რადგან მნიშვნელოვანია, ჩვენმა თანამებრძოლებმა იცოდნენ, რა კეთდება ამ მიმართულებით. ესენია:

 

 

შპალერის მწარმოებელი საწარმო სოფელ მამკოდაში, პროექტის ღირებულება 528 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი.

 

 

საწარმო „ქართული ლიმონათი“ სოფელ ნატახტარში, პროექტის ღირებულება 9 მილიონზე მეტი ლარია და საწარმოში დასაქმებულია 100 ადამიანი.

 

 

ავეჯის მწარმოებელი კომპანია სოფელ გლდანში. პროექტის ღირებულება 720 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 30 ადამიანი.

 

 

მცხეთაში, საკონდიტრო ნაწარმის კომპანია. პროექტის ღირებულება 652 ათასი ლარია, საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.

 

 

სოფელ ნატახტარში ბუნებრივი ქვების გადამამუშავებელი საწარმო. პროექტის ღირებულება 780 ათასი ლარია, დასაქმებულია 27 ადამიანი.

 

 

სოფელ ძეგვში, ასფალტისა და ბეტონის მწარმოებელი საწარმო. პროექტის ღირებულება 2 მილიონნახევარ ლარზე მეტი, საწარმოში დასაქმებულია 35 ადამიანი.

 

 

მარილისა და ყავისფერი შაქრის საწარმო მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძეგვში, რომლის საინვესტიციო მოცულობა მილიონ 400 ათას ლარამდეა და მასში დასაქმებულია 20-მდე ადამიანი.

 

 

სასტუმროების მხარდაჭერის კომპონენტით დაფინანსდა 36 მილიონი ლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობის 6 სასტუმრო, რომელიც ჯამურად ქმნის 300-მდე დამატებით ოთახს და ასევე 300-მდე სამუშაო ადგილს.

 

 

დაბა გუდაურში 60-ნომრიან სასტუმრო „გუდაური ინიში“, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 3 მლნ ლარამდეა, დასაქმდა 70 ადამიანი.

 

 

სასტუმრო „გუდაური რეზორტი“ სოფელ სეთურებში, რომელიც გათვლილია 130 ნომერზე, საინვესტიციო მოცულობა 23 მილიონი ლარია. სასტუმრო 110 ადამიანის ასაქმებს.

 

 

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით 685 ბენეფიციარზე თანადაფინანსების სახით გაიცა 3 მლნ ლარი. მოგეხსენებათ, აქ თანხა იყო 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე და მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროგრამა მიკრომეწარმეობის კომპონენტში.

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის მოცულობამ 1055 ჰა შეადგინა. რასაც ვყვები, არის ახალი პროექტები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელიწადში განხორციელდა, მელიორაციაზე დახარჯული თანხების ოდენობა იყო 12,5 მლნ ლარი.

 

 

2020 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი უკვე დაახლოებით 13 000 ჰა იქნება ჯამში. სამელიორაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ კიდევ დამატებით 9 მლნ ლარზე მეტი მოცულობის სამუშაოების დაფინანსება.

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტების მოცულობამ 16,4 მლნ ლარი შეადგინა და პროექტით ისარგებლა 248 ფერმერმა.

 

 

საკმაოდ წარმატებული პროექტია - ხილის გადამმუშავებელი საწარმო მცხეთაში, ინვესტიციის მოცულობაა მილიონ აშშ დოლარზე მეტია, დასაქმდა 50 ადამიანი და მას პროდუქცია გააქვს ექსპორტზე.

 

 

სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. მცხეთის მუნიციპალიტეტში დაზღვეულია 132 ჰა ფართობი.

 

 

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განხორციელდა 12 პროექტი. მცხეთის მუნიციპალიტეტში 63 ჰა-ზე ნუშის, ვაშლის ახალი ბაღი შენდება.

 

 

დღევანდელი მდგომარეობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც ჯამში გაერთიანებულია 97 ფერმერი.

 

 

კოოპერატივებში ჯამურად მოზიდულია დამატებითი 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის კაპიტალი.

 

 

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა, რომელიც 80 ჰა ფართობზე განთავსდა.

 

 

საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია. ამ ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათ კვლევას ახორციელებს. ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს უფასოდ გადასცა.

 

 

სოფელ მუხრანში აშენდა 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა წილკანში კი, 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.

 

 

28 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

მიმდინარეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.

 

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს მცხეთაში, თიანეთსა და ყაზბეგში.

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში დაფუძნდა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, სადაც განხორციელდა სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი გათვლილია 1000 სტუდენტზე. მოდულურ პროგრამებთან ერთად კოლეჯში დაინერგა დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები მეხილეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

 

 

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 63 სოფლის ექიმი და 83 ექთანი ემსახურება;

 

 

ახალი ამბულატორია აშენდა რეგიონის 7 სოფელში, ესენია: ლისი, ფასანაური, ჟინვალი, გორისციხე, ნაქალაქარი, წეროვანი, წილკანი.

 

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 15 ახალი ავტომობილით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არიან აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას.

 

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 2524 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 23 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის მიმდინარეობს 2 რვასართულიანი კორპუსის მშენებლობა.

 

 

საჯარო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის დაბა თიანეთსა და ყაზბეგში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები. საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფასანაურში; ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იგეგმება სოფელ მუხრანსა და დუშეთში.

 

 

ჩვენი ძალისხმევით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან იყო შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული მოქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის გამო, 2009 წლიდან ეს ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება:

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის „დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს“, რომელიც დასრულდება 2019 წელს.

 

 

სოფელ ჩარგალში „ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს“, რომლის საგამოფენო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტერიტორიის კეთილმოწყობა 2018 წელს დასრულდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს.

 

 

გაგრძელდება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები.

 

 

ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 600 000 ლარს.

 

 

ტურიზმის მიმართულებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაემატა 6 ახალი განთავსების ობიექტი, 214 ოთახითა და 441 საწოლი ადგილით.

 

 

მოხდა შშმ პირებისათვის სვეტიცხოვლის, სამთავროს დედათა მონასტრის, ანტიოქიის ტაძრის, შიო-მღვიმის მონასტრის ადაპტირება.

 

 

სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზაფხულის სეზონის ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზნით მოეწყო სამთო ველობილიკები. ეს მიზნად ისახავს ზაფხულის სეზონზე ტურისტების ნაკადის მიზიდვას.

 

 

განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წიწამურში და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, საგურამოში განხორციელდა ილია ჭავჭავაძის სტელის რეაბილიტაცია, საგურამოში კეთილმოეწყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი და ამფითეატრი.

 

 

ახლა კი რაც შეეხება მთას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს მთიანი რეგიონები შეადგენს.

 

 

იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პარლამენტში წარმატებით გავიდა და რომლის თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. ჩვენ ჩვენი ხალხი მთაში არა მხოლოდ უნდა დავამაგროთ, არამედ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბარიდან მთაში მოსახლეობის მიგრაციას.

 

 

ახლა კი მინდა მოგახსენოთ იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომელსაც მთაში ვახორციელებთ. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა - ეს გახლავთ პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა - როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა თუ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. ასე რომ, მალე პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, სრულიად ახალი გზა დააკავშირებს ერთმანეთთან.

 

 

ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს მცხეთიდან ლარსისკენ მიმავალი თანამედროვე ავტობანის მშენებლობა. დაწყებულია გვირაბის მშენებლობა დარიალის ხეობაში. სატრანზიტო ფუნქცია ამ რეგიონმა სრულფასოვნად უნდა განახორციელოს. ამისთვის, ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს თანამედროვევ სტანდარტების შესაბამისი.

 

 

ჩვენ დავიწყეთ გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა, ეს პროექტი 7 მილიონ 800 ათასი ლარი ჯდება.

 

 

აშენდება სნო - ჯუთა-როშკა- შატილი-ომალო- ხადორის ხეობა- ბაწარა -ახმეტის გზა. მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა. ეს იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გზას მრავალფუნქციური დანიშნულება აქვს, დასრულდა თიანეთისა და ჟინვალის შემაერთებელი გზის მშენებლობა.

 

 

მიმდინარეობს კობისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა, რომელიც ყაზბეგს და სტეფანწმინდას გუდაურთან დააკავშირებს და ამ მიმართულებას ერთიან, დიდ ტურისტულ კომპლექსად გადააქცევს. ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი, ეს იქნება ერთიანი დიდი ტურისტული ზონა, რომელიც გააერთიანებს სტეფანწმინდასა და გუდაურს.

 

 

დაბა გუდაურში დაფუძნდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა.

 

 

როგორც ხედავთ, ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და განხორციელებული რეფორმები თითოეული ოჯახის მდგომარეობაზე აისახოს. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი პარტიული ორგანზაციის მაქსიმალური კონსოლიდაცია. სწორედ ამისთვის ტარდება ეს კონფერენცია.

 

 

რა თქმა უნდა, ქვეყანაში გამოწვევა ბევრია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აირჩია და რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს იმ სანუკვარ მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის შექმნა, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. ეს არის პირველი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. აქ თითოეული ადამიანის, თითოეული აქტივისტის როლი ნამდვილად შეუფასებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი აგური დადო იმ წარმატების მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციით, კიდევ უფრო გააქტიურებით, პარტიული ორგანიზაციების მშენებლობით, თვითმმართველობების როლის გაძლიერებით.

 

 

მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები ცენტრიდან რეგიონებში, რაიონებში გადაინაცვლებს. ადამიანები რეგიონებში, ადგილზე გადაწყვეტენ,, რა პროექტები დააფინანსონ და მათ ექნებათ საამისო ფინანსური რესურსი.

 

 

ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება.

 

 

დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც 18 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი ტრაექტორია განსაზღვრა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხლ მოვიგონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაში ძალიან დიდია თითოეული იმ ადამიანის როლი, რომელიც ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ იმყოფება, იმ გულანთებული აქტივისტებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მაშსტაბით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების წარმატებას აშენებენ.

 

 

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ის ადამიანები შევარჩიოთ, რომლებიც იქნებიან ლიდერები ადგილზე და ყველაზე კარგად მოიტანენ რეგიონის ხმას პარტიის ცენტრალურ ორგანოებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომლის გაძლიერებაც რაიონებიდან, რეგიონებიდან იწყება და დღეს აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ.

 

 

ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი