„საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ამის წინაპირობა იქნება „Fitch“-ის საკრედიტო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება.
„ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც - დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.
რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.
რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის დაძლევაზე.
რა არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ Fitch-მა მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?! ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ.
ეს განპირობებულია ჩვენს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით და აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია. რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები. ასევე ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 ადგილზეა და ჩვენ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა ვართ.
ჩვენი ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.
Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.
Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა - საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.
Fitch-ის შეფასება და საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეულ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევ კრიტიკაზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და ეს არის კონკრეტული ფაქტი.
ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად. დღევანდელი დღის მოცემულობით, სწორედ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აუწიეს. საკრედიტო რეიტინგი საქართველოს გაუუმჯობესეს იმ მთავარი არგუმენტის ფონზე, რომ შარშან სწორედ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ყველაზე მდგრადი დამოკიდებულება საგარეო პრობლემებისა და შოკების მიმართ.
საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მართლაც ტიტანური შრომა გასწია იმისთვის, რომ საქართველოს ამ წარმატებისთვის მიეღწია. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.