მინდა მივმართო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მზაობა განაცხადა პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად და ეს მისი რეაგირება ყველაზე ადექვატური პასუხი იყო, რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოჭში გაკეთებულ რეპლიკაზე.
შეგახსენებთ, რომ სოჭში ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, პუტინმა უპასუხა, - "თუ მას სურვილი ექნება, რატომაც არაო". სრულიად განსხვავებული კომენტარები გააკეთეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა წევრებმა, რომლებიც თვლიან, რომ - "თურმე, ასეთი შეხვედრის მომზადებას დიდი დრო დაჭირდება", და მას "აუცილებლად შედეგი უნდა მოჰყვეს, აბა ისე რა აზრი აქვსო", ჩვენთვის "მიუღებელია შეხვედრა შეხვედრისთვისო", მოკლედ, ლამის ამ პირველივე შეხვედრიდან "რუსეთის მხრიდან დეოკუპაციის დაწყებას" ითხოვენ და ა.შ... რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები "კარგად ისმინება", მაგრამ, განა არ იცით, რომ ამ ურთულეს საკითხთან მიმართებაში, ბანალური "პოლიტჭეშმარიტებების ქადაგებით" შედეგი როგორც არა გვაქვს, ისევე არ გვექნება?!..
საქმე ის არის, რომ ეს კონკრეტული "შემთხვევა" არასტანდარტულ სიტუაციას ჰგავს, რომელიც სწრაფ ანალიზს და ოპერატიულ პოლიტიკურ მოქმედებას მოითხოვს, კარგად გათვლილი ტაქტიკური სქემის მიხედვით!.. ამასთანავე, ორ სახელმწიფოს შორის დიპურთიერთობების არ ქონის პირობებში, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად და რა გარემოში მოხდება ეს პირველი კონტაქტი პირველ პირებს შორის, ხანგრძლივი, 6 წლიანი გაწყვეტილი კავშირების და უაღრესად დაძაბული პერიოდის შემდეგ!..
პუტინის რეპლიკის ("წამოცდენა" გამორიცხულია!) "თარგმნას" და დეტალურ განხილვას არ შეუდგები, მაგრამ მისი ეს რეპლიკა "მიპატიჟებას" ჰგავდა და სწორედ ახლა, ქ. სოჭში!.. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვისაც მისაღები ქალაქია, მითუმეტეს ოლიმპიადის დროს, რადგანაც "ოლიმპიური საზეიმო" განწყობა აშკარად ეტყობა რუსეთის ხელმძღვანელებს ( "კონტაქტისთვის" ეს კარგია!) და არც ის დაგვავიწყდეს, რომ სოჭი ქართველებისთვის ბევრად უფრო "მშობლიური" ქალაქია, ვიდრე მოსკოვი ან პეტერბურგი!.. ოლიმპიადა 23 თებერვალს დაიხურება, ანუ 10 დღე რჩება... მიმაჩნია, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრისათვის შეიძლება დიდი ხნის მანძილზე აღარც გამოჩნდეს, პრესტიჟის და ღირსების შელახვის მომიზეზებით კი, კიდევ ხანგრძლივი დროით გაიჭიმება მათი შეხვედრის ორგანიზება!
ამიტომ, პრეზიდენტ პუტინის "რეპლიკა-მიპატიჟებას" პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "უნდა უპასუხოს" შემდეგნაირად, - საქართველოს პრემიერი (შეიძლება პრეზიდენტი მარგველაშვილიც, თუ რუსეთის პრემიერი მედვედევი მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში) მოკლევადიანი (1 დღე), არაოფიციალურ გაცნობით ვიზიტად ეწვევა ქ.სოჭს!.. ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სოჭში ეს ვიზიტი არაოფიციალური იქნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის წინადადებაა პრეზიდენტ პუტინისადმი, რომ რუსულ-ქართული მცირერიცხოვანი დელეგაციების (აბაშიძე-კარასინის "ფორმატიც იახლეთ ანგარიშით") შეხვედრა გაიმართოს, ქ.სოჭის ზონაში შემავალი ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში!..
დიახ, დღეს საქართველოს მართლმადიდებელ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული კარგი ურთიერთობები ყველასთვის ცნობილია. ისიც მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების მთლიანობას და ურღვევობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, განსხვავებით რუსეთის სახელმწიფოსგან, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის!..
ამიტომაც ავღნიშნე ჩემს წინა სტატიაში, რომ აგვისტოს ომის შემდგომი შეხვედრა ქართველ და რუსს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შორის, მართებული იქნება ყოველმხრივ თუ გაიმართება ქართველი და რუსი სასულიერო პირების, მეუფეების მონაწილეობით!.. დიახ, ეს "ფორმატი" საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად უშუალო და თუ გნებავთ გულწრფელ ვითარებაში, რუსებმაც და ქართველებმაც "სათქმელი" უთხრან ერთმანეთს... და ერთიც, კადნიერებაში ან ფარისევლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ - სოფელ პლასტუნკის, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, ქართველი და რუსი ეპისკოპოსების მიერ გადახდილი ერთობლივი პანაშვიდიც, 2008 წლის აგვისტოს ომში (და არამარტო) დაღუპული ქართველი და რუსი ახალგაზრდების სახელზე, პოლიტიკური ხელმძღვანელობის სინანულის, მონანიების, პატიების, ურთიერთშენდობის და ქართულ-რუსული ახალი ურთიერთობების დასაწყისად შეიძლება გადაიქცეს, რაც საფუძველი გახდება საქართველოს გამთლიანებისა, აფხაზ და ოს თანამემამულეებთან შერიგებისა და თანაცხოვრებისა - ერთიან საქართველოში!!..
P.S. გთხოვთ, ბატონო ირაკლი, არ გაუშვათ ეს შანსი!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.