კორონავირუსით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქალბატონი ვართუი სარკსიანი ჩივთქილისის საჯარო სკოლას 30 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. იგი 50 წელი, თავის მეუღლესთან, შაქრო ხაჩატურიანთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 2019 წლის ნოემბერში მან პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მანამდე კი, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა, ბიოლოგიაში გამოცდაზეც საჭირო კრედიტ-ქულა მიიღო და 69 წლის ასაკში უფროსი მასწავლებელი გახდა.

ჩივთქილისის საჯარო სკოლა, მას შემდეგ რაც ძველი შენობა დაინგრა, სწორედ ქალბატონი ვართუი სარკსიანის დიდი ძალისხმევით გარემონტდა, ფაქტობრივად, ყველაფერი ახლიდან გაკეთდა.
2019 წლის ნოემბერში, GUARDIAN.GE-ის შეკითხვაზე - რამდენად მკაცრი და მომთხოვნი იყო პედაგოგებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ? - ქალბატონმა ვართუი სარკსიანმა უპასუხა, რომ მკაცრი არის, თუმცა სამართლიანი.

„შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ მკაცრი ვარ და დიახ, მართლაც ვარ მკაცრი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამავე დროს ძალზე მეგობრულიც ვარ, ჩემმა თანამშრომლებმა ეს იციან. მიყვარს დისციპლინა და რაც მთავარია, სამართლიანობა. შეძლებისდაგვარად თანაბრად და სამართლიანად ვანაწილებ საათებს და მათ ეს იციან და აფასებენ ამას.
„ყოველთვის შევდივარ ჩემი თანამშრომლების მდგომარეობაში. მათი გასაჭირი ჩემი გასაჭირიცაა და მათი სიხარული ასევე ჩემი სიხარულია. ჩვენ ძალიან შეკრული და მეგობრული კოლექტივი ვართ და ყველას გაცნობიერებული აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, განაცხადა ვართუი სარკსიანმა.
ვართუი სარკსიანს მისი კოლეგები იხსენებენ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, შეუპოვარ და კეთილშობილ ადამიანს, დისციპლინირებულ და სამართლიან ხელმძღვანელს.
როგორც დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ევა კალაჩიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, ვართუი სარკსიანის მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან.

(წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი)
„მე და ქალბატონი ვართუი ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. განსაკუთრებით დავუახლოვდით ერთმანეთს გასულ წლებში, ქუთაისში, დირექტორების 3-თვიან ტრენინგზე მონაწილოებისას. მაშინ ჩვენ, 3 თვის განმავლობაში, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და კიდევ უფრო მეტად ახლოს გავიცანი იგი და მისი დიდებული პიროვნება. ის იყო მაღალი დონის პროფესიონალი, დიდსულოვანი პიროვნება, ძალზე კეთილშობილი, ამავე დროს იშვიათი ხმის პატრონი, საუკეთესოდ მღეროდა, და საერთოდ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი მსგავსი ადამიანები ძალზე იშვიათად იბადებიან. უაღრესად გულნატკენი ვართ, მე და ჩემი კოლეგები, წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ პედკოლექტივს ასეთ მძიმე დანაკლისს. გუშინ, ამ ამბის გაგებამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მთელი ღამე ვერ დავიძინე...“ - უთხრა GUARDIAN.GE-ის ევა კალაჩიანმა.

სამძიმრის განცხადებები გამოქვეყნდა სოციალურ ქსელშიც.

„ამბობენ, სკოლა მეორე ოჯახი არისო და გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი. ძალიან მტკივნეულია ისეთი ადამიანის დაკარგვა, როგორიც ვართუი სარკსიანი იყო.
ჩვენი შვიდწლიანი ურთიერთობა, უბრალო თანამშრომლობაზე ბევრად მეტი იყო... ვერ წარმომედგინა, რაიმე თუ დაამარცხებდა იმდენად ძლიერი, ენერგიული და შეუპოვარი ადამიანი იყო. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. მისგან ყოველთვის ძლიერ და უპირობო მხარდაჭერას ვგრძნობდი, რის გარეშეც ძალიან გამიჭირდება ჩემი საქმიანობის გაგრძელება... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. მის მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვილებს გაძლიერებასა და მხნეობას ვუსურვებ.
უფრო მეტად გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი“, წერს „ფეისბუქზე“ ანა ძიძიგური, ჩივთქილისის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

(სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიან - ხელმარცხნივ და ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანა ძიძიგური - ხელმარჯვნივ)
„ვიზიარებ ოჯახის ტკივილს! ოჯახმა, სოფელმა და სკოლამ დაკარგა „თავი“ ქალი, ძლიერი, მტკიცე და დაუღალავი! უფალმა მიიბაროს ქალბატონი ვართუის სული!“ - რევაზ მარგიანი, ჩივთქილისის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.